LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

უკიდურესად ნაწყენი ვიყავი, რატომ მიღებდნენ თქვენი ხელისუფლების დროს ჩემს საძინებელში: გრიგოლია სააკაშვილს

231
ინგა გრიგოლია

“რატომ მიღებდნენ თქვენი ხელისუფლების დროს ჩემს საძინებელში, რომელი სამშობლოს მტერი და ჯაშუში ინგა გრიგოლია იყო, რომ მას საძინებელში კადრებს უმონტაჟებდნენ, რომელიც მერე “ქართულმა ოცნებამ”, უკვე ამათი ხელისუფლების დროს, ჩემს დასაშანტაჟებლად გამოიყენა.” – სხვა პოლიტიკურ შეკითხვებთან ერთად, ეს იყო ერთ-ერთი კითხვა, რომელიც ჟურნალისტმა ინგა გრიგოლიამ ყოფილ პრეზიდენტს, მიხეილ სააკაშვილს გადაცემა “რეაქციაში” დაუსვა. 

კითხვის საპასუხოდ მიხეილ სააკაშვილმა განაცხადა, რომ მისგან ყველა სპეცსამსახურს ჰქონდა კატეგორიული მითითება, რომ ადამიანების პირად ცხოვრებას არ შეხებოდნენ.

როგორც ყოფილმა პრეზიდენტმა აღნიშნა, აბსოლუტურად იზიარებს ჟურნალისტის აღშფოთებას, ეს მისთვის სრულიად მიუღებელია და ჩანაწერები “ქართულმა ოცნებამ” გამოიყენა, რადგან მისი პრეზიდენტობის დროს ამას ვერავინ ვერ გამოიყენებდა, და კადრების გამავრცელებლებს მაშინვე დაიჭერდნენ:

“სრული პასუხისმგებლობით მინდა გითხრათ, რომ ჩემგან, ჩვენს ყველა სპეცსამსახურს ჰქონდა კატეგორიული მითითება, რომ ადამიანების პირად ცხოვრებას არ შევხებოდით. თუ ვიღაცამ ეს დაარღვია, იმ ადამიანს აქვს თავი მოსაძრობი.

ამაში აბსოლუტურად ვიზიარებ თქვენს აღშფოთებას, ეს არის ჩემთვის სრულიად მიუღებელი, და სწორედ თქვენ თვითონ თქვით, რომ ოცნების დროს რაღაც გამოვარდა – მართალი გითხრათ, არ ვადევნებდი ამას თვალყურს, მაგრამ სხვებზე გამიგია რომ გამოვარდა (ჩანაწერები) სწორედ იმის გამო, რომ ვიღაც ნაძირალებმა ეს გააკეთეს და შემდეგ ეს ოცნებამ გამოიყენა, იმიტომ რომ ჩემს დროს ამას ვერავინ ვერ გამოიყენებდა, რადგან რომ გამეგო, რომ სადმე ეს რაღაც, ვიღაცამ გადაიღო და გამოვარდა – იქვე დავიჭერდით იმ ადამიანს, ახლა მანდ საერთოდ ეჭვი არ უნდა შეგეპაროთ.” – თქვა სააკაშვილმა.

ინგა გრიგოლიამ ყოფილ პრეზიდენტს ასევე ჰკითხა, იცოდა თუ არა, რომ ადამიანებს უთვალთვალებდნენ? ჟურნალისტის თქმით, მას 2011 წელს უთხრეს, რომ არსებობდა კადრები.

საპასუხოდ სააკშვილმა ერთ-ერთი შემთხვევა გაიხსენა:

“2006 თუ 2007 წელი იყო, მითხრეს რომ ჩვენმა სპეცსამსახურებმა იტრაბახეს, რომ გადაიღეს რუსეთის დაზვერვის აგენტის და დიპლომატის პირადი ცხოვრების კადრები.

სასწრაფოდ დავიბარე მერაბიშვილი და ვუთხარი, რომ გავიგე, რომ ასეთი რაღაც არის, მესმის, რომ გონიათ მაგარი რაღაც გააკეთეთ, ეს კადრები დაუყოვნებლივ გაანადგურეთ – და ჩვენ არასოდეს, არასოდეს, მტრებსაც კი არ ვუღებთ – და მტრები იყვნენ ესენი, რა თქმა უნდა, არ ვუღებთ პირადი ცხოვრების კადრებს. იპოვეთ სხვა საშუალება მათზე ზემოქმედების, მაგრამ პირადი ცხოვრება ჩემი მმართველობის დროს, რუსეთის ჯაშუშების მიმართაც არ იქნება გამოყენებული.

მეორე შემთხვევა იყო, როცა ისრაელის მოსადის წარმომადგენელი საქართველოდან გავაგდეთ, რადგან გადაუღო ერთ-ერთი სხვა, ისრაელის კონკურენტი ქვეყნის დიპლომატს.

მოსადის წარმომადგენლობა საქართველოში ისრაელის დაზვერვის დავხურეთ და მისი წარმომადგენელი გავაგდეთ, რადგან გადაუღეს ისრაელის მოწინააღმდეგე ქვეყნის დიპლომატს ქობულეთში, სასტუმროში პირადი ცხოვრების კადრები.

მე ვუთხარი, აბა ეხლა დაახვიოს აქედან, მიუხედავად იმისა, რომ ისრაელთან ძალიან კარგი ურთიერთობა გვქონდა.” – თქვა ყოფილმა პრეზიდენტმა.

ინგა გრიგოლიას თქმით, ის იყო უკიდურესად ნაწყენი ამ ხნის განმავლობაში, სააკაშვილმა კი უპასუხა, რომ მისი აბსოლუტურად ესმის და აღნიშნა:

“კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ჩემი ხელისუფლების დროს, ჩემი პრეზიდენტობის დროს, არავისზე პირადი ცხოვრების ამსახველი კადრები არ გამოსულა, ვინმე ამას აკეთებდა ალბათ და ის ხალხი არის დასასჯელი, მაგრამ მერე ამათ (ქართული ოცნება) ის ხალხი აიყვანეს სამსახურში და აკეთებენ ამას. ეს არის განსხვავება ოლიგარქიასა და ჩვენს შორის.” – თქვა სააკაშვილმა.

magti 5g