უკრაინის ფრონტზე საყურადღებო სიახლეებია: ერთი მხრივ უკრაინი ფიქრობს, რომ ატაკამსის რაკეტები რუსეთის ტერიტორიაზე გამოიყენოს, რისი მომხრე მაინც და მაინც არ არის აშშ, თუმცა არჩევანის უფლებას უკრაინას უტოვებს. მეორე – უკრაინა მოუწოდებს ნატოს წევრი ქვეყნის ტერიტორიიდან ჩამოაგდონ რუსული თვიმფრინავები, თუმცა ასეთი გადაწყვეტილების მიღებას უამრავი ქვეყნის თანხმობა სჭირდება და მაინც ნაკლებად მოსალოდნელია.
თავის მხრივ ევროკავშირმა გადაწყვიტა, რომ რუსეთის გაყინული რეზერვებიდან მიღებული დივიდენტები უკრაინის ინფრასტრუქტურის აღდგენისთვის გამოიყენონ.
მნიშვნელოვანი ძვრებია ახლო აღმოსავლეთში. სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლო ითხოვს, რომ გასამართლდნენ როგორც ჰამასის ლიდერები, ასევე ისრაელის პრემიერ-მინისტრი, ხოლო ევროპული ქვეყნები პალესტინის აღიარებას აპირებენ, რასაც აშშ არ მიესალმება.
ევროპული და მსოფლიო პოლიტიკისთვის ამ და სხვა უმნიშვნელოვანეს საკითხებზე გაამახვილა ყურადღება გადაცემაში „მსოფლიო, როგორც ასეთი“ წამყვანმა და პოლიტიკურმა მიმომხილველმა ბუკა პეტრიაშვილმა.
„მსოფლიოში ძალიან ბევრი მნიშვნელოვანი ამბავი ხდება, დუღს მსოფლიო პოლიტიკა. ჩვენი ყურადღების ცენტრშია უკრაინაში მიმდინარე საომარი მოქმედებები და ამ ქვეყნის მხარდაჭერა.
კიევში იმყოფებოდა გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრი ანალენა ბერბოკი, რომელიც მორიგი დახმარების შესახებ საუბრობდა.
ბუნებრივია, ყველაზე აქტუალურია ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვის საშუალებები. უკრაინის პრეზიდენტი ზელენსკი უწყვეტად საუბრობს, რომ სჭირდება პატრიოტის თავდაცვის სისტემები. 6-7 ცალი გადაუდებელი აუცილებლობისაა, ხოლო 25-30 ცალი სრულად უზრუნველჰყოფდა საჰაერო თავდაცვას, ანუ ცის უსაფრთხოებას.
აშშ-ის მიერ გამოყოფილი 61 მილიარდი დოლარის დახმარების მიღებაზე საუბარი ჯერ არ არის, მაგრამ უკრაინა უახლოესი კვირების განმავლობაში, მაისის ბოლომდე და ივნისის პირველ რიცხვებში, მიიღებს ამ დახმარებას.
ძალიან მნიშვნელოვანია, რომ აქ შედის ატაკამსის ტიპის შორ მანძილზე მოქმედი რაკეტები (ATACMS – ტაქტიკურ-ბალისტიკური რაკეტა. მოქმედების რადიუსი 310 კილომეტრია).
მნიშვნელოვანია ერთი გადაწყვეტილებაც – ატაკამსის რუსეთის ტერიტორიაზე გამოყენება. უკრაინა ყირიმში და საზღვაო აკვატორიაში წარმატებით იყენებს ატაკამსის რაკეტებს. ახლა უკრაინას სჭირდება ატაკამსის გამოყენება, რათა დააზიანოს რუსეთის ტერიტორიაზე მტრის სამხედრო ინფრასტრუქტურა.
აშშ-ის სახელმწიფო მდივანი ენტონი ბლინკენი არ მოუწოდებს უკრაინას ატაკამსის რუსეთის ტერიტორიაზე გამოყენებას, თუმცა მნიშვნელოვანი პასაჟია ისიც, რომ მისივე თქმით, გადაწყვეტილება უკრაინის მისაღებია.
ორიოდ დღის წინ ამერიკელმა კანონმდებლებმა წერილი დაწერეს აშშ-ს თავდაცვის მდივნის ლოიდ ოსტინის სახელზე და ჯო ბაიდენის ადმინისტრაციას მოუწოდებენ ნება დართონ უკრაინას ატაკამსის რაკეტები გამოიყენოს რუსეთის ტერიტორიაზე.
საინტერესო ინიციატივა და შეთავაზება გაახმიანა უკრაინის პრეზიდენტმა. ზელენსკიმ ისაუბრა, რომ ნატოს წევრი ქვეყნის ტერიტორიიდან, კერძოდ პოლონეთიდან, ჩამოაგდონ რუსული თვითმფრინავები. ეს მან ასე ახსნა: ეს ხომ არ არის რუსი სამხედროების მკვლელობა, რუსული თვითმფრინავების განადგურება, ან რუსული ინფრასტრუქტურის ან რუსული სამხედრო ობიექტების. ეს არის რაკეტები, რომელიც მოდის ჩვენი მშვიდობიანი მოქალაქეების გასანადგურებლად. ნატოს შეუძლია ზუსტად ისე იმოქმედოს, როგორც ისრაელის ცა დაიცვა, ზუსტად ასევე ჩამოაგდოს რუსული რაკეტები.
