LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„უკრაინის, მოლდოვის, საქართველოსა და დასავლეთ ბალკანეთის ქვეყნების გარეშე EU სრულყოფილი არაა“ – ევროკომისიის პრეზიდენტი დღეს კიევში ჩავა

67
BeFunky-collage (3)

ევროკავშირი შეინარჩუნებს რუსეთის საწინააღმდეგო სანქციებს, რადგან ახლა გადამწყვეტი მოქმედებების დროა და არა დათმობების. ამის შესახებ ევროკომისიის პრეზიდენტმა, ურსულა ფონ დერ ლაიენმა სტრასბურგში, ევროპარლამენტისადმი ყოველწლიური მიმართვისას განაცხადა.

ევროკომისიის პრეზიდენტის განცხადებით, ევროკავშირი უკრაინის მხარდაჭერას გააძლიერებს, პუტინი დამარცხდება და უკრაინა გაიმარჯვებს.

„ერთი გაკვეთილი უკრაინის ომიდან არის, რომ ჩვენ უნდა გვესმინა მათთვის, ვინც პუტინს იცნობს. ანა პოლიტკოვსკაიასა და ყველა რუსი ჟურნალისტისთვის, რომლებმაც დანაშაულები გამოააშკარავეს და ამისთვის საფასური გადაიხადეს; ჩვენი მეგობრებისთვის უკრაინაში, მოლდოვასა და საქართველოში, ასევე ბელარუსის ოპოზიციისთვის.

ჩვენ უნდა გვესმინა ხმებისთვის ჩვენი კავშირის შიგნით პოლონეთში, ბალტიისპირეთში, ცენტრალურ და აღმოსავლეთ ევროპაში. ისინი წლების განმავლობაში გვეუბნებოდნენ, რომ პუტინი არ გაჩერდება. ბალტიისპირეთში ჩვენმა მეგობრებმა ბევრი იშრომეს, რათა დაესრულებინათ რუსეთზე დამოკიდებულება. მათ დიდი ინვესტიციები ჩადეს განახლებად ენერგიებში, გათხევადებული ბუნებრივი აირის ტერმინალში. მათ ბევრი ფული დახარჯეს, მაგრამ რუსეთის ენერგორესურსებზე დამოკიდებულება უფრო ძვირია“, – განაცხადა ურსულა ფონ დერ ლაიენმა.

ამასთან, ურსულა ფონ დერ ლაიენმა ევროპარლამენტს აცნობა, რომ დღეს კიევში მიემგზავრება. ვიზიტის ფარგლებში ევროკომისიის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკის შეხვდება და ევროკავშირის ერთობლივ ბაზარზე უკრაინის მონაწილეობის საკითხს განიხილავს.

ევროკომისიის პრეზიდენტმა ევროპარლამენტში სიტყვით გამოსვლისას ასევე აღნიშნა, რომ ყველაზე კარგი გზა კავშირების გაღრმავება და კონტინენტზე დემოკრატიების გაძლიერებაა.

„ეს არის წყალგამყოფი მომენტი გლობალური პოლიტიკისთვის. ეს არის ჩვენი საგარეო პოლიტიკის გადააზრება. ეს არის დრო ჩვენი დემოკრატიების ინვესტირებისთვის. ეს ეხება თანამოაზრე პარტნიორებს მთელ მსოფლიოში. ჩვენ ვხედავთ მსოფლიოს მსგავსი თვალებით, ვიზიარებთ მსგავს ღირებულებებს და უნდა მოვახდინოთ კოლექტიური ძალის მობილიზება.

ჩვენ უნდა ვესწრაფვოთ დემოკრატიის გავრცელებას. ამის გასაკეთებლად ყველაზე კარგი გზა არის ჩვენი კავშირების გაღრმავება და ჩვენს კონტინენტზე დემოკრატიების გაძლიერება. ეს იწყება მათით, ვინც კავშირის წევრი არ არის. ჩვენ უნდა ვიყოთ მათ გვერდით ყოველდღიურად, ყველა ნაბიჯზე. მე ასევე მსურს, ხალხმა იცოდეს დასავლეთ ბალკანეთში, უკრაინაში, მოლდოვასა და საქართველოში, თქვენ ხართ ჩვენი ოჯახის წევრები, თქვენ ხართ ჩვენი კავშირის მომავალი და ჩვენი კავშირი არ არის სრულყოფილი თქვენს გარეშე. ეს უნდა იყოს გზავნილი“, – განაცხადა ურსულა ფონ დერ ლაიენმა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g