მცირეალკოჰოლიანი არომატული სასმელი, რომელსაც სვიის მომწარო გემო დაჰკრავს – შავი და თეთრი, გაფილტრული და გაუფილტრავი, ჩამოსასხმელი და ბოთლის, უცხოური და ადგილობრივი… ლუდის არჩევანი დიდია, თუმცა, ამ სასმელის მოყვარულები, ძირითადად, მაინც უფრო ადგილობრივი წარმოების და იმპორტირებული ლუდის მოყვარულებად იყოფიან.
ფსიქოლოგიური ფაქტორი თუ ობიექტური მიზეზები – რა განაპირობებს არჩევანს?
რამდენიმე წელია ლუდის ქართულ წარმოებაში უცხოური ბრენდის სახელებიც გამოჩნდა. თუ ეტიკეტს დააკვირდებით ნახავთ, რომ ისინი არა სადმე ევროპაში, არამედ საქართველოში ჩამოასხეს, თუმცა, ევროპული დანადგარებით და ტექნოლოგიით. თუმცა, მომხმარებელთა ნაწილი ლიცენზირებულსა და იმპორტირებულ უცხოურ ლუდს შორის იმპორტირებულს ირჩევს.
„ბარში შესული რამდენიმე წუთშიც გამოვბრუნებულვარ, რადგან უცხოური ლუდი არ ჰქონიათ“, – ამბობს ერთ-ერთი მომხმარებელი „ფორტუნასთან“ და დარწმუნებულია რომ უცხოურ იმპორტირებულ ლუდს „სხვა გემო აქვს“.
კიდევ ერთი მომხმარებელი ამბობს, მის არჩევანს, შესაძლოა, არა ობიექტური, არამედ ფსიქოლოგიური განწყობა განაპირობებდეს.
„მაგალითად, ავიღოთ პირობითად ლუდი „გეთაყვა“, ჩეხეთში ნაწარმოები და შემოტანილი მირჩევნია, აქ იგივე ტექნოლოგიით დამზადებულ იმავე ლუდს. თუმცა, არის არა ლიცენზირებული, 100%-ით ქართული ლუდი, რომელიც ძალიან მომწონს“, – ამბობს ირაკლი ჭიჭინაძე და დასძენს, რომ ლუდის შეძენისას ყოველთვის კითხულობს ეტიკეტს შეფუთვაზე, სადაც მითითებულია დამზადების ადგილი და შენახვის ვადა.
მომხმარებლის მხრიდან არჩევანის გაკეთებისას ფსიქოლოგიური ფაქტორის გავლენაზე საუბრობს „ფორტუნასთან“ კომპანია “ზედაზენის” გაყიდვების მენეჯერიც.
„განსხვავება იმპორტირებულსა და აქ ნაწარმოებს შორის ისაა, რომ აქ ლუდი იწარმოება ქართულ წყალზე, ძალიან ხარისხიანი პროდუქტი გამოგვდის ზოგადად. ფსიქოლოგიური მომენტია, რომ უცხოეთში ნაწარმოები უკეთესია, ვიდრე ადგილობრივი, მაგრამ რეალურად ჩვენი ქარხანა ევროპული დონისაა, ევროპული დანადგარები გვაქვს და ევროპული ტექნოლოგიებით ვმუშაობთ. ჩვენს წყალზე კი რეალურად მართლა ძალიან კარგი პროდუქტი გამოდის. ესეთი რომ არ გამოდიოდეს, ასეთი მსოფლიო დონის ბრენდები არ მოგვცემდნენ ლიცენზიას, რომ მათი პროდუქცია გვეწარმოებინა“.
მისივე თქმით, მათ მიერ წარმოებულმა ლუდმა ქართულ ბაზარზე ამავე დასახელების უცხოური ლუდი მთლიანად ჩაანაცვლა და პროდუქტი ფართო მასებისთვის ხელმისავწდომიც გახადა.
