LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ტყის უიარაღო მცველი ბრაკონიერების წინააღმდეგ: დღეს ტყის საერთაშორისო დღეა

1558

მეტყევე კობა სილაგაძე საკუთარი სამცველო ტერიტორიის შემოვლას დილის 7 საათზე იწყებს. ამბობს, რომ ბრაკონიერები სწორედ ადრიანი დილის საათებში ცდილობენ ტყეში შეშის მოჭრას და ფარულად გატანას.  ბრაკონიერები  უიარაღო მეტყევეს გარეულ ცხოველებზე არანაკლებ სირთულეებს უქმნიან. ბრაკონიერები ასევე საფრთხეს წარმოადგენენ, ქართული ტყის ბიომრავალფეროვნებისთვის.

ეროვნული სატყეო საგენტოს ინფორმაციით, მარტო გასულ წელს ხე-ტყის უკანონოდ ჭრის 3000-ზე მეტი შემთხვევა დაფიქსირდა.

პროფესია, რომელიც საპასუხისმგებლოსთან ერთად სახიფათოცაა, ფიზიკურ ამტანობასაც მოითხოვს.

ბორჯომის ხეობის მცველს, ზაფხულის სიცხესა და ზამთრის სიცივეში ყოველდღიურად, ტყის სიღრმეში 20-30 კილომეტრის გავლა ფეხით უხდება.

კობა სილაგაძის მსგავსად, საქართველოში 2 772 000 კვ/კმ ტყეს 562 ტყის მცველი იცავს.

 

21 მარტი ტყის საერთაშორისო დღეა.

1971 წელს, გაეროს ინიციატივით, 21 მარტი ტყის საერთაშორისო დღედ აღიარეს. ამ დღის ძირითადი ამოცანა პლანეტის მოსახლეობის სატყეო ეკოსისტემების მნიშვნელობის გაცნობიერების ამაღლებაა. ამ დღეს მსოფლიოს ბევრ ქვეყანაში ტყის დასაცავად სხვადასხვა აქცია და ღონისძიება ტარდება.

 

 

საქართველოში ტყის მასივს საერთო ტერიტორიის 40% უკავია და ბიომრავალფეროვნებით გარემოსდაცვითი ორგანიზაციების მიერ დედამიწის 25 ”ცხელ წერტილს” შორის სახელდება.

 

საქართველოს ტყეში ველურად იზრდება 400-მდე სხვადასხვა სახეობის ხე და ბუჩქი, რომელიც გაერთიანებულია 123 ბოტანიკურ გვარსა და ოჯახში, აგრეთვე აღწერილია ამ სახეობათა 182 ფორმა და 91 ვარიაცია, მათ შორის: ხეების -153 სახეობა; ბუჩქების – 202 სახეობა და ლიანების – 11 სახეობა.

 

აღსანიშნავია, რომ მსოფლიო ბოტანიკურ ლექსიკონში ხის ორი სახეობა ქართული სახელწოდებით არის შესული – ძელქვა (Zelkova carpinibolia (Pall) C. Koch.) და ლაფანი (Pterocarya pterocarpa (Mchx). Knth.

ველურად მოზარდი 153 სახეობიდან სიმაღლის მიხედვით მაღალტანიანია (25 მეტრზე მეტი) 51 სახეობის ხე.

 

 

საქართველოს ტყემ ბრაკონიერობისა და ტყის მავნებლების გარდა ოკუპანტი ქვეყნის აგრესიაც გადაიტანა. 2008 წელს ბორჯომის ხეობაში გადამწვარი 1100 ჰექტარი ტყე დღემდე აღდგენის პროცესშია. სანერგე მეურნეობებში გამოყვანილი 151 ათასი სოჭისა და ფიჭვის ნერგი უკვე გადარგულია გადამწვარ ტერიტორიაზე.


ტყის რესურსის განადგურება არა მარტო საქართველოში, მთელ მსოფლიოშიც ერთ-ერთ ურთულეს გლობალურ პრობლემად მიიჩნევა. დედამიწაზე ტყის მასივის ფართობი ჯამურად 4 მილიარდ ჰექტრამდეა და მათ შორის უდიდესი, ამაზონის ჯუნგლები, ცხრა ქვეყნის ტერიტორიას მოიცავს. სწორედ დედამიწის ფილტვებად წოდებული ამაზონის ტროპიკების უკონტროლოდ გაჩეხვას უკავშირებენ გარემოსდაცვითი ორგანიზაციები გახშირებულ სტიქიურ უბედურებებს, კლიმატის ცვლილებას და გლობალურ კატასტროფებს.

 

თამუნა გოგუაძე

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g