უკრაინის უმდიდრესი ადამიანი, რინატ ახმეტოვი განადგურებული მარიუპოლის აღდგენის პირობას დებს. ინფორმაციას Reuters ავრცელებს, რომელიც წერს, რომ ახმეტოვი, რომელიც ალყაში მოქცეულ საპორტო ქალაქში ფოლადის 2 ქარხანას ფლობს, დარწმუნებულია, რომ მამაცი უკრაინელი სამხედროები დაიცავენ აზოვის ზღვის ქალაქს, რომელიც რუსეთმა 7 კვირიანი უწყვეტი დაბომბვების შედეგად გაანადგურა.
Reuters-ის ინფორმაციითვე, რინატ ახმეტოვის კომპანია Metinvest-მა გამოაცხადა, რომ არასოდეს იმუშავებს რუსეთის ოკუპაციის ქვეშ.
„მარიუპოლი არის მსოფლიო ტრაგედია და გმირობის მაგალითი. ჩემთვის მარიუპოლი იყო და ყოველთვის იქნება უკრაინული ქალაქი. მჯერა, ჩვენი მამაცი მეომრები დაიცავენ ქალაქს, თუმცა მესმის, რამდენად რთული და მძიმეა ეს მათთვის”,- დასძინა უკრაინელმა მილიარდერმა Reuters-სთან საუბრისას.
შეგახსენებთ, რინატ ახმეტოვი Forbes-ის მიხედვით ყველაზე მდიდარი უკრაინელია (მისი ქონება 7.6 მილიარდ დოლარად არის შეფასებული). ახმეტოვი მჭიდროდ იყო დაკავშირებული რეგიონების პარტიასთან და უკრაინის ყოფილ პრეზიდენტ ვიქტორ იანუკოვიჩთან, მაგრამ 2014 წლის მოვლენებში მან მხარი არ დაუჭირა დონბასში პრორუსულ დემონსტრაციებს. ცოტა ხნის წინ კი გავრცელდა ინფორმაცია ზელენსკის გარემოცვასთან ახმეტოვის კონფლიქტის შესახებ. კერძოდ, ირწმუნებიან, რომ ახმეტოვის მედია რესურსები მხარს უჭერს ოპოზიციონერ პოლიტიკოსებს და აკრიტიკებს უკრაინის პრეზიდენტის ქმედებებს. თავად უკრაინის უმდიდრესმა ადამიანმა, ოლიგარქმა გავრცელებულ ინფორმაციას სიცრუე უწოდა.