„ჩვენი შეთანხმებიდან გამომდინარე ლუდის სახეობებს, რომელსაც ვაწარმოებთ, თავისი ჩამოსასხმელი ლუდი არ შეაქვთ ბარებსა და რესტორნებში, შესაბამისად, ჩამოსასხმელი აქ ყველგან ადგილობრივი წარმოებისაა. მაღაზიებშიც ფაქტობრივად ჩავანაცვლეთ ადგილობრივად ნაწარმოებით“.
“ფორტუნა” იმ რესტორნებსსაც დაუკავშირდა, რომლებიც სტუმრებს უცხოურ იმპორტირებულ ლუდს სთავაზობს. როგორც HB-სა და „სტაროპრამენში“ გვითხრეს, მათ ლუდით იმპორტიორი კომპანია ამარაგებთ.
ლუდის იმპორტიორ კომპანია beers Georgia- ში კი ამბობენ, რომ ლუდის იმპორტი ყოველ წელს იზრდება. კომპანიის გაყიდვების მენეჯერ რომან პაიკიძის თქმით, თვეში დაახლოებით 12 კონტეინერი ჩამოაქვთ.
რომან პაიკიძე ამბობს, რომ აქ წარმოებულსა და იმპორტირებულს შორის სხვაობა არის და ამას მომხმარებელი თავად მიხვდება.
„აქ წარმოებულსა და ორგინალს შორის სხვაობა არის და პირველ რიგში ეს ხარისხში ჩანს. არის ლუდები დავუშვათ გერმანული სახელწოდების, რომელიც ჩვენთან საქართველოში იწარმოება. ფასებიც განსხვავებულია“, – ამბობს რომან პაიკიძე და მყიდველს ეტიკეტის წაკითხვას ურჩევს.
იმპორტირებულს ვსვამთ თუ ლიცენზირებულს?
კიდევ ერთი მომხმარებელი „ფორტუნასთან“ ჰყვება, რომ ერთ-ერთ მარკეტში აქციის ფარგლებში უცხოური დასახელების ლუდი შესთავაზეს და მოგვიანებით რომ არ ეთქვათ, რომ საქართველოშია ნაწარმოები, შესაძლოა, შეეძინა და ამის შესახებ არ შეეტყო, რადგან ეტიკეტს არ წაიკითხავდა.
ლუდის იმპორტიორ კომპანია beers Georgia- ს გაყიდვების მენეჯერი რომან პაიკიძე მომხმარებელს ეტიკეტის წაკითხვას ურჩევს, სადაც წვრილი ასოებით, თუმცა, მაინც გარკვევით წერია, სად არის ლუდი ჩამოსხმული.
„როცა საქმე ეხება რესტორანში ჩამოსასხმელი ლუდის შეკვეთას, ამ შემთხვევაში გარჩევა იმპორტირებულს და ორიგინალს გვასმევენ, თუ ადგილზე წარმოებულს, ცოტა რთულია, ამიტომ მომხმარებელი უნდა ერკვეოდეს. თუ ვერ ვერკვევით რესტორნის კეთილსინდისიერების იმედად უნდა ვიყოთ“, – ამბობს რომან პაიკიძე.

როგორ მივხვდეთ ლუდი ნაღდია თუ არა
„ამსტერდამში, „ჰეინეკენის“ მუზეუმში ვარ ნამყოფი, სადაც დღემდე ლუდსახარშიც ფუნქციონირებს. იქ გვითხრეს, რომ დალევისას, ნაღდი ლუდი კათხაზე ქაფის სწორ ზოლებს ტოვებს. მას შემდეგ, სულ ვაკვირდები აქ საქართველოში, მაგრამ ჯერ მაინც და მაინც სწორი ზოლები ვერ აღმოვაჩინე…“ – გვითხრა ერთმა-ერთმა ლუდის მოყვარულმა.
თაკო ივანიაძე






