LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

უკრაინაში საპრეზიდენტო არჩევნები მიმდინარეობს

302
2308998

უკრაინაში საპრეზიდენტო არჩევნები მიმდინარეობს. უკრაინის 35 მილიონი ამომრჩეველი ხუთი წლის ვადით აირჩევს ქვეყნის ლიდერს. სხვადასხვა მედიასაშუალების თანახმად, პრეზიდენტობის 39 კანდიდატიდან ძირითადად სამი ლიდერი იკვეთება: ახლანდელი პრეზიდენტი პეტრო პოროშენკო;ყოფილი პრემიერი იულია ტიმოშენკო და კომიკოსი ვოლადიმირ ზელენსკი, რომლის პერსონაჟიც ერთ-ერთ სატელევიზიო შოუში მოულოდნელად პრეზიდენტი ხდება.

საპრეზიდენტო არჩევნებს დააკვირდება 2344 საერთაშორისო დამკვირვებელი. არჩევნებისათვის შექმნილია 199 ოლქი, 29888 საარჩევნო უბნით, გარდა ანექსირებულ ყირიმსა და ოკუპირებული დონეცკისა და ლუგანსკის ოლქებისა.

წელს საარჩევნო უბნები არ გახსნილა რუსეთის ტერიტორიაზე, ასევე, უკრაინის ხელისუფლებამ უარი თქვა არჩევნებზე რუსი დამკვირვებლების დაშვებაზე.

თბილისში, უკრაინის საელჩოში საარჩევნო უბანი უკვე გაიხსნა. უკრაინის მოქალაქეებს საპრეზიდენტო არჩევნებზე ხმის მიცემა თბილისის დროით 20:00 საათამდე შეეძლებათ.

საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე, ვლადიმერ ნაზარენკოს  განცხადებით, საქართველოში რეგისტრირებული უკრაინელი ამომრჩევლის რაოდენობა 8 460-ს შეადგენს.

იმ შემთხვევაში, თუ არჩევნებში ვერც ერთი კანდიდატი ვერ მიიღებს ხმათა 50 პროცენტზე მეტს, მეორე ტური დაინიშნება. თუ ეს ასე მოხდება, საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური უკრაინაში 21 აპრილს გაიმართება. აღსანიშნავია, რომ პოლიტოლოგებისა და ექსპერტების პროგნოზებით, უკრაინის ახალი პრეზიდენტის ვინაობა პირველ ტურში სავარაუდოდ ვერ გამოვლინდება.

 

 

magti 5g