LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„უფრო გასაგებად როგორ ვთქვათ?! შეეშვით ამ ვაკე, ვერას და ლისის ფერდს! უპასუხისმგებლო მშენებლობებია! საშიშია!“ – რა ფოტოები ვრცელდება სოციალურ ქსელში

425
მშენებლობა 223

სოციალური ქსელის მომხმარებელი გივი ჭანუკვაძე წერს, რომ 7 თვის წინ, თბილისში, მარუხის გმირების ქუჩაზე საცხოვრებელი კორპუსის უკან მეწყრული პროცესები განვითარდა და დიდი რაოდენობით მიწა ჩამოიშალა. თავადვე აღნიშნავს, რომ სამხარაულის დასკვნის მიხედვით, ეს პროცესები ქუჩაზე სხვადასხვა დროს და ამჟამად მიმდინარე მშენებლობამ გამოიწვია.

„დიდი ხანია ვფიქრობდი საჯაროდ დამეწერა თუ არა ეს ყველაფერი! მაგრამ მეშვიდე თვეა რაც ამ წარმოუდგენელ უპასუხისმგებლობას ვუყურებთ მე, ჩემი და კიდევ არა ერთი ოჯახი.

ზუსტად შვიდი თვის წინ, ჩვენი საცხოვრებელი კორპუსის უკან განვითარდა მეწყრული პროცესები და ჩამოწვა ძალიან დიდი რაოდენობით მიწა.

შესაბამისი სტრუქტურების დასკვნის მიხედვით, არსებობს ძალიან მაღალი რისკი მსგავსი პროცესების ხელახლა განვითარების, რაც უზარმაზარ საფრთხეს უქმნის ამ კორპუსში მცხოვრებ უამრავ ადამიანს, მათ შორის მცირეწლოვან ბავშვებს. სამხარაულის დასკვნის მიხედვით, ეს პროცესები გამოიწვია ქუჩაზე სხვადასხვა დროს და ამჟამად მიმდინარე მშენებლობამ.

შვიდი თვეა, ეს რამდენიმე ათეული ადამიანი, ვუყურებთ, როგორ სხვადასხვა მუნიციპალური სამსახურები, ერთმანეთისკენ თითების გაშვერით არიან დაკავებულები, თუმცა საბოლოოდ ვერ დგინდება ვერც ვისი პასუხისმგებლობაა ამ პრობლემის გადაჭრა და ცხადია რაიმე ვადებზეც არ არის საუბარი. თვითმმართველობა ხელს იშვერს მშენებლისკენ, მშენებელი მერიისკენ, მერია მხრებს იჩეჩავს და ამ ყველაფერს ბოლო არ უჩანს.

ცხადია, ვცდილობთ კანონის და პროცესის ფარგლებში ვიმოქმედოთ, იმასაც ვიაზრებთ, რომ თბილისში არაერთი ავარიული სახლი და კორპუსია და არ ვითხოვთ, რაიმე განსაკუთრებულ მოპყრობას და პრივილეგიებს, უბრალოდ როგორც კანონმორჩილი, გადასახადის გადამხდელი, ამ ქალაქში მცხოვრები ადამიანები, ვითხოვთ თუნდაც რაიმე სახის პასუხს ან ვადებს ან თუნდაც უარს, რომ მერე ან საკუთარი ძალებით ან სასამართლოს გზით ვეცადოთ გამაგრებითი სამუშაოების ჩატარებას, რათა გადავარჩინოთ ჩვენი საკუთარი საცხოვრებელი ნგრევას.

ამ დროს გვესმის და ვხედავთ, თუ რამდენი რამე კეთდება ქალაქისთვის. პარკები; ავტობუსის ზოლები, ახალი სკვერები და ძველის რეაბილიტაციები.. აგერ მრგვალ ბაღს 2 წელიწადში მეორედ აკეთებენ, იქით მელიქიშვილს ამსტერდამად აქცევენ, მაგრამ აქვე პრესტიჟულ ვაკეში, ან მთა ჩამოდის ან დღეს მაგალითად საყვარელი გველი მოსრიალდა. დამამშვიდეს არ არის შხამიანიო.

რა ვიცი, ბერნზე ნაკლებ ქალაქში არ უნდა ვცხოვრობდეთ და ლორა პიანაზე ნაკლებიც არ უნდა გვეცვას წესით, მაგრამ ფაქტია, ყოველი დღე ამ ქალაქში და ქვეყანაში უკვე მხოლოდ თვითგადარჩენისთვის ვიბრძვით და მხოლოდ საკუთარი თავის და ძალების იმედად ვართ..“ – წერს გივი ჭანუკვაძე და მშენებლობის ფოტოებს აზიარებს.

სტატუსს სოციალურ ქსელში გამოეხმაურა თეა გოდოლაძე, დედამიწის შემსწავლელი მეცნიერებათა ინსტიტუტისა და სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრის დირექტორი.

„რა გითხრათ, რით გაგახაროთ?! უფრო გასაგებად როგორ ვთქვათ?! შეეშვით ამ ვაკე, ვერას და ლისის ფერდს! უპასუხისმგებლო მშენებლობებია! საშიშია!

ცუდი გეოლოგიაა! ასე გრუნტის მოჭრა და კორპუსის ჩაკვეხება არ შეიძლება! გადატვირთეთ ეს ისედაც სუსტი გრუნტი მანდ და რა გააკავებს ამხელა მთის მასივს?!“ – წერს თეა გოდოლაძე სოციალურ ქსელში.

 

 

აღნიშნულ მშენებლობასთან დაკავშირებით „ფორტუნა“ დაუკავშირდა თბილისის მერიას.

ინფორმაციას მიღებისთანავე შემოგთავაზებთ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g