თუთა, საქართველოში, ახლო აღმოსავლეთის ქვეყნებიდან მოხვდა. ირანსა და ავღანეთში საკმაოდ გავრცელებულია და ყველა ეზოში ხარობს. აღმოსავლეთში, ამ მცენარის ნაყოფი, ფართოდ გამოიყენება კულინარიაში. მცენარის ნაყოფსა და ფოთლებს კი ოდითგანვე იყენებდნენ სხვადასხვა დაავადებების სამკურნალოდ. თუთაში ვიტამინებისა და ადამიანის ორგანიზმისთვის სასარგებლო ელემენტების შემცველობა ნამდვილად შთამბეჭდავია. ორგანული მჟავები, A, C, B1, B2, PP ვიტამინი, ბეტაკაროტინი, კალიუმი, კალციუმი, ნატრიუმი.
სასარგებლო ნივთიერებებით ასე მდიდარი შემადგენლობა, თავისთავად მოწმობს, რომ თუთა იმუნიტეტის ასამაღლებელი მძლავრი ბუნებრივი საშუალებაა. თუთის წვენს ანთების საწინააღმდეგო თვისებები აქვს. მისი გამოყენება სასურველია როგორც პროფილაქტიკისთვის, ასევე ინფექციური და გრიპოზული დაავადებების სამკურნალოდ. თუთა შარდმდენი და კუჭის მოქმედების მასტიმულირებელი თვისებებით გამოირჩევა. ეს მნიშვნელოვანია მათთვის, ვისაც საჭმლის მომნელებელი სისტემისა და თირკმელების დაავადებები აწუხებს. გასახდომად და ორგანიზმიდან შლაკების გამოსადევნად, თუთის ნაყოფი გაცილებით ხელმისაწვდომია. თუთა მათთვისაც მისწრებაა, ვისაც ნერვული სისტემის დაავადებები აწუხებს. მისი გამოყენება შესაძლებელია სტრესის, ნერვული აშლილობის, დეპრესიისა და სხვა ნერვული პრობლემების დროს.
ფიზიკური და გონებრივი გადაღლილობის დროს, თუთის ეფექტურობა უკვე დიდი ხნის წინ დადასტურდა. თუთის ნაყოფი ასევე აქტიურად გამოიყენება შარდის შეუკავებლობის, დიაბეტის, თავბრუსხვევის, ყურებში ხმაურისა და ჰიპერტონიის დროს. თეთრი თუთის ნაყოფს განსაკუთრებით წარმატებით იყენებენ ყაბზობის მკურნალობისას. აღსანიშნავია, რომ დაავადებებთან ბრძოლაში, თუთის არა მხოლოდ ნაყოფია ეფექტური, არამედ ფოთლები, ხის ქერქი და ფესვებიც კი.
თუთის ფოთლების ნახარში ბრონქიტისა და ფილტვების ანთების სამკურნალოდ გამოიყენება. ანგინის შემთხვევაში ნახარშს ყელში ივლებენ, თუთის ფოთლების ნაყენს კი დიაბეტის დროს სისხლში შაქრის დონის დასაწევად იყენებენ. თუთის ფოთლებისგან დამზადებული ნაყენების, ნახარშებისა და კრემების მეშვეობით ეგზემას, რევმატიზმსა და კანის ტუბერკულოზს მკურნალობენ. თუთის დაუმწიფებელი ნაყოფი გულძმარვის შეტევას ხსნის, მწიფე კი ეფექტურია მოწამვლის დროს. რაც შეეხება თუთის გადამწიფებულ ნაყოფს, სწორედ ის გამოიყენება კუჭის მოქმედების მასტიმულირებელ და შარდმდენ საშუალებად.