კონფერენციაზე “უსაფრთხოების ახალი არქიტექტურა ევროპაში და მისი გავლენა საქართველოზე” პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის მიმართვას ოპოზიციონერი პოლიტიკოსი გიგი უგულავა ეხმიანება.
“და თქვენ რა გნებავთ ქალბატონო სალომე? ჩამოყალიბდით?!
წაიღეთ ტვინი ამ ლოზუნგებით. პრეზიდენტი ხართ და იმოქმედეთ ან დადუმდით.
სალომე ზურაბიშვილი: მთავარია ამ ახალი შესაძლებლობების და საფრთხეების ფონზე ჩვენ ვიცოდეთ, რა გვინდა და როგორ გვინდა”, – წერს უგულავა სოციალურ ქსელში.
შეგახსენებთ, დღეს პრეზიდენტმა განაცხადა, რომ ერთიანობა აუცილებელია იმისათვის, რომ საქართველო თავის ადგილზე დადგეს. ეს ერთიანობა კი საზოგადოების დაკვეთაა.
“ვერ განვსაზღვრავთ, რა იქნება რუსეთის რეაქცია მორალური მარცხის და იზოლაციის შედეგად, რომელიც შესაძლოა, განახლებული აგრესიით მიუბრუნდეს სხვა მეზობლებს, მათ შორის, საქართველოს. მთავარია ამ ახალი შესაძლებლობების და საფრთხეების ფონზე ჩვენ ვიცოდეთ, რა გვინდა და როგორ გვინდა, მთავარია ვაჩვენოთ მსოფლიოს, რომ ჩვენი არჩევანი ურყევია, ამ მიზნის ქვეშ ყველა ძალა უნდა იყოს გაერთიანებული არა მხოლოდ სიტყვით, არამედ საქმით.
პოლიტიკური ამბიციებით განპირობებული დაპირისპირება მხოლოდ ქვეყნის ინტერესებს არ ეწინააღმდეგება, საბოლოოდ პარტიების მიმართ ნდობასაც აზარალებს”, – თქვა ზურაბიშვილმა.