LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ტყეების დეგრადირების პრობლემაა, ხეები იკარგება – შემცირდა თუ არა საქართველოში ტყის მოცულობა

1492
54525218-1738741366272183-563496891736653824-o

მსოფლიო მედიას თუ გადავხედავთ, ვნახავთ, რომ ცნობილი საერთაშორისო გამოცემები გარემოს პრობლემებზე, კლიმატურ ცვლილებებზე, ეკოლოგიაზე თითქმის ყოველდღე წერენ. ეს ის პრობლემაა, რომელიც დღეს მთელ სამყაროს აწუხებს.

საქართველო ამ მხრივ გამონაკლისი არაა. ქუჩაში, სოციალურ ქსელში ლამის ყოველდღე ვწუწუნებთ ხეების სიმცირეზე, მეტ ჰაერს და სიმწვანეს ვითხოვთ, ჰაერის დაბინძურების პრობლემებზე ვმსჯელობთ. დღეს მთელი მსოფლიო სწორედ ხის დარგვის საერთაშორისო დღეს აღნიშნავს. 22 ოქტომბერი 1874 წელს დაარსდა. იდეის ავტორი კი ამერიკელი ბოტანიკოსი და იმ პერიოდის სოფლის მეურნეობის მინისტრი სტერლინგ მორტონი იყო. მას სურდა, გარემოს პრობლემებზე საზოგადოების ყურადღება ამ გზით მიექცია.

 

სწორედ ამიტომ, რადიო “ფორტუნამ” გადაწყვიტა ამ მხრივ საქართველოს მდგომარეობა გაეგო, გვაქვს თუ არა ეკოლოგიური თვალსაზრისით კატასტროფული მდგომარეობა.

ჩვენ ეროვნული სააგენტოს უფროსის მოადგილეს დავუკავშირდით, რომელმაც გვითხრა, რომ საქართველო, ზოგადად, ტყით მდიდარ ქვეყნად ითვლება.

ნათია იორდანიშვილი ამბობს, რომ თანამედროვე სამყაროში ინფრასტრუქტურული განვითარების, მოსახლეობის ზრდის პარალელურად გარემოს პრობლემები სულ უფროდაუფრო მწვავდება.

“ამ ფონზე ჩვენ ვითვლებით ტყით მდიდარ ქვეყნად. ტერიტორიების 40% ტყითაა დაფარული. ჩვენი ტყეები უნიკალურია, რადგან ეს ბუნებრივი ტყეებია, რითიც ევროპა ვეღარ დაიკვეხნის. უკანასკნელი ხელუხლებელი ტყეებია”, – აცხადებს იორდანიშვილი.

“ფორტუნას” კითხვაზე, ბოლო წლების განმავლობაში როგორ იცვლებოდა ტყით დაფარული ადგილების მოცულობა, იორდანიშვილმა გვიპასუხა:

– თუ მეკითხებით, შემცირდა თუ არა მათი ოდენობა, ანუ ვგულისხმობ ტყეების კარგვას, საბედნიეროდ ამის პრობლემა არ გვაქვს. ახლა თუ ქვეყნის ტერიტორიის 40%-ია ტყით დაფარული, წლების წინ ეს მაჩვენებელი დაახლოებით 38%-38,5% იყო.

თუმცა ზუსტი ინფორმაციის მიღება ტყის ინვენტარიზაციით შეიძლება, რომელიც 1997 წლის შემდეგ შეწყდა და 2013 წელს განახლდა. დიდი ხნის განმავლობაში, გვახსოვს იყო ხეების უსისტემო ჭრა, არ ხდებოდა აღრიცხვა. ე.წ. სოციალური ჭრა იყო, ანუ მოსახლეობა მარაგდებოდაა შეშით. ამან ტყეების დეგრადაცია გამოიწვია, დაიკარგა სახეობები. მას სათანადო მოვლა სჭირდება.

 

რატომ არ ტარდებოდა წლების განმავლობაში ტყეების აღწერა?

ხშირ შემთხვევაში, თუნდაც ფინანსები ყოფილიყო, ქვეყანაში კადრი აღარ იყო, ვინც ამ სამუშაოებს შეასრულებდა. საერთაშორისო სპეციალისტები ვერ იმუშავებდნენ ეფექტიანად, თუნდაც იმიტომ რომ უამრავი სხვა სახეობაა, რაც ევროპაში არ არის. 40% რაც ვახსენე, ის 2003 წლის ინფორმაციაა, არსებობს დოკუმენტი, სადაც ტყის ფონდის ერთიანი აღრიცხვის მაჩვენებელია და მას ვეყრდნობით.

ეს ნიშნავს, რომ შეიძლება ახლა შემცირებული იყოს ტყის მოცულობა? თუნდაც ხანძრები რომ გავიხსენოთ…

ხანძრებს რაც შეეხება, ჩვენ ისეთი მასშტაბების ხანძრები არ გვქონია. ყველაზე მასშტაბური იყო 2008 წელს ომის შემდეგ, როდესაც 950 ჰექტარი განადგურდა, უფრო სწორად, სრულად 250 ჰა განადგურდა, დანარჩები კი დაზიანდა, შემდეგ იყო 2017 წელს.
ყოველ წელს ხანძრების 60-70 შემთხვევა გვაქვს, მაგრამ დიდი ტერიტორიები არ ნადგურდება. ჩვენ უფრო გადაჭარბებული ექსპლუატაციის გამო გვაქვს ხეების დაკარგვის პრობლემა.

ამ ფონზე, როგორ ცდილობს მთავრობა ეკოლოგიური მდგომარეობის გაუმჯობესებას, კონკრეტულად რას აკეთებს?

ტყის აღდგენის ღონისძიებები, ძირითადად, დონორების მიერ ფინანსდებოდა. 2014 წლიდან მცირე რაოდენობით სახელმწიფომაც დაიწყო.
არსებობს კლიმატის ჩარჩო კონვენცია, რომლის თანახმად, 2030 წლამდე საშუალოდ წელიწადში თითო ქვეყანამ 150 ჰექტარი მაინც უნდა აღადგინოს ან გააშენოს. ბოლო 3 წელია ამას ორმაგად ვუსწრებთ, ანუ 300 ჰექტარს ვაჭარბებთ.
აუცილებლად უნდა ვთქვა, რომ მომწონს კერძო კომპანიების ჩართულობა. ჩვენ ყოველთვის მხარს ვერ ვუჭერთ ხოლმე ასეთ პროექტებს, იმიტომ რომ გვინდა, სპეციალისტების მეთვალყურეობით მოხდეს, განსაზღვრული სახეობებით და ა.შ.

გასაგებია ეს ღონისძიებები, მაგრამ ფაქტია, დიდ ქალაქებში, განსაკუთრებით თბილისში სულ გვესმის პრეტენზიები, ხე აღარ დატოვეს, ვერ ვსუნთქვავთ და ა.შ. ამ მხრივ რა რესურსი აქვს თბილისს?

ქალაქში ამის პოტენციალი არის. მე არ მაქვს დეტალური ინფორმაცია, რა ფართობები აქვს მერიას თავისუფალი, თუმცა ვფიქრობ, რამდენიმე თუნდაც პარკის გაფართოების შანსი, გამწვანების შესაძლებლობები არსებობს. გლდანის შიგნით, დიღომში არის ურბანული გამწვანებები მთავარია, ამის შენარჩუნება.

ხომ არ ფიქრობთ, რომ არსებული გამწვანებული ადგილების მოვლის პრობლემაა და შესაბამისად, თვალში არ გვხვდება ეს გამწვანება?

თბილისის შემთხვევაში ორივე პრობლემა გვაქვს. ერთი მხრივ, ყველგან მშენებლობაა, ყველა ამაზე საუბრობს, შემცირდა ადგილები, სადაც მწვანე ნარგავები შეიძლებოდა ყოფილიყო, მეორე, რაც თქვენ აღნიშნეთ – მოვლაა.
აღდგენას, რეკონსტრუქციას დიდი მნიშვნელობა აქვს. ავიღოთ ურბანული გამწვანებები, გზის გამყოფები, მერიამ ბოლო წლებია რაღაცები დაიწყო, შეიძლება ძველი ტერიტორია იყოს და ახალი არაფერი იყოს დარგული, მაგრამ მოვლილია და ვხედავთ, რომ იქ გამწვანებაა.

 

ნათია იორდანიშვილი ჩვენთან საუბარში ამბობს, რომ საქართველოში კატასტროფული მდგომარეობა არაა, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ თავი დავიმშვიდოთ.

“ახლა არის ქმედებების დრო. მნიშვნელოვანია, თანმიმდევრული ქმედებები. შეიძლება გეგმა არ გქონდეს, მაგრამ უნდა იცოდე საით მიდიხარ. აქამდე იყო სუბიექტური, მოკლე ვადაში გადაწყვეტილი ქმედებები”, – ამბობს იორდანიშვილი.

მან ხაზი გაუსვა ტყის კოდექსში ცვლილებების შეტანის მნიშვნელობას და აღნიშნა, რომ ახალი პროექტით ბევრი ისეთი რამ იქნება გათვალისწინებული, რაც ქვეყანას ეკონომიკურ სარგებელს მოუტანას. 

ტყის კოდექსის შეცვლილ ვარიანტს პარლამენტი მეორე მოსმენით ნოემბერში განიხილავს.

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g