შპს ”ბებოს ნობათი” მომხმარებელს უძაფო ჩურჩხელებს სთავაზობს. ამის შესახებ ”ფორტუნას” კომპანიის გენერალურმა დირექტორმა, გელა მესხიამ განუცხადა.
მესხიას ინფორმაციით, ჩურჩხელა უძაფოდ მზადდება, შემდეგ იფუთება და სუპერ-მარკეტებში იყიდება. ”ჩვენი ჩურჩხელა კახური ტრადიციით მზადდება. თუმცა მისი პლუსი არის ის, რომ ყველა ჩურჩხელა სტანდარტული ზომისაა და თითოეული მათგანი შეფუთულია. გარდა ამისა, მათი შენახვის ვადა 9 თვეა”, – აღნიშნა მესხიამ.
მისივე განმარტებით, ჩურჩხელის რეალიზაცია ძირითადად თბილისში ხდება. უფრო კონკრეტულად, ”ფუდმარტში”, ”შპარში”, ”სმარტში”, ”გუდვილში”. ”გვაქვს კერძო შეკვეთებიც, მაგალითად, ცოტა ხნის წინ ჩვენი ჩურჩხელები ყაზახეთში გაიტანეს. უახლოეს მომავალში, ევროპაში ექსპორტსაც ვფიქრობთ, თუმცა ამისთვის დამატებითი სერთიფიკატია საჭირო და ამ მიმართულებით ვმუშაობთ”,- განუცხადა ”ფორტუნას” ”ბებოს ნობათის” გენერალურმა დირექტორმა.
როგორც გელა მესხიამ აღნიშნა, ”ბებოს ნობათში” ამ ეტაპზე 6 ადამიანია დასაქმებული. საწარმო მთელი წლის განმავლობაში მუშაობს და ზამთრის სეზონზე თვეში დაახლოებით 10 ათასამდე ჩურჩხელას ყიდის. თითო ჩურჩხელის ფასი 3 ლარია.
შპს ”ბებოს ნობათი” 2014 წელს ზუგდიდში გაიხსნა და მასში 50 ათასი ლარის ინვესტიცია განხორციელდა.