LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

უკრაინა ამ ზამთარს მარტო არ დარჩება

108
mnmdmc_list_Ukraine_winter

უკრაინულმა დრონებმა რამდენიმე რუსულ ნავთობობიექტს დაარტყეს, რომლებიც არმიას სასიცოცხლო რესურსებით ამარაგებდნენ. დრონების თავდასხმებმა რუსეთის 10-ზე მეტ აეროპორტში მუშაობა შეაფერხა.
სამშაბათს ღამით უკრაინულმა დრონებმა რუსეთის რეგიონებში რამდენიმე ნავთობქიმიურ ქარხანას შეუტიეს.

ქალაქ სტერლიტამაკში სულ მცირე ორი აფეთქება მოხდა. იქაურ სამრეწველო კომპლექსს დრონები დაესხნენ თავს. ორი დრონი ჩამოაგდეს და მათი ნამსხვრევები დამხმარე საამქროს მახლობლად ინდუსტრიულ ზონაში დაეცა. „დაღუპულები ან დაშავებულები არ არიან და ქარხანა ჩვეულებრივად მუშაობს“, – აღნიშნა ქალაქის ხელმძღვანელობამ.

რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ცნობით, 4 ნოემბრის ღამეს, რუსეთის თავზე, საჰაერო თავდაცვის მორიგე სისტემებმა 85 უკრაინული უპილოტო საფრენი აპარატი ჩაჭრეს და გაანადგურეს, მათ შორის 40 ვორონეჟის ოლქის ტერიტორიაზე, 20 ნიჟნი ნოვგოროდის ოლქში და 10 ბელგოროდის ოლქში.

ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ უკრაინა ყველაფერს გააკეთებს, რათა ევროკავშირმა გაყინული რუსული აქტივების გამოყენების საკითხზე კომპრომისი 2025 წლის ბოლომდე იპოვოს.

„თუ ომი 2025 წელს არ დასრულდება, უკრაინა უნდა იყოს დარწმუნებული, რომ ის მარტო არ გადის ასეთ რთულ პერიოდს და რომ ჩვენ გვაქვს, ფინანსები, და არამხოლოდ მეგობრული სიტყვები“,- განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა და აღნიშნა, რომ ევროპა უკრაინის მხარდაჭერას განაგრძობს.

ევროკომისიის პრეზიდენტს, ურსულა ფონ დერ ლაიენსა და უკრაინის პრეზიდენტს, ვოლოდიმირ ზელენსკის შორის სატელეფონო საუბარი შედგა.
„უკრაინა ამ ზამთარს მარტო არ შეხვდება. ევროკავშირი თქვენ გვერდითაა. გაგიწევთ საგანგებო ენერგეტიკულ მხარდაჭერას, რათა უკრაინამ მომავალი თვეები გადალახოს. ამავდროულად, ჩვენ ვმუშაობთ ვარიანტებზე, რათა უზრუნველვყოთ საჭირო მუდმივი ფინანსური დახმარება უკრაინისთვის“, – წერს ურსულა ფონ დერ ლაიენი.

აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის განცხადებით, არ არსებობს „ბოლო წვეთი“, რომელიც მას დაუმტკიცებდა, რომ რუსეთის პრეზიდენტი მზად არ არის უკრაინაში ომის დასასრულებლად.
კითხვაზე, რა იქნებოდა ის ბოლო წვეთი, რომელიც ნათლად გამოავლენდა, რომ პუტინი ომის დასასრულებლად მზად არ არის, ტრამპმა უპასუხა, რომ ასეთი არ არსებობს.
„ეს პუტინისთვის რთული ომია. ბევრი ჯარისკაცი დაკარგა, შესაძლოა, მილიონი. რთულია უკრაინისთვისაც. ეს ორივესთვის რთულია. ზოგჯერ მათ ბრძოლის უფლება უნდა მისცე“, – განაცხადა ტრამპმა.

ფინეთის პრეზიდენტი დონალდ ტრამპსა და ვლადიმირ პუტინს სთავაზობს, მოლაპარაკებები ნოემბრის ბოლოს იოჰანესბურგში გამართონ, სადაც გაიმართება G20-ის სამიტი. ალექსანდრ სტუბმა ეს წინადადება გამოთქვა ჰელსინკიში გამართულ ეროვნული თავდაცვის კურსების გახსნისას.
თავის გამოსვლაში ის შეეხო ბირთვული იარაღის, ფინეთის თავდაცვისა და უკრაინის მხარდაჭერის საკითხებს.
G20-ის სამიტი 22–23 ნოემბერს ჩატარდება.
ამ ეტაპზე აშშ-ისა და რუსეთის ლიდერები სამიტში მონაწილეობას არ გეგმავენ.



