უკრაინამ უნდა მოიგოს რუსეთის მიერ გაჩაღებული ომი და შეუძლია ევროკავშირის სრული მხარდაჭერის იმედი ჰქონდეს, – ამის შესახებ ევროკომისიის პრეზიდენტმა ურსულა ფონ დერ ლაიენმა სლოვენიაში ბლედის სტრატეგიული ფორუმის გახსნისას განაცხადა.
„მესიჯი არ შეიძლება იყოს ამაზე მკაფიო: თუ ჩვენ გვინდა დავიცვათ საბაზისო პრინციპები, როგორიცაა თვითგამორკვევის უფლება, საზღვრების ხელშეუხებლობა, მაშინ პუტინი ვერ მოიგებს ამ ომს და უკრაინამ უნდა გაიმარჯვოს. ეს აბსოლუტურად გასაგებია“, – განაცხადა ევროკომისიის პრეზიდენტმა.
ფონ დერ ლაიენმა განაცხადა, რომ ევროკავშირმა, პირველად თავის ისტორიაში, გამოყო სახსრები მესამე ქვეყნის თავდაცვის საჭიროებებისთვის და ხაზი გაუსვა უკრაინელების გმირულ ძალისხმევას საკუთარი ქვეყნის დასაცავად.
„ჩვენ მხარს დავუჭერთ უკრაინას იმდენ ხანს, რამდენიც დასჭირდება. ჩვენ ამას ვაკეთებთ უკრაინისთვის, ჩვენი ევროპული ღირებულებების მხარდასაჭერად და ამას ვაკეთებთ იმისათვის, რომ ვაჩვენოთ რუსეთს და მსოფლიოს, რომ საერთაშორისო სამართლის დარღვევა ძვირად დაუჯდება“, -აღნიშნა ევროკომისიის პრეზიდენტმა.