თურქეთში მიწისძვრით დაზარალებულ ქართველებს, რომლებსაც საქართველოში დაბრუნება სურთ, თურქეთში საქართველოს საელჩო დაეხმარება, – ამის შესახებ თურქეთში საქართველოს ელჩმა, გიორგი ჯანჯღავამ საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში განაცხადა.
„იგეგმება მოქალაქეების დახმარება. გუშინ გვქონდა სატელეფონო საუბარი მინისტრთან. მივიღეთ დავალებები, ხვალისთვის გაცხადდება უფრო კონკრეტული სქემა, რას აპირებს საელჩო საქართველოს მოქალაქეებთან მიმართებით. მთავარია, მოხდეს ლოკალიზება. იყო შემთხვევები, როცა მათ ჰქონდათ გამოსვლის სურვილი, მაგრამ შემდგომში დარჩენის გადაწყვეტილებას იღებდნენ. ისინი ცდილობენ, თურქეთისთვის ასეთ ტრაგიკულ მომენტში არ მიატოვონ ახლობლები, მეგობრები, ის ოჯახები, რომლებშიც ისინი მუშაობდნენ“, – განაცხადა გიორგი ჯანჯღავამ.