„რვა ომი შევაჩერე, ერთადერთი, რომელშიც ჯერ ვერ მივაღწიე წარმატებას – და ეს მოხდება – არის რუსეთ-უკრაინის ომი, რომელიც ყველაზე მარტივი მეგონა, რადგან პრეზიდენტ პუტინთან ძალიან კარგი ურთიერთობა მაქვს, – ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა „სიბიეს ნიუსთან“ ინტერვიუში განაცხადა.
ჟურნალისტის კითხვაზე, ვისთან არის უფრო რთული გამკლავება, ვლადიმირ პუტინთან თუ სი ძინპინთან, აშშ-ის პრეზიდენტმა უპასუხა, რომ ორივესთან.

„ორივესთან რთულია. ორივე ჭკვიანია. ორივე ძალიან ძლიერი ლიდერია. ესენი არიან ადამიანები, რომლებთანაც თამაში არ ღირს. ესენი არიან ადამიანები, რომლებიც ძალიან სერიოზულად უნდა აღიქვათ“, – განაცხადა ტრამპმა.

რუსეთი და ჩინეთი პირობას დებენ, რომ ყველა ღონეს იხმარენ სანქციების წინააღმდეგ ბრძოლაში ურთიერთდახმარების უზრუნველსაყოფად, – ამის შესახებ აღნიშნულია კომუნიკეში, რომელიც რუსეთისა და ჩინეთის პრემიერ-მინისტრების, მიხაილ მიშუსტინისა და ლი ციანის 30-ე რეგულარული შეხვედრის შემდეგ გამოქვეყნდა.
ხანჯოუში გამართული შეხვედრის დროს მხარეებმა თანამშრომლობის გაძლიერებისა და საერთო უსაფრთხოების ინტერესების დაცვის შესახებაც ისაუბრეს.
მედიის ცნობით, მიშუსტინი ასევე შეხვდა ჩინეთის პრეზიდენტს, სი ძინპინს.

აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის განცხადებით, აშშ-ს საკმარისი ბირთვული იარაღი აქვს, რომ მსოფლიო 150-ჯერ ააფეთქოს.
„სიბიესთან“ ინტერვიუში ტრამპმა აღნიშნა, რომ არ სურს, შეერთებული შტატები იყოს „ერთადერთი ქვეყანა, რომელიც არ ცდის“ ბირთვულ იარაღს.
ტრამპის თქმით, ეს საკითხი რუსეთისა და ჩინეთის ლიდერებთან, ვლადიმერ პუტინთან და სი ძინპინთან განიხილა.
„ჩვენ გვაქვს მეტი ბირთვული იარაღი, ვიდრე ნებისმიერ სხვა ქვეყანას. რუსეთი მეორე ადგილზეა, ჩინეთი ძალიან შორს, მესამეზეა, მაგრამ ხუთ წელიწადში გაუთანაბრდებიან. ჩვენ გვაქვს საკმარისი ბირთვული იარაღი, რომ მსოფლიო 150-ჯერ ავაფეთქოთ“.



ბელგიის სამხედრო ბაზის თავზე, ზედიზედ მესამე ღამეა, უპილოტო საფრენი აპარატები შენიშნეს.
კლაინე-ბროგელის სამხედრო ბაზაზე ვერტმფრენის მობილიზება მოხდა, თუმცა უპილოტო აპარატები გაუჩინარდნენ და, სავარაუდოდ, ნიდერლანდების მიმართულებით გაფრინდნენ.

აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი 7 ნოემბერს თეთრ სახლში სირიის პრეზიდენტს, აჰმედ ალ-შარაას უმასპინძლებს.
ტრამპი გახდა აშშ-ის პირველი პრეზიდენტი 25 წლის განმავლობაში, რომელიც სირიის ლიდერს შეხვდა. აშშ-ის და სირიის პრეზიდენტების შეხვედრა მაისში საუდის არაბეთში გაიმართა. ტრამპმა ალ-შარაას ისრაელთან ურთიერთობების ნორმალიზებისკენ მოუწოდა. ივნისის ბოლოს ტრამპმა ხელი მოაწერა ბრძანებას, რომლითაც გააუქმა სირიის წინააღმდეგ ამერიკული სანქციების უმეტესობა.

ფოტო: epc.eu

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g