უკრაინაში მიმდინარე ომს კიდევ ერთი ჟურნალისტი ემსხვერპლა.
უკრაინელი ჟურნალისტი და ბლოგერი ოქსანა გაიდარი ჯერ კიდევ ორი თვის წინ, 11-12 მარტს, კიევის რეგიონის სოფელ შევჩენკოვის დაბომბვის დროს დაიღუპა, თუმცა ამის შესახებ ცნობილი დღეს გახდა.
ამის შესახებ უკრაინის ჟურნალისტთა ეროვნული კავშირის ხელმძღვანელმა, სერგეი ტომილენკომ განაცხადა.
ცნობილი ხდება, რომ ჟურნალისტი დედასთან ერთად დაიღუპა.
როგორც უკრაინული მედია წერს, ჟურნალისტი ცნობილი იყო ისტორიული პუბლიკაციებით და სოციალურ ქსელებში გავრცელებული სტატუსებით, რომლებშიც მან მკვეთრად დაგმო რუსეთის იმპერიული ამბიციები და უკრაინაზე კონტროლის დაწესების სურვილი.
როგორც ტომილენკომ აღნიშნა, გაიდარი მოსკოვში მეუღლესთან და შვილთან ერთად ცხოვრობდა, თუმცა უკრაინაში ომის დაწყებისთანავე დაბრუნდა, რათა დედასთან ახლოს ყოფილიყო.
“კეთილსინდისიერი და მამაცი უკრაინელი ქალი აგრესორის ბუნაგში აღმოჩნდა. მასზე ზეწოლა განხორციელდა, მას და მის ქმარს ერთ დროს აშინებდნენ, როგორც ოქსანამ მითხრა… ბოლოს 7 მარტს მივწერე, მან მესიჯი არ წაიკითხა, ახლა ვიცი რატომ. სოფელი ოკუპანტების ალყაში იყო”, – თქვა ტომილენკომ.
ომში გარდაცვლილი და დაშავებული ჟურნალისტების შესახებ ინფორმაცია The Insider-მა 27 მარტს გაავრცელა. მაშინ 12 ჟურნალისტი იყო დაღუპული.
29 აპრილს ხარკოვის რეგიონში დამპყრობლებთან ბრძოლაში კიდევ ერთი ჟურნალისტი – 33 წლის მაქსიმ მედინსკი დაიღუპა.
უკრაინაში მიმდინარე მოვლენების შესახებ მუდმივად განახლებად ინფორმაციას გაეცნობით ამ ბმულზე: ომი უკრაინაში