ამას პოლონეთის გამოხმაურებაც მოჰყვა. საინტერესოდ მიიჩნევენ, მაგრამ ნატოს წევრი ქვეყნის მხრიდან რუსული რაკეტების ჩამოგდება ნატოს საერთო გადაწყვეტილების გარეშე ვერ მოხდება. მარია ზახაროვამ (რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციისა და ბეჭდვის დეპარტამენტის დირექტორი) განაცხადა, რომ თუ ბრიტანული რაკეტები გამოიყენება რუსეთის ტერიტორიაზე, რუსეთი მიიღებს საპასუხო ზომებს და ერთგვარად დაემუქრა კიდეც დიდ ბრიტანეთს.
ვოლოდიმირ ზელენსკიმ აღნიშნა, რომ უკრაინას 100-120 თვითმფრინავი სჭირდება, რათა ბალანსი დადგეს, მაგრამ კოალიციის მიერ მიღებულია გადაწყეტილება 50-60 თვითმფრინავის მიწოდებაზე. ესეც დიდი საქმეა, მთავარია დროზე მიაწოდონ. უკრაინელები აშშ-ს ადმინისტრაციის საბოლოო გადაწყვეტილების მოლოდინში არიან, რათა F-16 გამანადგურებელი თვითმფრინავები უკრაინაში აღმოჩნდეს.
საინტერესოა ფინანსური დახმარების საკითხი. ფაქტობრივად შეთანხმებულია ევროპის კავშირში გადაწყვეტილება, რომ რუსეთის გაყინული რეზერვებიდან, 289 მილიარდი ევროდან მიღებული დივიდენტები მიმართული იყოს უკრაინის დახმარებაზე, სარეაბილიტაციო სამუშაოებზე. ეს არის დაახლოებით 3 მილიარდი ევრო. ზიანისთვის, რაც რუსეთმა უკრაინას მიაყენა, დიდი ციფრი არ არის, მაგრამ თავად ფაქტს აქვს სერიოზული დატვირთვა, ის, რომ უკრაინის რეკონსტრუქციაზე გამოყენებული იქნება რუსული ფული. ამ თემებზე იმსჯელებენ იტალიაში დიდი შვიდეულის ფინანსთა მინისტრების შეხვედრაზე.
–
ახლო აღმოსავლეთში ვითარება კვლავ დაძაბულია. ისრაელთან მიმართებით ორი მნიშვნელოვანი ინფორმაციაა. სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს პროკურორმა კარიმ ხანმა განაცხადა, რომ კაცობრიობის წინაშე ჩადენილი დანაშაულისთვის ბრალდებებს წაუყენებენ „ჰამასის“ ღაზას ლიდერ იაჰია სინვარს და კიდევ ორ ლიდერს. მათთან ერთად დასახელებულია ისრაელის პრემიერი ბინიამინ ნეთანიაჰუ და თავდაცვის მინისტრი იოავ გალანტიც.
ამას აშშ-ს პრეზიდენტის მხრიდან მწვავე რეაქცია მოყვა და საერთაშორისო თანამეგობრობაშიც იყო რეაგირება.
ამასობაში საკმაოდ მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება მიიღეს ნორვეგიამ, ირლანდიამ და ესპანეთმა, რომ აღიარონ პალესტინის სახელმწიფო. ამას ბუნებრივია მწვავე რეაქცია მოჰყვა ისრაელის პრემიერ მინისტრის მხრიდან, სამივე ქვეყნის დედაქალაქიდან გაიწვია ელჩები. თუმცა ირლანდიის საგარეო საქმეთა მინისტრმა განაცხადა, რომ ერთგული რჩება ისრაელის უფლების, რომ მან საპასუხო იერიში განახორციელოს და თავი დაიცვას. სამივეს ქვეყნის ერთიანი მიდგომა მდგომარეობს იმაში, რომ პალესტინის აღიარების გარდა, მშვიდობიანი თანაცხოვრების მისაღწევად სხვა გზა არ არსებობს.
აშშ-მა ასევე დააფიქსირა პოზიცია და არ მიესალმა მსგავს მიდგომას. ეს საკითხი უნდა გადაწყდეს ორმხრივი მოლაპარაკებების შედეგად ისრაელს და პალესტინას შორის და არა ცალმხრივად კონკრეტული ქვეყნების მიერ.
ორი სახელმწიფოს პრინციპს მთელი დემოკრატიული თანამეგრობა იზიარებს, უბრალოდ ახლა სხვა ვითარებაა. ომი მიმდინარეობს ტერორისტებთან და ისრაელს აქვს მყარი არგუმენტი, რომ ტერორისტებთან მოლაპარაკებების მაგიდასთან არ დაჯდება“.
ფოტო: foreignpolicy