პოლონეთის სამხედრო-საჰაერო ძალებმა ბალტიის ზღვის საჰაერო სივრცეში რუსული თვითმფრინავი აღმოაჩინეს, რომელსაც გადამცემი გათიშული ჰქონდა.
ბოლო თვეების განმავლობაში პოლონეთისა და ნატო-ს წევრი სხვა ქვეყნების საჰაერო სივრცეში არაერთხელ დაფიქსირდა უცნობი დრონები, რომლებმაც საერთაშორისო აეროპორტების მუშაობასაც შეუშალეს ხელი.
–
აშშ რუმინეთიდან, ბულგარეთიდან, უნგრეთიდან და სლოვაკეთიდან ჯარების მნიშვნელოვან ნაწილს გაიყვანს.
რუმინული პორტალი G4media ინფორმაციით, შეერთებული შტატები რუმინეთიდან 800 ამერიკელი სამხედროს გაყვანას გეგმავს, ასევე სამხედრო კონტინგენტის შემცირებას აპირებს ბულგარეთში, სლოვაკეთსა და უნგრეთშიც.
თეთრი სახლის ეს გადაწყვეტილება ძალაში დაუყოვნებლივ შევა, თუმცა, თეორიულად, კონგრესს მისი შეცვლა მაინც შეუძლია.
რუმინეთში სულ, დაახლოებით, 1000-მდე ამერიკელი სამხედრო დარჩება.
–
ვინ წარმოიდგენდა, რომ ჩვენ მშვიდობას ახლო აღმოსავლეთში მივაღწევდით, მაგრამ ამას რუსეთსა და უკრაინას შორის ვერ შევძლებდით? ამასაც აუცილებლად შევძლებთ, – ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა.
ტრამპის თქმით, ფიქრობდა, რომ რუსეთის პრეზიდენტთან, ვლადიმერ პუტინთან თავისი ურთიერთობის გამო ეს ადვილი იქნებოდა, თუმცა „სხვაგვარად გამოვიდა“.
–
ისრაელმა ქალაქ ღაზაზე იერიში მიიტანა.
„გარდიანი“ იუწყება, ისრაელმა, სულ მცირე, სამი საჰაერო დარტყმა განახორციელა. დარტყმები მიმართული იყო ღაზის ჩრდილოეთით, ყველაზე დიდი, ჯერ კიდევ მოქმედი საავადმყოფოს მიმდებარე ტერიტორიისკენ.
ისრაელის პრემიერ-მინისტრმა, ბენიამინ ნეთანიაჰუმ თავდაცვის ძალებს უბრძანა, „დაუყოვნებლივი და მძლავრი დარტყმები მიიტანონ ღაზის სექტორში“. როგორც ისრაელის მედია წერს, აღნიშნული გადაწყვეტილება „ჰამასის“ მხრიდან ცეცხლის შეწყვეტის პირობების მორიგი დარღვევის გამო მიიღეს. ისრაელი აცხადებს, რომ „ჰამასი“ აჭიანურებს გარდაცვლილი მძევლების ცხედრების გადაცემას.
–
ღაზის სექტორში ისრაელის სამხედრო ოპერაციის შედეგად, სულ მცირე, 90 ადამიანი დაიღუპა, მათ შორის 24 ბავშვი, – ამის შესახებ ინფორმაციას არაბული მედია ავრცელებს.
გავრცელებული ცნობით, ისრაელის თავდასხმების შედეგად ცენტრალურ ღაზაში, სულ მცირე, 42 პალესტინელი დაიღუპა, 31 – ჩრდილოეთ ღაზაში, ხოლო 18 – სამხრეთ ღაზაში. ერთ-ერთი დარტყმა ქალაქ ღაზაში საცხოვრებელ უბანზე განხორციელდა.
–
რუსეთმა ოდესაში მდებარე კერძო კომპანიის, DTEK-ის თბოელექტროსადგურზე იერიში მიიტანა. ინფორმაციას მის შესახებ უკრაინული მედია ავრცელებს.
იერიშის შედეგად დაშავებულია ერთი პირი.
კომპანიაში აღნიშნავენ, რომ თავდასხმის შედეგად მიყენებული ზიანი მნიშვნელოვანი იყო.
–
რუსეთის პრეზიდენტს, ვლადიმირ პუტინს, „როგორც არასდროს, მტკიცედ აქვს გადაწყვეტილი“, გააგრძელოს ომი უკრაინაში და მოიპოვოს გამარჯვება ბრძოლის ველზე. ამის შესახებ აღნიშნულია აშშ-ის სადაზვერვო სამსახურის შეფასებაში.
