უკრაინის უსაფრთხოების საკითხი მთავარ საზრუნავად რჩება. უკრაინის პრეზიდენტი განაგრძობს უმაღლეს დონეზე შეხვედრებს და კვლავ ითხოვს შეიარაღებას და არმიის აღჭურვას. ამასთან, სულ უფრო ხშირად ისმის მოლაპარაკებების თემა, თუმცა რუსეთისადმი ნდობა თითქმის არ არსებობს. უკრაინის როლზე, რუსეთის სამომავლო შესაძლო ქმედებებზე გაამახვილა ყურადღება გადაცემაში „მსოფლიო, როგორც ასეთი“ მისმა წამყვანმა და პოლიტიკურმა მიმომხილველმა ბუკა პეტრიაშვილმა, რომელიც ასევე შეეხო სირიაში არსებულ ვითარებას, რეგიონში ისრაელის ინტერესებს, მძევლების გათავისუფლების თემას და სხვადასხვა მნიშვნელოვან საკითხებს.
„გერმანიაში კენჭისყრა გაიმართა და, როგორც მოსალოდნელი იყო, ბუნდესტაგმა უნდობლობა გამოუცხადა მოქმედ კანცლერს და შესაბამისად ფაქტობრივად გადაწყვეტილია, რომ 23 თებერვალს ვადამდელი არჩევნები გაიმართება. შეიძლება ითქვას, რომ მომავალი კანცლერი ქრისტიან-დემოკრატიული კავშირის ერთობის ლიდერი ბატონი ფრიდრიხ მერცი იქნება. სხვათა შორის, ის ცოტა ხნის წინ იმყოფებოდა უკრაინაში და სერიოზულ განცხადებებსაც აკეთებს და მხარს უჭერს უკრაინის დახმარების გაგრძელებას.
მიუხედავად იმისა, რომ ოლაფ შოლცი უკვე „კოჭლი იხვია“, ისიც განაგრძობს უკრაინისთვის მხარდაჭერის აღმოჩენას როგორც მას სწორად წარმოუდგენია.
ნატოს გენერალურ მდივან მარკ რუტეს რეზიდენციაში გაიმართა ლიდერების შეხვედრა და იმსჯელეს თუ როგორ უნდა დაეხმარონ უკრაინას. სანამ ეს შეხვედრა შედგებოდა ვოლოდიმირ ზელენსკი შეხვდა ნატოს გენმდივან და ემანუელ მაკრონს ბრიუსელში. საფრანგეთის პრეზიდენტთან საუბრისას ზელენსკიმ ხაზი გაუსვა მნიშვნელოვან მოთხოვნას, რომ უსაფრთხოების ყველაზე რეალური გარანტია ნატოში მიწვევაა.
ვიდრე ეს საკითხი გადაწყდება, უკრაინას სჭირდება პირველი და უმთავრესი – ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვის საშუალებები, კიდევ 15 ერთეული, რათა მთელი უკრაინის ცა იყოს დაცული, ასევე ენერგო და სამოქალაქო ინფრასტრუქტურა. ზელენსკის აცხადებს, რომ უკრაინას უნდა ჰყავდეს ყველაზე ძლიერი და აღჭურვილი, რუსეთთან ბრძოლაში გამობრძმედილი არმია, რათა სამომავლოდაც რუსეთის შემაკავებელი ფაქტორი გახდეს.
ნატოს წევრი ევროპული ქვეყნები დაზვერვის მონაცემებზე დაყრდნობით საუბრობენ, რომ უახლოესი 5-6 წლის, შესაძლოა 8 წლის განმავლობაში სამხედრო დაპირისპირება რუსეთსა და ნატოს შორის გარდაუვალია. ამიტომ უკრაინის როლი კიდევ უფრო მზარდი და მნიშვნელოვანია ალიანსისთვის. ამისთვის საჭიროა დროული შეიარაღება და მოქმედება. ზელენსკი აცხადებს, რომ თუ მას ექნება მტკიცე გარანტიები, საკმარისი შეიარაღება, ცა დაცული ექნება და გაგრძელდება აღჭურვა და მომზადება, მზად არის მოლაპარაკებებისთვის, რათა ცეცხლის შეწყვეტა გაფორმდეს. თუმცა, არ სჯერა, რომ პუტინი დათანხმდება და მხარეები დარჩებიან ფრონტის იმ გაყოლებაზე, როგორც დღეისათვის არიან. არ სჯერათ, რომ პუტინი შეჩერდება და დაიცავს შეთანხმებას. ზელენსკი დარწმუნებულია, რომ პუტინი ამ დროს გამოიყენებს მოსამზადებლად, ძალების აღსადგენად და ახალი ომის დასაწყებად. პუტინს მიზანი აუსრულებული აქვს, რომ ვერ ახერხებს უკრაინის დამორჩილებას და ის დიდი რუსული იმპერიის აღდგენის იდეას ბოლო წუთამდე არ მოეშვება.
ზელენსკის სჭირდება ძალიან კონკრეტული გარანტიები თუნდაც ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებისას ან მერე, როდესაც რუსეთი ძალებს მოიკრებს და თუ განაახლებს სამხედრო აგრესიას.
ამაზე მარტო ზელენსკი კი არა, ბევრი ავტორიტეტული ექსპერტი, დიპლომატები, სამხედრო დარგის სპეციალისტები საუბრობენ. წნეხი უკრაინაზე კი არ უნდა განხორციელდეს, რომ დათმობებზე წავიდეს, არამედ სწორედ რუსეთზე უნდა განხორციელდეს და იმ მდგომარეობაში უნდა ჩააყენონ, რომ მისთვის ერთადერთი გამოსავალი მოლაპარაკებები გახდეს. სურდათ, რომ რუსეთის ეკონომიკა ჩამოშლილიყო, მაგრამ ეს არ მოხდა. ამის ბევრი მიზეზია, მათ შორის შეიძლება იმალებოდეს ევროპის და გნებავთ აშშ-ის მოუქნელობაშიც“.
ფოტო: foreignpolicy
france24