საპარლამენტო უმრავლესობის ყოფილი წევრი ეკა ბესელია დიმიტრი ქუმსიშვილის წინააღმდეგ დაწყებულ გამოძიებას ეხმაურება და ამ პროცესს ყოფილი პრემიერის პოლიტიკურ გეგმებს უკავშირებს.
ბესელია ამბობს, რომ ცალკე აღებული ქუმსიშვილი ხელისუფლებისთვის საფრთხე არაა. მისი თქმით, იყო ვერსია, რომ ეს ყველაფერი კვირიკაშვილი-ხაზარაძის პოლიტიკურ გეგმებთანაა კავშირში.
“ ეს ხელწერა მე ვიცი, ძალიან კარგად მახსოვს სააკაშვილის დროს როგორ ხდებოდა ამ ინსტრუმენტების გამოყენება სავარაუდო ოპონენტების ან ოპონენტების წინააღმდეგ. ან, იმ ადამიანების წინააღმდეგ, ვისი განეიტრალებაც უნდოდათ, ეს არ არის კარგი. ახლა, როდესაც 2020 წლის არჩევნებს უახლოვდება კალენდარი, ამ დროს დაიწყო ამ საქმეების გაცოცხლება”, – განაცხადა ბესელიამ.
კითხვაზე, აქვს თუ არა გიორგი კვირიკაშვილს პოლიტიკური გეგმები, ბესელია პასუხობს:
“მე მქონდა მასთან კომუნიკაცია, მაგრამ თავის პოლიტიკურ გეგმებზე არ უპასუხია. ამიტომ მგონია, რომ ძალიან მნიშვნელოვანი იქნება ახლა ეს კითხვები ხელოვნურად არ გაჩნდეს. იყო ვერსია კვირიკაშვილი-ხაზარაძის პოლიტიკურ გეგმებთან დაკავშირებითაც, თუმცა არ ვიცი, ეს რამდენად რეალურია,“- განაცხადა ბესელიამ.