„ენბისის“ წყაროების თქმით, აშშ-ისა და დასავლეთის სადაზვერვო სამსახურები 2022 წლის თებერვლიდან მიიჩნევენ, რომ პუტინი კომპრომისისთვის მზად არ არის, თუმცა ახლა, როგორც აღნიშნავენ, „მანამდე პუტინს არასდროს ჰქონია უკრაინაში ომის გაგრძელების საკითხზე იმდენად მტკიცე პოზიცია, როგორიც დღეს აქვს“.
–
უკრაინამ რუსეთის მიმართულებით 100 დრონი გაუშვა, დაზიანდა ნავთობგადამამუშავებელი ქარხნები და ქიმიური საწარმო, შეჩერებული იყო რამდენიმე აეროპორტის მუშაობა. ინფორმაციას ამის შესახებ რუსული მედია ავრცელებს.
ბრიანსკის რეგიონზე თავდასხმის შედეგად ცხრა საცხოვრებელი შენობა დაზიანდა. ულიანოვსკის რეგიონში კი ხანძარი გაჩნდა.
ამასთან, „როსავიაციამ“ დროებითი შეზღუდვები დააწესა მოსკოვის დომოდედოვოს, ჟუკოვსკისა და შერემეტიევოს აეროპორტების, ასევე კალუგის, ვოლგოგრადის, სარატოვის, სამარის, პენზისა და ულიანოვსკის აეროპორტების მუშაობაზე.
–
შედეგები თუ იქნება, დაე, მოლაპარაკებები ჩატარდეს ნებისმიერ ადგილას, მნიშვნელობა არ აქვს, ოღონდ, რა თქმა უნდა, არა რუსეთსა და ბელარუსში, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ მედიასთან საუბრისას განაცხადა.
კვირის ბოლოს დაგეგმილია უკრაინელი და ევროპელი მაღალჩინოსნების შეხვედრა სამშვიდობო გეგმის დეტალების განსახილველად.
„ეს არ არის ომის დასრულების გეგმა, უპირველეს ყოვლისა, საჭიროა ცეცხლის შეწყვეტა. ეს არის დიპლომატიის დაწყების გეგმა“, – განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა.
–
უნგრეთის პრემიერ-მინისტრი ვიქტორ ორბანი აცხადებს, რომ ევროპამ უნდა აწარმოოს პირდაპირი მოლაპარაკებები რუსეთთან.
ამის შესახებ ის სოციალურ ქსელში წერს.
„1. ევროპამ უნდა აწარმოოს პირდაპირი მოლაპარაკებები რუსეთთან – ჩვენ უნდა გვქონდეს ხმა; 2. უკრაინა უნდა იყოს სტრატეგიული პარტნიორი და არა ევროკავშირის წევრი; 3. უკრაინის დაფინანსების მინიმუმამდე შემცირება, რესურსების ევროპაში შენარჩუნება; 4. თითოეული ქვეყნის ენერგეტიკული არჩევანის პატივისცემა“, – წერს უნგრეთის პრემიერ-მინისტრი.
ორბანის თქმით, მშვიდობის მიღწევა შეუძლებელია მხოლოდ რუსეთ-უკრაინული მოლაპარაკებების გზით, ამიტომ საჭიროა გარე ძალების ჩართვა, ეს შეიძლება, იყოს შეერთებული შტატები ან ევროპა.
–
დასავლეთი ცდილობს, რუსეთისგან მოწყვიტოს სამხრეთ კავკასიისა და ცენტრალური აზიის ქვეყნები, ხოლო მოსკოვი ყველა არსებული საშუალებით აღკვეთს ასეთ მცდელობებს, – ამის შესახებ განცხადება რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, სერგეი ლავროვმა მინსკში გამართულ ევრაზიული უსაფრთხოების საერთაშორისო კონფერენციის შემაჯამებელ პრესკონფერენციაზე გააკეთა.
რუსეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელმა აღნიშნა, რომ რუსეთი „არასოდეს დაეთანხმება იმას, რომ ცენტრალური აზიასა და სამხრეთ კავკასიაში მათ „რუსეთთან დაპირისპირებისკენ უბიძგებდნენ, რაც სრულიად მიუღებელია ეკონომიკური და პოლიტიკური ინტერესების თვალსაზრისით“.

ფოტო: gzeromedia
