უკრაინის პრეზიდენტის პრესმდივანმა სვიატოსლავ ცეგოლკომ ის წერილი გამოაქვეყნა, რომელიც პეტრო პოროშენკომ საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, პარტია ”ახალი ძალების” ლიდერისგან, მიხეილ სააკაშვილისგან მიიღო.
სვიატოსლავ ცეგოლკოს მიერ გამოქვეყნებულ წერილში მიხეილ სააკაშვილი წერს, რომ ბევრ პოლიტიკურ შეცდომას უშვებდა და უშვებს.
„მიუხედავად ბოლო მოვლენებისა, მე არავითარი აგრესიული განზრახვა არ მაქვს. კარგად მიცნობთ და ხვდებით, რომ ФСБ-ზე მუშაობაში ჩემი დადანაშაულება არა მხოლოდ სრული აბსურდია, არამედ ძალიან ახარებს უკრაინის მტერს. რა თქმა უნდა, მე ბევრი პოლიტიკური შეცდომა დამიშვია და ვუშვებ, მაგრამ ახლა, როგორც არასოდეს დარწმუნებული ვარ, რომ სიტუაციის დეესკალაციაა საჭირო, რათა დესტაბილიზაცია არ მოხდეს. მზად ვარ ნებისმიერ დროს შევხვდე უფლებამოსილ წარმომადგენელს და ყველაფერზე ვისაუბროთ“, – ნათქვამია წერილში.
როგორც უკრაინის პრეზიდენტის პრესმდივანმა აღნიშნა, წერილის გამოქვეყნება ჟურნალისტების მოთხოვნისა და იმ ფაქტის გათვალისწინებით გადაწყვიტა, რომ მიხეილ სააკაშვილი ამ წერილის შინაარსით მანიპულირებდა.