LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

უკრაინის ნახევარ მილიონზე მეტი მოქალაქე რუსეთში იძულებით გადაიყვანეს, ვიდრე მოპარულ ბავშვებს არ დააბრუნებენ, ევროპული სახელმწიფოებიდან ფული არ უნდა მიიღონ: ზელენსკი

182
Untitled design

რუსმა დამპყრობლებმა დღემდე, 500 000-ზე მეტი უკრაინელი რუსეთის ფედერაციის ტერიტორიაზე იძულებით გადაიყვანეს.

ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ესტონეთის პარლამენტისთვის მიმართვის დროს განაცხადა. 

როგორც ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რუსები ცდილობენ უკრაინის მოქალაქეებს საბუთები და პირადი ნივთები ჩამოართვან და ფედერაციის შორეულ რეგიონებში გაიყვანონ.

კრემლის დოკუმენტების მიხედვით, ვლადიმირ პუტინმა თითქმის 100,000 უკრაინელი ლტოლვილი ციმბირსა და არქტიკულ წრეში გადაასახლა

“დღეს 500 000-ზე მეტი უკრაინელი იძულებით გადაადგილებულია. წარმოიდგინეთ, რამდენია! წარმოგიდგენიათ, ოკუპანტებმა მიზნად დაისახონ მთელი ტალინის გაყვანა? მთელი ქალაქის. ეს თქვენი მოქალაქეების მესამედია”, – განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა.

როგორც ზელენსკიმ სიტყვით გამოსვლის დროს განაცხადა, რუსები უკრაინელ ბავშვებს საკუთარ მშობლებს აშორებენ და უკანონო შვილად აყვანის მიზნით, მათს გადაყვანას რუსულ ოჯახებში აპირებენ.

ვოლოდიმირ ზელენსკიმ ევროკავშირის წევრი ქვეყნების წარმომადგენლებს მოუწოდა, მონახონ ის ინსტრუმენტები, რომლებიც შეაჩერებს იძულებით დეპორტაციას და ხელს შეუწყობს უკრაინელების სახლებში დაბრუნებას.

“ევროკავშირს ამის შეჩერების უზრუნველსაყოფად ძალა აქვს. ევროკავშირმა უნდა გამოიყენოს ეს ძალა. ვიდრე რუსეთი არ დააბრუნებს იძულებით წაყვანილ უკრაინელებს, ვიდრე არ დააბრუნებს ათასობით მოპარულ ბავშვს, მან არ უნდა მიიღოს ფული ევროპული სახელმწიფოებიდან და კომპანიებისგან.

ევროკავშირს არ აქვს უფლება, იყოს დეპორტაციის სპონსორი. უკრაინამ უახლოეს მომავალში ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი უნდა მიიღოს. ჩვენ უნდა ვიფიქროთ ჩვენი ქვეყნის ომის შემდგომ აღდგენაზე, როცა მას რუსეთი წააგებს და ეს აუცილებლად მოხდება. ჩვენ უნდა დავუმტკიცოთ რუსეთს და მსოფლიოს სხვა პოტენციურ რევანშისტებს, რომ ომი წინასწარ დაგეგმილ შედეგებს არ მოიტანს”, – განაცხადა ზელენსკიმ.

უკრაინაში მიმდინარე მოვლენების შესახებ მუდმივად განახლებად ინფორმაციას გაეცნობით ამ ბმულზე: ომი უკრაინაში

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები