ტყიბულში, მინდელის სახელობის შახტში დაშავებული ოთხი პაციენტი ამ დრომდე კლინიკაში რჩება, – ამის შესახებ დამწვრობის ცენტრის ხელმძღვანელმა გუგა ქაშიბაძემ განაცხადა.
მისი თქმით, დაშავებულთაგან ორი დამწვრობის ცენტრის რეანიმაციულ განყოფილებაში იმყოფება, რადგან მათი მდგომარეობა საკმაოდ მძიმეა.
„ერთ-ერთს სხეულის 50 პროცენტი, ხოლო მეორეს 25 პროცენტიანი დამწვრობა აღენიშნება. რაც შეეხება კიდევ დანარჩენ ორ პაციენტს, ისინი შედარებით მსუბუქი დამწვრობებით დამწვრობის ცენტრის სხვადასხვა განყოფილებაში გადიან მკურნალობას,“ – განაცხადა ქაშიბაძემ.
დამწვრობის ცენტრის ხელმძღვანელის თქმით, უცნობია, როდის დატოვებენ საავადმყოფოს ტყიბულში დაშავებულები.
შეგახსენებთ, მინდელის შახტში მომხდარ შემთხვევას გუშინ ოთხი ადამიანი ემსხვერპლა, დაშავებულია ექვსი ადამიანი.