მთავრობამ მუდმივი ბინადრობის არმქონე უცხო ქვეყნის მოქალაქეებს კურიერებად, ტაქსის მძღოლებად და გიდებად მუშაობა აუკრძალა – ამის შესახებ ირაკლი კობახიძის მიერ ხელმოწერილ დადგენილებაში წერია, რომელიც შრომით იმიგრანტებსა და თვითდასაქმებულ უცხოელებზე შრომითი საქმიანობის უფლების გაცემის წესს ამტკიცებს.
დადგენილების მიხედვით, მუდმივი ბინადრობის ნებართვის არმქონე უცხოელს, რომელიც საქართველოში კურიერად, მძღოლად ან მომსახურების სფეროში მუშაობას გეგმავს, სჭირდება „შრომითი საქმიანობის უფლება“, რომელსაც გასცემს დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტო.
თუმცა, კვოტირების მექანიზმის ფარგლებში რამდენიმე პოპულარულ სფეროში კვოტა ნულოვანია. №3 დანართის მიხედვით:
- საკურიერო მომსახურება – კვოტა 0;
- მგზავრების გადაყვანა (ტაქსი/ტრანსპორტი) – კვოტა 0;
- გიდების სერვისი – კვოტა 0.
კანონის მე-6 მუხლის თანახმად, სააგენტო ვალდებულია უარი თქვას ნებართვაზე, თუ პროფესია კვოტირებულ სიაშია და ლიმიტი ამოწურულია. ნულოვანი კვოტის პირობებში ნებართვის მიღება შეუძლებელია.
მე-5 მუხლის „ზ“ პუნქტი გამონაკლისს უშვებს მაღალკვალიფიციური კადრებისთვის, რომელთა დარიცხული ხელფასი 15 000 ლარს აღემატება, თუმცა აღნიშნული პროფესიები ამ კატეგორიაში არ ხვდება.
გარდამავალი ვადები:
- თვითდასაქმებულებზე (კურიერები/მძღოლები) აღსრულების მექანიზმი გავრცელდება 2026 წლის 1 მაისიდან;
- უკვე რეგისტრირებულ იმიგრანტებს სტატუსის მოსაწესრიგებლად ვადა აქვთ 2027 წლის 1 იანვრამდე.
იმ სფეროებში, სადაც კვოტა დაშვებულია (მაგალითად, სამთო გამყოლები – 200 ადგილი), მომსახურება ფასიანია:
- სტანდარტული განხილვა (30 დღე) – 200 ლარი;
- დაჩქარებული განხილვა (10 სამუშაო დღე) – 400 ლარი.
სააგენტო ვაკანსიის წინასწარი გამოქვეყნების ვალდებულებისგან ათავისუფლებს საერთაშორისო კომპანიებსა და ინოვაციურ სტარტაპებს, განათლების სფეროში საერთაშორისო ექსპერტებს და იმ პოზიციებს, სადაც ხელფასი 15 000 ლარზე მეტია და მოითხოვს უმაღლეს განათლებას.
წყარო: BMG.
