უკრაინის პრეზიდენტის განცხადებით, უკრაინა დაბრუნდება მოლაპარაკებების მაგიდას, თუ რუსეთი მზად იქნება ომის დასასრულებლად.
ვოლოდიმირ ზელენსკიმ ამის შესახებ ZDF-თან ინტერვიუში განაცხადა.
ზელენსკის თქმით, ახლა დრო არ არის ისეთი მოლაპარაკებებისთვის, რომელსაც შედეგი არ მოაქვს, უკრაინა კი იმ პირობით დაუბრუნდება მოლაპარაკებებს, თუ მტერს ნამდვილად სურს ომის დასრულება.
“ჩვენ არ გვაქვს დრო ისეთი საუბრისთვის, რომელიც არ მუშაობს. ჩვენ ზუსტად ვიცით, რას ვაკეთებთ. ხაზს ვუსვამ, რომ ეჭვი არ გვეპარება და მზად ვართ, ვისაუბროთ მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მეორე მხარე მზად იქნება ომის დასასრულებლად”, – აღნიშნა ზელენსკიმ.
ZDF-თან ინტერვიუში ზელენსკი გერმანიის კანცლერის კიევში მოსალოდნელ ვიზიტსაც გამოეხმაურა.
როგორც უკრაინის პრეზიდენტმა განმარტა, მათ კანცლერისგან სჭირდებათ დარწმუნება, რომ გერმანია მხარს უჭერს უკრაინას.
“კანცლერისგან ველოდები, რომ ის, პირადად, დაგვიჭერს მხარს. ასევე მგონია, ის დარწმუნებულია, რომ უკრაინას შეუძლია ევროკავშირში გაწევრიანება და კანდიდატის სტატუსის მინიჭება უკვე ივნისში. ველით, რომ ბატონი შოლცი საკუთარ პოზიციას გამოთქვამს, მაგრამ ასევე არის სანქციების საკითხი, ფინანსური მხარდაჭერა – რომელიც უკრაინას სჭირდება და უსაფრთხოების ყველა საკითხი – რომელიც მან კარგად იცის.
რას ველით მის ვიზიტთან დაკავშირებით? ჩვენ, კანცლერ შოლცისგან გვჭირდება დარწმუნება, რომ გერმანია მხარს უჭერს უკრაინას. მან და მისმა მთავრობამ უნდა მიიღოს გადაწყვეტილება – არანაირი მცდელობა არ უნდა იყოს უკრაინასა და რუსეთთან ურთიერთობებს შორის ბალანსის შესანარჩუნებლად”, – თქვა ზელენსკიმ.
ცნობისთვის, მანამდე პრეზიდენტის აპარატის უფროსის მრჩეველმა მიხაილო პოდოლიაკმა აღნიშნა, რომ უკრაინა და რუსეთის ფედერაცია აუცილებლად დასხდებიან მოლაპარაკების მაგიდასთან, მაგრამ არა დღეს და არა რუსეთის ფედერაციის პირობებით.
უკრაინაში მიმდინარე მოვლენების შესახებ მუდმივად განახლებად ინფორმაციას იხილავთ ამ ბმულზე: ომი უკრაინაში