“უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროს ამ პასუხს არანაირი დამატება აღარ სჭირდება, რადგან ძალიან მკაფიო და ნათელია”, – საქართველოს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე უკრაინის საგარეო უწყების მიერ დღეს გავრცელებულ მიმართვას ეხმიანება და ამბობს, რომ სამინისტრომ საკუთარ მოქალაქეს საკადრისი პასუხი გასცა – თუ როგორ არ უნდა მოიქცეს სხვა სახელმწიფოსთან მიმართებით.
ნიკოლოზ სამხარაძის თქმით, სამწუხაროა, რომ ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი თავს დაესხა უკრაინის ელჩს და მას კორუმპირებული უწოდა:
“განცხადებაში ძალიან მენიშნა ფრაზა, რომ ჩვენ არ უნდა მოვცდეთ სააკაშვილის განცხადებების განსახილველად და ერთად უნდა ვიმუშაოთ იმაზე, რომ რუსული საფრთხე და აგრესია საქართველომ და უკრაინამ მოვიგერიოთ. შესაბამისად, უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროს ამ პასუხს არანაირი დამატება აღარ სჭირდება, რადგან ძალიან მკაფიო და ნათელია.
უკრაინელ კოლეგებს ყოველთვის მოვუწოდებდით, რომ მათ პოზიცია დაეფიქსირებინათ, პროცესი იქამდე არ მისულიყო, რომ ჩვენი ყოფილი პრეზიდენტი მათ ელჩსაც დაესხა თავს და კორუმპირებული და მექრთამე უწოდა. სამწუხაროა, რომ ეს საქმე აქამდე მოვიდა.” – თქვა სამხარაძემ.
შეგახსენებთ, მიხეილ სააკაშვილმა “ფეისბუქზე” დაწერა, რომ საქართველოში 6 თებერვალს გამართული დაუმორჩილებლობის აქციები არის პირველი მერცხალი იმასთან დაკავშირებით, რაც აუცილებლად გასაკეთებელია საქართველოში.
აღნიშნულ მიმართვას გამოეხმაურა უკრაინის ელჩი საქართველოში იგორ დოლგოვი და განაცხადა, რომ მსგავსი მოწოდებები საქართველოსა და უკრაინას სტრატეგიული პარტნიორობის განვითარების კუთხით არ ეხმარება.
ამის შემდეგ სააკაშვილმა ელჩს კორუმპირებული უწოდა. დღეს კი უკრაინის საგარეო უწყებამ, სააკაშვილის მიმართვის საპასუხოდ, განცხადება გაავრცელა.