ქალაქ მარიუპოლში, „აზოვსტალის“ ტერიტორიაზე თავდაცვის ძალების ქვედანაყოფების ბლოკირება გრძელდება, მტერმა, ქარხნის ტერიტორიაზე კონტროლის დაწესების მიზნით, ავიაციის მხარდაჭერით, შტურმი განაახლა.
ინფორმაციას უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბი ავრცელებს.
მათივე ცნობით, აქტიური საბრძოლო მოქმედებები მიმდინარეობს პოპასნაიასა და რუბეჟნოეში. ოკუპანტები ცდილობენ, მიიტანონ შეტევა ქალაქ ლიმანსა და სევეროდნოეცკზე.
ამასთან, გუშინ ღამით ძლიერი აფეთქებების ხმა ისმოდა დონეცკის ოლქის ქალაქ კრამატორსკში, სადაც სხვადასხვა ცნობებით, 20-ზე მეტი შენობა დაზიანდა.
უკრაინის შეიარაღებული ძალების ცნობითვე, დონეცკისა და ლუგანსკის ოლქებში უკრაინელმა ჯარისკაცებმა 11 შეტევის მოგერიება შეძლეს. განადგურებულია 8 ტანკი, 11 ჯავშანმანქანა და 5 ავტომობილი. განადგურებულია 14 საფრენი აპარატი.