უკრაინას ევროკომისიისგან უვიზო რეჟიმის გაუქმების საფრთხის შესახებ ოფიციალური სიგნალები არ მიუღია. ამის შესახებ უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროში განაცხადეს.
„ამგვარი გადაწყვეტილების მისაღებად მიზეზები არ არსებობს და არც შეიძლება არსებობდეს“, – განაცხადა უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურმა წარმომადგენელმა.
უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროში აღნიშნავენ, რომ 4 აგვისტოს ევროკავშირმა ვიზალიბერალიზაციის პირობების შესრულების შესახებ მე-4 ანგარიში გამოაქვეყნა, რომელშიც უკრაინამ დადებითი შეფასება მიიღო.
შეგახსენებთ, „ევროობზერვერმა“ ინფორმაცია გაავრცელა, რომლის მიხედვითაც, ევროკავშირი საქართველოსთვის, უკრაინისთვის, მოლდოვასა და დასავლეთ ბალკანეთის ქვეყნებისთვის უვიზო რეჟიმის გაუქმებას, სავარაუდოდ, 13 ოქტომბერს განიხილავს.
დღესვე, გერმანიის პრეზიდენტმა უვიზო რეჟიმის სავარაუდო გაუქმებაზე გავრცელებულ ინფორმაციას „ფეიკ ნიუსი“ უწოდა.