„TV პირველის“ ოპერატორის მიმართ განხორციელებული ძალადობის ფაქტზე ორი პირი დააკავეს. ინფორმაციას სპეციალური საგამოძიებო სამსახური ავრცელებს.
მათივე ცნობით, 2022 წლის 18 ივნისს, 23:15 საათზე, ქალაქ ბათუმში, 6 მაისის პარკის მიმდებარე ტერიტორიაზე, „TV პირველის“ ოპერატორი პროფესიულ მოვალეობას ასრულებდა – რესპოდენტთან ერთად პირდაპირი ჩართვისთვის ემზადებოდა, რა დროსაც მასთან ბრალდებულები მივიდნენ და „TV პირველის“ საქმიანობასთან დაკავშირებით აგრესიული საუბრითა და გინებით უკმაყოფილება გამოთქვეს. აღნიშნულის შემდეგ, ოპერატორსა და ბრალდებულებს შორის სიტყვიერი შელაპარაკება და ფიზიკური დაპირისპირება დაიწყო. ბრალდებულებმა ოპერატორს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს და შემთხვევის ადგილიდან მიიმალნენ.
„ჩვენს მიერ, უმოკლეს დროში გატარებული ოპერატიული და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, მოპოვებული მტკიცებულებების საფუძველზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 156-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის, რაც გულისხმობს ადამიანის დევნას მის პროფესიულ მოღვაწეობასთან დაკავშირებით, ბრალდებულის სახით დაკავებული იქნა 2001 წელს დაბადებული ორი მოქალაქე.
სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა, აღნიშნულ საქმეზე გადაუდებელი საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები ჩაატარა. გამოიკითხნენ დაზარალებული ოპერატორი და რესპოდენტები, დაინიშნა სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზა, მოძიებული და გამოკითხული იქნენ ფაქტის თვითმხილველი პირები, მოხდა შემთხვევის ადგილის დათვალიერება. სასამართლოს განჩინების საფუძველზე, კერძო და საჯარო ობიექტებიდან გამოთხოვილი იქნა შემთხვევის ადგილზე და მიმდებარე ტერიტორიაზე განვითარებული მოვლენების ამსახველი ვიდეო კამერის ჩანაწერები – მთლიანობაში 8 საათიანი მონაკვეთი, მოხდა მათი შესწავლა, დამუშავება და დანაშაულში მხილებული პირების იდენტიფიცირება.
ჟურნალისტების უფლებების და მათი პროფესიული საქმიანობის დაცვა სპეციალური საგამოძიებო სამსახურის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია“, – წერია გავრცელებულ ინფორმაციაში.