უკრაინელი ტურისტები, რომლებმაც სამშობლოში დაბრუნება ვერ შეძლეს, ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის კერძო სექტორთან კოორდინაციით სასტუმროებში სრულიად უსასყიდლოდ განთავსდებიან. სასტუმროებში განთავსება დღეს დილიდან დაიწყო.
„მინდა უდიდესი მადლობა გადავუხადო ქართველ ხალხს ასეთი მასპინძლობისთვის. ჩვენ საქართველოში 17 თებერვლიდან ვიმყოფებით. უმძიმესი დრო უდგას უკრაინას და საქართველომ ასე გვიპატრონა, მადლობას ვუხდით საქართველოს მთავრობას, რომელიც 24 საათის განმავლობაში ხაზზეა, გვკითხულობს, გვეხმარება. ქართველ ხალხს ასეთი თანადგომისთვის“, – აცხადებს უკრაინელი ტურისტი ტატიანა მარჩენკო.
„17 თებერვალს ჩამოვედით საქართველოში, ამ მართლაც დალოცვილ ქვეყანაში წმინდა ადგილების მოსალოცად. გუშინ ღამე უნდა დავბრუნებულიყავით სამშობლოში, სამწუხაროდ ჩვენს ქვეყანაში ომია, დაკეტილია საზღვრები. უდიდესი მადლობა მინდა გადავუხადო საქართველოს, რომელმაც შეგვიფარა, თავს ვგრძნობთ როგორც სახლში. სამწუხაროდ, არ ვიცით უკრაინაში დაბრუნებას როდის შევძლებთ, იმედია, მშვიდობა მალე დაისადგურებს“, – აცხადებს ღვთისმშობლის ტაძრის წინამძღვარი კიევიდან მამა ლონგომოზი.
ცნობისთვის, ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ გუშინ დილიდან აამოქმედა უფასო ცხელი ხაზი, სადაც საჭიროების შემთხვევაში, უკრაინელი ტურისტებს შეუძლიათ დარეკონ და ყველა სახის ინფორმაცია და დახმარება მიიღონ.
ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციას დახმარების თხოვნით უკვე მიმართა 100-მდე უკრაინელმა ტურისტმა. ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის კოორდინაციით, კერძო სექტორმა, თითქმის მთელი ქვეყნის მასშტაბით, გამოთქვა სურვილი სრულიად უსასყიდლოდ დაუთმოს სასტუმრო უკრაინელ ტურისტებს.