ტელეწამყვანი მერიკო კარტოზია ტელეკომპანია იმედის გადაცემის, „სიცრუის დეტექტორის“ სტუმარი იყო.
გადაცემის წამყვანის კითხვაზე -„მილიონდოლარიან კომპენსაციაზე უარის თქმა გინანიათ?“, ტელეწამყვანმა დადებითი პასუხი გასცა:
„ეს გადაღება მიმდინარეობდა ამერიკაში, გადაღების დროს ეტლიდან გადავყირავდით. აღმოვჩნდით ხრამში და მივიღე ძალიან დიდი დაზიანება. გავიარე ორი ურთულესი ოპერაცია, სიკვდილს ჩავხედე თვალებში. არავინ არ იცოდა რამდენად გადავრჩებოდი უცხო ქვეყანაში. 6 ადგილას გადამტყდა ფეხი. ურთულესი პერიოდი გავიარე… ვერ გადავადგილდებოდი დახმარების გარეშე. უცებ გაჩერდა ჩემს ცხოვრებაში ყველაფერი…
ჩემი რესპონდენტი იყო ამერიკაში მოღვაწე ქართველი ბიზნესმენი, სტიქაროსანი, ძალიან ბევრი კომპანიისა და ობიექტის მფლობელი. თავად მართავდა ეტლს, ვერ დაიმორჩილა ცხენი და წამებში გადავტრიალდით…
მე უარი ვთქვი ჩემი რესპონდენტისგან მილიონდოლარიან კომპენსაციაზე, რადგან არ გამოდიოდა კომპენსაციის აღება მისი საწინააღმდეგო ჩვენების დაწერის გარეშე.
მე რა თქმა უნდა ამ ყველაფერს ხელი არ მოვაწერე და არ ვუჩივლე ჩემს რესპონდენტს.
ეს ადამიანი ჩემი ცხოვრებიდან გაქრა, დაიკარგა არადა ჩემი მკურნალობის ხარჯები მთლიანად დაფარა შტატმა…
აღმოვჩნდი გაკვირვებული, ამ ადამიანისთვის პიარისა და კარგის მეტი არაფერი გამიკეთებია, არც ვაპირებდი მის საწინააღმდეგოდ ჩვენების დაწერას, თუმცა 4 ადვოკატი დამდევდა ერთად და მეუბნებოდნენ, ოღონდ ხელი მოაწერე, შენ არ იცი რამხელა ფულს კარგავ და რამდენ დოლარიანია ეს ქეისი…
ამ ადამიანს ჩემთვის არაფერი გადაუხდია, საერთოდ გაქრა, მოგვიანებით დავურეკე, ვუთხარი, რომ მისი ნახვა მინდოდა, დავუსვი კითხვა, რატომ დაიკარგე, ასე რატომ მომექეცი და მან მიპასუხა – მე მეგონა მაინც მიჩივლებდი, კომპენსაციას მოითხოვდი და ამიტომ დავიკარგეო…
ძალიან გამჭირდა ამ ყველაფრის გადახარშვა ადამიანურად… მე უკვე მას ვაპატიე, მაგრამ არ შეიძლება ასე, აი, ამას ვეტყოდი…“ – ამბობს კარტოზია.