თუშეთის გზაზე სტიქიის დროს ჩარჩენილი ყველა პირი თავს კარგად გრძნობს, – ამის შესახებ თუშეთის გამგებელმა ლადო კახოიძემ განაცხადა.
მისი თქმით, 10 მწყემსთან და საგზაო სამსახურის 6 თანამშრომელთან დაკავშირება მოხერხდა და ისინი უსაფრთხო ადგილზე იმყოფებიან.
კახოიძე განმარტავს, რომ გზაზე არსებული ვითარების უკეთ შესასწავლად,ვერტმფრენის გამოყენებაა საჭირო.
„გარკვეული პერიოდი მათთან დაკავშირება ვერ ხერხდებოდა, თუმცა, გვიან ღამით თვითონ გამოვიდნენ კავშირზე და გვითხრეს, რომ უსაფრთხო ადგილზე იმყოფებიან. მთავარია სტიქიის დროს არავინ დაშავებულა. ახლა კი ვერტმფრენით შემოვლა და დაზიანებული მონაკვეთების ნახვაა საჭირო. ვფიქრობ, უახლოეს საათებში შევძლებთ გაფრენას და იქ დარჩენილებს ადგილზე მოვინახულებთ. საჭიროების შემთხვევაში კი მათი ბარში ჩამოსაყვანად შესაბამისი ზომები იქნება მიღებული“, – აცხადებს ლადო კახოიძე.
თელავის და ახმეტის მუნიციპალიტეტებში უხვი ნალექის შედეგად მდინარეები ადიდდა. მდინარე სტორმა და ალაზანმა ჯებირები გაარღვია და მიმართულება შეიცვალა. ასევე თუშეთის მიმართულებით რამდენიმე მონაკვეთზე სრულად არის განადგურებული გზა.