LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„უდიდესი საჩუქარია სამყაროსგან, როცა ამდენ ადამიანს უყვარხარ და პატივს გცემს“- მანანა თოდაძე

19
todadze

30 მარტს, რადიოს „არ დაიდარდო“ მომღერალი მანანა თოდაძე სტუმრობდა. გადაცემაში „საღამოს შოუ ლაშა რამიშვილთან“ სიმღერის „ვისია“ პრემიერა შედგა. რადიოს მსმენელმა სიმღერების „ტანგო“ და „გემი“ ცოცხალი შესრულებაც მოისმინა.

ქალბატონო მანანა, როგორ ინარჩუნებთ აქტუალურობას და პოპულარობას?

-ალბათ, იმით ვინარჩუნებ პოპულარობას, რომ ძალიან მიყვარს ჩემი საქმე, ასევე ძალიან მიყვარს ადამიანები და არასდროს არავისი მშურს. მიხარია ყველაფერი, გათენება, მზის ამოსვლა, მიხარია, რომ ჩემს გარშემო ყველა კარგად და ჯანმრთელად არის და ალბათ, ეს მაძლევს დიდი სტიმულს. მართალია, ამ ეტაპზე ჩვენს გარშემო რაც ხდება, ძალიან სამწუხაროა, მაგრამ ცხოვრება გრძელდება. ვფიქრობ, ყველამ უნდა ვიზრუნოთ საკუთარ ჯანმრთელობაზე, კეთილდღეობაზე და  სიცოცხლეზე. გრძელდება ცხოვრება და უნდა ვიცხოვროთ, უფლება არ გვაქვს, რომ ხელები ჩამოვყაროთ და არაფერი ვაკეთოთ, ეს არასწორი იქნება. ყველამ უნდა გავაგრძელოთ ჩვენი საქმიანობა. მინდა, ყველა კარგად და ბედნიერად იყოს.

 -ძნელი იყო თქვენი პროფესიული გზის გავლა?

-ეს არის ძალიან რთული გზა. რა თქმა უნდა, მქონია მომენტები, რომ დავცემულვარ, შემდეგ ავმდგარვარ და ისევ გამიგრძელებია გზა. მთავარი ის არის, რომ მე არასოდეს ვბრაზდები სხვაზე თუ რამე მემართება, მხოლოდ საკუთარ თავს ვადანაშაულებ, ვეძებ თუ რაში დავუშვი შეცდომა. ერთადერთი რასაც მივხვდი, მე ჩემი გზა უნდა გავაგრძელო, რაც არ უნდა მოხდეს. უფალი ყოველთვის მეხმარება, მე ამას ვგრძნობ და არ ვჩერდები, მიუხედავად იმისა, რომ ძალიან რთული პერიოდები გადავიტანე. უფალმა დიდი ძალა მომცა, რომ გამეგრძელებინა ჩემი ცხოვრება და შემოქმედებითი გზა.

-ალბათ, ხალხის სიყვარულიც ამიტომ არ განელებულა თქვენს მიმართ…

-ეს არის საოცრება, უდიდესი საჩუქარია სამყაროსგან, როცა ამდენ ადამიანს უყვარხარ და პატივს გცემს. მე ბედნიერი ვარ ამით და ალბათ, ის მისია დამაკისრა უფალმა, რომ 3-4 წუთიანი სიმღერით ჩემი საყვარელი მსმენელი გადავიყვანო მუსიკის სამყაროში და ამ წუთების განმავლობაში საერთოდ დავავიწყო რამე ცუდი თუ ხდება ირგვლივ. მე ამ ყველაფერს ძალიან დიდი სიყვარულით და მონდომებით ვაკეთებ. მინდა, ჩემი შინაგანი სამყარო დავანახო მსმენელს.

-იყავით პროექტის „ივერია“ ერთ-ერთი ვარსკვლავი და უამრავი სიმღერა და შემოთავაზება გქონდათ პროექტს გარეთაც. როგორ უმკლავდებოდით ამხელა დატვირთვას?

-ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ არ გავჩერდე. მე ახლაც არ ვჩერდები და მით უმეტეს, იმ პერიოდში არ ვჩერდებოდი, როცა ახალგაზრდა ხარ, სტიმულიც მეტია. ზოგჯერ, დღეში 3-4 სპექტაკლი მქონდა. ყველაფერს, რომ თავი დავანებოთ „ივერია“ ეს იყო ვარსკვლავების ანსამბლი, ამას სულ ვამბობ და არ დავიღლები გამეორებით. 13 წევრი ვიყავით და აბსოლუტურად ყველა ვითავსებდით რამდენიმე როლს და სიმღერას. „ივერია“ ერთი დიდი ოჯახი იყო, იყო დიდი თანადგომა, სიყვარული, კოლეგიალობა და ეს იყო მთავარი მამოძრავებელი ძალა. ეს დიდი სიყვარული და შემართება ბუთხუზ ბასილაიასგან და ჯემალ ბაღაშვილისგან მოდიოდა, ისინი იყვნენ ჩვენი ხელმძღვანელები.

-ამდენი ხნის განმავლობაში ხმა არ შეგცვლიათ. როგორ ახერხებთ ამას, როგორ უვლით ხმას ?

-ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს სწორად სიმღერას, რომ ყელს არ დააწვეს არასწორი ბგერა და ხმა არ დაკარგო. თუ სწორად მღერი და სწორ ბგერებს წარმოთქვამ შეიძლება სიცოცხლის ბოლომდე ფორმაში გქონდეს ხმა. ძალიან დამეხმარა კონსერვატორიაც. მე ძალიან ბევრს ვმუშაობდი საკუთარ თავზე, ახლაც ვმუშაობ და მომავალშიც ვიმუშავებ. ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს თვითკრიტიკას, მე დღემდე მიჭირს იმ გადაცემების ნახვა, სადაც ვმღერი, სულ იმის შიში მაქვს, არასწორად ხომ არ გავაკეთე რამე. დღემდე საშინლად კრიტიკული ვარ საკუთარი თავის მიმართ. თუ შენ არ გააკონტროლე შენი მოქმედება, შენი ნამღერი და გამოსვლა, ეს არ იქნება სწორი და მაყურებელიც ვერ მიგიღებს ისე, როგორც საჭიროა.

-თქვენი დაწერილია სიმღერა „შენთან ყოფნა“…

-დიახ, მე ვწერდი და წიგნიც მაქვს გამოშვებული, იგავ-არაკებიც კი მაქვს დაწერილი. მინდა აღვნიშნო, რომ ჩემი იგავ-არაკის მიხედვით გაკეთდა სცენარი ანიმაციისთვის და ერთი სული მაქვს, როდის გამოვა ანიმაცია „ერთხელ ტყეში“. ჩემი ნოველის მიხედვით სცენარიც გავაკეთე სპექტაკლისთვის, სულ ახლო მომავალში დაიდგმება და ძალიან მხიარული და სასაცილო იქნება.

-დღემდე ძალიან აქტუალურია სიმღერა „ფარშევანგი“, ძალიან ბევრი ნახვა აქვს…

-ამ „ფარშევანგმა“ მომკლა, აღარ შემიძლია. ეს სიმღერა ერთადერთხელ გაჟღერდა ტელევიზიით და მერე დაიდო ალბათ „იუთუბზეც“, მეტჯერ ეს სიმღერა არ შემისრულებია. იმ პერიოდში წამოვიდა შაყირი, ეს რა სიმღერა იმღერა მანანამო, არადა გენიალური მორის ფოცხიშვილის ლექსია. ყველაზე სასაცილო ის არის, რომ ახალგაზრდობამ აიტაცა ეს სიმღერა, გაკვირვებული ვიყავი, სკოლის გამოსაშვები საღამო ისე არ მთავრდებოდა, ჩემი „ფარშევანგი“ რომ არ გაჟღერებულიყო.

 -ვის ეკუთვნის სიმღერა „ფარშევანგი“?

-ეს არის ქეთინო შიხაშვილის სიმღერა, მორის ფოცხიშვილის ლექსზე. არანჟირება ბორის შხიანს ეკუთვნის.

-როგორ შეიქმნა სიმღერა „დამიბრუნდი“?

-შეიქმნა პროექტი, მე რუსა მორჩილაძის რამდენიმე არაჩვეულებრივი სიმღერა მაქვს ჩაწერილი და ეს იყო ერთ-ერთი პირველი. ამ სიმღერაზე კლიპიც გადავიღე და ძალიან წარმატებულიც აღმოჩნდა. ძალიან ლამაზი კლიპია, დღესაც ძალიან მსიამოვნებს მისი ყურება.

-ვისაუბროთ სიმღერაზე „ჩუმად მინატრე“…

-„პრაიმ შოუმ“ გააკეთა შესანიშნავი საახალწლო პროექტი, სადაც მომღერლები ვცვლიდით სიმღერებს. მე ნინი ბადურაშვილის ეს სიმღერა შევასრულე.

-როგორ მოირგეთ ეს სიმღერა?

-მოვირგე, ჩემებურად ავაჟღერე. ყოველთვის ძალიან მომწონდა ეს სიმღერა, ნინი არაჩვეულებრივი, უნიჭიერესი მომღერალია. მიშველა იმან, რომ როკის და ჯაზის დიდი სკოლა მაქვს გამოვლილი. ძალიან დიდი მოწონება დაიმსახურა ჩემმა შესრულებამ და ძალიან ბევრი ნახვა აქვს ვიდეოს.

-დღეს გვაქვს სიმღერის „ვისია“ პრემიერა.

-ეს არის ძალიან ძველი, ჩვენი ბაბუების და ბებიების დროინდელი სიმღერის ახალი ვერსია. ეს სიმღერა ჩაიწერა ცირა ბზიშვილთან, რომელმაც შესანიშნავი ვერსია გააკეთა. ეს არის ბორის შხიანის სიმღერა, თინა ნაცვლიშვილის ლექსზე.

 

მანანა თოდაძე – ვისია

 

მანანა თოდაძე – ფარშევანგი

 

მანანა თოდაძე – ჩუმად მინატრე

 

გადაცემის აუდიოჩანაწერი

 

მანანა თოდაძე – გემი. Live

 

მანანა თოდაძე – ტანგო. Live

 

მანანა თოდაძე. “საღამოს რადიო შოუ”. ვიდეო კოლაჟი

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები