LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“თვეში 360 ლარად ყიდულობ სიკვდილს” – ლადო კახაძის აზრით, თამბაქოს მოწევისთვის სანქცია მოქალაქეებისთვის პატარა ეკონომიკური ალიყურია

196
1

“მეც ვეწეოდი, დიდ რაოდენობას, ერთ დღეში გადავაგდე, გონებით. ადრე ექიმი ვიყავი და რჩევას ვაძლევდი, ახლა როგორც კანონმდებელი, მწეველს ვეხმარები, თამბაქო გაადააგდოს.” – ასე გამოეხმაურა ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე ლადო კახაძე “თამბაქოს კონტროლის შესახებ” კანონში შესატან ცვლილებებს, რომლის მიხედვითაც ტაქსიში თამბაქოს მოწევა იკრძალება.

ტაქსიში თამბაქოს მოწევა იკრძალება – მოწევა აიკრძალება ავტომობილშიც, თუკი ავტომობილით არასრულწლოვანის გადაყვანა ხდება

კახაძემ ყურადღება გაამახვილა დახურულ სივრცეში თამბაქოს აკრძალვაზეც, რომლის შესახებ კანონიც 2017 წელს ამოქმედდა და იმ სარგებელზეც ისაუბრა, რომელიც ამ კანონმა საზოგადოებას მოუტანა:

“2017 წლიდან, მას შემდეგ, რაც დახურულ სივრცეში თამბაქოს აკრძალვის შესახებ კანონი ამოქმედდა, თქვენ ვერ ნახავთ ვინმეს, ვინც დახურულ შენობაში თამბაქოს ეწევა. შიგნით გაუჯდა უკვე ადამიანს ეს. ქართველმა იგრძნო ეს პასუხისმგებლობა. თქვენ ვერ ნახავთ, რომ სამასპინძელო ბიზნესის რომელიმე ადგილას – სასტუმრო იქნება, რესტორანი, სადმე ვინმე ეწეოდეს და გახსოვთ, ხომ როგორი შემოტევა იყო, ბიზნესი ჩავარდებაო? ტურისტები მადლობას გვეუბნებიან, სუფთა გარემოში ვართ ის პერიოდი, რაც თქვენთან ვართო. რამდენი გულსისხლძარღვთა სისტემა გადარჩა დაავადებას, რამდენი განმეორებითი ინფაქტი ავიცილეთ, ჰემორაგიული ინსულტი ავიცილეთ და ეს ყველაფერი ჩვენი ერთობლივი თანხმობის შედეგია.

წელიწადში მწეველთა რაოდენობა 1%-ით იკლებს, ეს მოკრძალებული ციფრია, ეს არის მათი გადაწყვეტილება. ერთმა ჩემმა ახლობელმა 360 ლარს ვხარჯავ თვეში თამბაქოზეო, ეს პენსიაზე მეტია. 360 ლარად ყიდულობს სიკვდილს. 360 ლარი რომ გადავანაწილოთ ხაჭოზე, C ვიტამინის შემცვლელ პროდუქტზე, ხორცზე, ხილზე. 360 ლარი ერთ ადამიანზე, ხომ წარმოგიდგენიათ, როგორ წინ წავა ჩვენი ჯანმრთელობა და როგორ სწორად? და გარდა ამისა, ის ფული გადავანაწილოთ დასვენებასა და სპორტულ გაჯანსაღებაზე.

წარმოგიდგენიათ, რამხელა რესურსი გვემატება? ის კარგი და საღი პროდუქტის რეკლამაში ჩაიდება. ცხოვრების ჯანსაღი წესის მოტივატორი გახდება. ეს ფული დაიხარჯება, იქნება ღირსეული ფული, არა მოკვდინებისთვის, ტყუილი შეთავაზების ფული, არამედ კარგი საქმისთვის. მეც ვეწეოდი დიდ რაოდენობას, ერთ დღეში გადავაგდე, გონებით. ადრე ექიმი ვიყავი და რჩევას ვაძლევდი, ახლა როგორც კანონმდებელი, ვეხმარები მწეველს, რომ თამბაქო გაადააგდოს და სანქციაც არის პატარა ეკონომიკური ალიყური.” – განაცხადა კახაძემ.

შეგახსენებთ, ტაქსიში თამბაქოს მოწევა აიკრძალება. თამბაქოს მოწევა აიკრძალება ავტომობილშიც, თუკი ავტომობილით არასრულწლოვანის გადაყვანა ხდება. ამასთან დაკავშირებით “თამბაქოს კონტროლის შესახებ” კანონში ცვლილებების პროექტი ინიცირებისთვის მზად არის, რომელიც პარლამენტის ბიუროს უახლოეს სხდომაზე წარედგინება.

magti 5g