LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

თვალშისაცემია ავტორთა მიკერძოებულობა – გიორგი მიქაუტაძე TI-ის კვლევას ეხმიანება

145

მართლმსაჯულების ხარისხის მაჩვენებლების გაუმჯობესების ფონზე, შეუსაბამოდ გამოიყურება და გარკვეულ ეჭვებს აჩენს კვლევის შედეგები, რომლის თანახმადაც საზოგადოების ნდობა სასამართლოსადმი შემცირებულია და საზოგადოების აზრით სასამართლოში კორუფციის რისკები არსებობს, – ამის შესახებ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივანმა, გიორგი მიქაუტაძემ, „საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს“ კვლევის საპასუხოდ განაცხადა, რომელიც სასამართლო სისტემაში კორუფციის რისკებს ეხება.

მიქაუტაძემ ბრიფინგზე კვლევასთან დაკავშირებით იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრთა უმრავლესობის, მათ შორის მოსამართლე წევრების მოსაზრებები წარმოადგინა.

“აშკარა და თვალშისაცემია ავტორთა მიკერძოებულობა. სასამართლოში კორუფციის რისკების დასასაბუთებლად არ არის წარმოდგენილი არც ერთი დადასტურებული ფაქტი და მტკიცებულება. კვლევა შეიცავს მითითებას ერთეულ შემთხვევებზე, რომლებიც გადა იმისა რომ დაუდასტურებელია, არ შეიძლება იქნეს განზოგადებული. ფაქტებისა და მტკიცებულებების არარსებობა განაპირობებს კვლევის განმახორციელებელი სუბიექტების მიერ ისეთ შეფასებებს, რომლებიც არ შეესაბამება სინამდვილეს და მხოლოდ მათ მოსაზრებად შეიძლება იქნეს მიჩნეული. მხედველობაში გვაქვს მოსაზრებები მოსამართლეთა გავლენიან ჯგუფებზე, მოსამართლეების მიმართ სასამართლოს თავმჯდომარეთა ზეგავლენაზე, სასურველი კონტაქტებით საქმეების გადაწყვეტის შესაძლებლობაზე და ა.შ. ამასთან, შეფასებები გაკეთებულია 7 ადამიანთან ჩატარებული ინტერვიუების საფუძველზე, რომელთა ვინაობა (გარდა უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის) კონფიდენციალურია და აჩენს ეჭვებს მათ მიუკერძოებლობასთან დაკავშირებით. წარმოუდგენელია 7 ადამიანის გამოკითხვით ობიექტური ინფორმაციის მიღება სასამართლო სისტემაზე, სადაც საანგარიშო პერიოდში ასობით ათასი საქმეა განხილული. გაურკვეველია, რა კრიტერიუმით შეირჩა კვლევაში მონაწილეობის მისაღებად თბილისის საქალაქო სასამართლოს ყოფილი თავმჯდომარე, რომლის სუბიექტური შეფასებები და მოსაზრებები თითქმის ყველა საკითხს შეეხება“, – განაცხადა მიქაუტაძემ.

მისივე თქმით, კვლევაში მითითებული გარკვეული საკითხები შეეხება არა უშუალოდ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს და ზოგადად სასამართლო სისტემის საქმიანობას, არამედ არსებული საკანონმდებლო რეგულაციების ხარვეზებს, რომლებითაც ხელმძღვანელობს სასამართლო სისტემა.

„თუ კვლევის ავტორები მიუთითებენ საკანონმდებლო დანაწესის ხარვეზებზე, აღნიშნულის მოწესრიგება შესაძლებელია მხოლოდ საკანონმდებლო ცვლილების განხორციელებით და არ შეიძლება შეფასდეს როგორც სასამართლოს საქმიანობის ხარვეზი. ანგარიშში მითითებული საკითხების უმეტესობა შეეხება საკანონმდებლო ცვლილებების განხორციელების საჭიროებას, რაც განეკუთვნება საქართველოს პარლამენტის კომპეტენციას“, – აცხადებს მიქაუტაძე.

magti 5g