LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ტყით სარგებლობის წესები მკაცრდება

84

ტყით სარგებლობის წესები მკაცრდება. სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიერ მომზადებულ შესაბამის საკანონმდებლო პაკეტს მთავრობა დღევანდელ სხდომაზე დაამტკიცებს.

როგორც პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა, აღნიშნული ცვლილებები მინიმუმამდე შეამცირებს ტყით უკანონო სარგებლობის შემთხვევებს.

„პარლამენტში მთავრობის დამტკიცებისას განვაცხადე, რომ ჩვენ ვიწყებთ უკომპრომისო ბრძოლას ტყით უკანონო სარგებლობასთან დაკავშირებით. ლევან დავითაშვილმა მოამზადა ძალიან მნიშვნელოვანი ცვლილებები, რომელიც მნიშვნელოვან წილად აწესრიგებს ტყის გამოყენების წესებს, ამკაცრებს მას და ორგანიზებული ტყითსარგებლობის განვითარებას ნერგავს ჩვენს ქვეყანაში. ახალი წესები უზრუნველყოფს ტყისთვის მიყენებული ზიანის შემცირებას, ხელს უწყობს მდგრადი ტყის განვითარების პროცესს ქვეყანაში, მოემსახურება ორგანიზებული ტყით სარგებლობის განვითარებას, დააზღვევს უსაფრთხოების წესების დარღვევით გამოწვეული უბედური შემთხვევების რიცხვს და მნიშვნელოვანწილად შეამცირებს ტყით უკანონო სარგებლობის შემთხვევებს“, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

გიორგი კვირიკაშვილის თქმით, ეს საკითხი მხოლოდ და მხოლოდ ერთი სამინისტროს პრეროგატივა არ არის და ადგილობრივი ხელისუფლებების, ასევე, ძალოვანი უწყებების კოორდინებულ მუშაობას საჭიროებს, რათა ტყით უკანონო სარგებლობას ბოლო მოვუღოთ.

ამასთან, პრემიერის თქმით, მარტივდება და ხელმისაწვდომი ხდება ტყეში არსებული ნარჩენით სარგებლობა.

„ტყიდან ხე-ტყის ნარჩენის ათვისება და გამოტანა დასაშვები იქნება მყარი ბიოსაწვავის ბრიკეტების, პელეტების და სხვა წარმოების მიზნით და ეს ხელს შეუწყობს ტყეების სანიტარული მდგომარეობის გაუმჯობესებას, ჩახერგილობის პრობლემებს მოაგვარებს და ასევე, ხანძრის პრევენციისთვის არის ძალიან მნიშვნელოვანი“, – განაცხადა კვირიკაშვილმა და დასძინა, რომ ძალიან ბევრი მუნიციპალიტეტი უკვე იწყებს გადასვლას ტყის ნარჩენებისგან დამზადებული ბიოსაწვავით სარგებლობაზე, რაც მთელი ქვეყნის მასშტაბით უნდა განხორციელდეს.

„ეს მნიშვნელოვანწილად დაზოგავს ტყის ჯანსაღ რესურსს ქვეყანაში და ტყის აღდგენას შეუწყობს ხელს. ძალიან ბევრს ვმუშაობთ, რომ ის ზიანი, რაც გასული წლების განმავლობაში მიიღო ჩვენმა ქვეყანამ – ზოგჯერ ავბედობით, ზოგჯერ დანაშაულებრივი ქმედებებით – გამოვასწოროთ და ჩვენს მომავალ თაობებს არ დავუტოვოთ ეს მემკვიდრეობა. ასევე მნიშვნელოვანია, რომ აღარ მოხდება სოციალური წრის ფარგლებში პირველი ხარისხის, ანუ სამასალედ გამოსაყენებელი ხე-ტყის გაცემა პირდაპირ ტყიდან. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ საშეშე რესურსის დამზადებასაც უზრუნველყოფს სამინისტროს ეროვნული სატყეო სააგენტო და საბიუჯეტო ორგანიზაციებისთვის აღნიშნული რესურსი ხელმისაწვდომი იქნება პირდაპირი მიყიდვის გზით“, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

მისი თქმით, ცვლილებები ამ ეტპაზე არ ეხება მოსახლეობის შეშით მომარაგების არსებულ მექანიზმს.

პრემიერ-მინისტრმა ასევე ისაუბრა ტყით უკანონო სარგებლობის შემთხვევებზე და აღნიშნა, რომ ფანტაზიები ამ სფეროში უსაზღვროა.

„ინოვაციური ფანტაზიები ამ სფეროში ჩართული ადამიანების არის უსაზღვრო. რაც მე ვნახე, ყველანაირ მოლოდინს გადააჭარბა: ბენზიმზიდებში ჩაწყობილი მასალა, სასწრაფო დახმარების მანქანაში უკანონოდ ჩაწყობილი მასალა, ვითომ მომაკვდავი პაციენტი გადაჰყავთ და სხვა. ამ ადამიანების ამორალურობას ზღვარი არა აქვს. ჩვენ ვიქნებით დაუნდობელი, ყველა მათგანს მოუწევს პასუხისგება კანონის წინაშე და ამას ვერაფერი შეცვლის, იმიტომ რომ სამინისტროს და ძალოვან უწყებებს უმაღლესი დონის მხარდაჭერა აქვთ, რომ ეს ქმედებები განახორციელონ“, – დასძინა პრემიერ-მინისტრმა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g