„უკრაინა მზად არის, მკაცრი სამხედრო პასუხი გასცეს, თუ რუსეთი შეტევაზე გადმოვა,“ – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, პეტრო პოროშენკომ, უკრაინის დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ აღლუმზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
პოროშენკოს თქმით, უკრაინის შეიარაღებული ძალები, ევროპული ანალიტიკური ცენტრების შეფასებით, გაცილებით უკეთეს მდგომარეობაშია, ვიდრე ოდესმე ყოფილა.
„უკრაინა მზად არის, მკაცრი სამხედრო პასუხი გასცეს აგრესორს, თუ ის შეტევაზე გადმოსვლას შეეცდება. მაგრამ ჩვენ დონბასისა და ყირიმის სამშვიდობო, დიპლომატიური და სამართლებრივ-პოლიტიკური გზით დაბრუნებას ვემხრობით“, – განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა.
მისივე თქმით, უკრაინა ევროკავშირში და ნატო-ში სრულფასოვანი წევრობის მიღების გზაზე დგას.