LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„უკუკავშირი, რომელიც სხვადასხვა ქვეყნების წარმომადგენლებისგან მივიღეთ, ძალიან სასიამოვნო იყო… ჯილდოებსაც ველით საერთაშორისო ჟიურისგან“ – მარიამ კანდელაკი და სალომე კალანდარიშვილი „ანესის ანიმაციური ფილმების საერთაშორისო ფესტივალზე“

784
მარიამ-კანდელაკი-და-სალომე-კალანდარიშვილი

რადიო „ფორტუნას“ და თათა სადრაძის გადაცემას „არტFM“ მარიამ კანდელაკი და სალომე კალანდარიშვილი სტუმრობდნენ, რომლებმაც „ანესის ანიმაციური ფილმების საერთაშორისო ფესტივალზე“, ქართველი მონაწილეების წარმატებებზე და სამომავლო გეგმებზე ისაუბრეს.

მარიამ, რამდენად მნიშვნელოვანია საქართველოსთვის „ანესის ფესტივალი“ და თქვენი ვორქშოფი?

მარიამი: ეს ვორქშოფი „ანესის ფესტივალთან“ ერთად 2015 დავიწყეთ და საკმაოდ წარმატებული იყო. საქართველოში 5 დღით ჩამოდიოდა ფრანგი პროდიუსერი, რომელიც ახალგაზრდებს ასწავლიდა, თუ როგორ უნდა მოამზადონ ანიმაციური პროექტი საპრეზენტაციოდ. შემდგომ, კეთდებოდა ახალგაზრდების პროექტების წარდგენის ვიდეოჩანაწერი, რომელსაც საერთაშორისო ჟიურის ვუზიარებდით. გამარჯვებული ერთი პროექტი ყოველთვის მიგვყავდა „ანესის ფესტივალზე“, რომ თავისი ნამუშევარი საერთაშორისო აუდიტორიის წინაშე წარედგინა და ეს წელსაც ასე იქნება.

შარშან, ჩვენს ვორქშოფს 10 წელი შეუსრულდა და გადავწყვიტეთ, შავიზღვისპირა ქვეყნებისთვის, რუსეთის გარდა, გაგვეხსნა პლატფორმა. ჩვენი პარტნიორები არიან ბულგარეთი, უკრაინა, რუმინეთი, თურქეთი. ვთვლი, რომ ეს ძალიან მნიშვნელოვანი პლატფორმაა და ეს არის ტრამპლინი ახალგაზრდა ანიმატორებისთვის, რათა შეიქმნას ხარისხიანი ანიმაციური ფილმები, ერთობლივი წარმოება, კოპროდუქცია.

სალომე, გაგვიზიარე შენი გამოცდილება აღნიშნულ ვორქშოფში მონაწილეობასთან დაკავშირებით…

სალომე: ვთვლი, რომ ეს ერთ-ერთი საინტერესო გამოცდილება იყო, რადგან რამდენიმე დღის განმავლობაში გვქონდა შესაძლებლობა, რომ ფრანგ პროდიუსერებთან გვემუშავა, დაგვეხვეწა ჩვენი პროექტები და შემდეგ უკვე წარგვედგინა ისინი. ძალიან საინტერესო იყო სხვა მონაწილეებთან, სხვა ქვეყნების წარმომადგენლებთან ინფორმაციის გაცვლა.

ჩვენი პროექტები ძალიან პოზიტიურად იყო აღქმული. უკუკავშირი, რომელიც სხვადასხვა ქვეყნების წარმომადგენლებისგან, პარტნიორებისგან მივიღეთ, ძალიან სასიამოვნო იყო. დიდი მადლობა „საქანიმას“ ასეთი შესაძლებლობისთვის და ასევე „საქართველოს კინოცენტრს“, რომელიც ძალიან დაგვეხმარა.

მოგვიყევი შენს პროექტზე.

სალომე: ეს არის ჩემი პირველი ანიმაციური პროექტი, რომელიც არის ახალგაზრდა ქალზე, რომელსაც აქვს ძალიან წარმატებული კარიერა, თუმცა ამასთანავე ძალიან რუტინული და მიუხედავად იმისა, რომ ერთი შეხედვით, ყველაფერი აქვს, არ არის ბედნიერი, რადგან არ არის იმ ადგილას, სადაც უნდა, რომ იყოს. ამ გამოცდილებაზე, ამ შიშთან დაპირისპირებაზე, კომფორტის ზონის დატოვებაზე არის ფილმი

როგორ აფასებენ ქართულ პროექტებს უცხოელები?

მარიამი: სექტემბრის ბოლოს ვიყავი ოტავაში, კანადაში, სადაც ქართული ანიმაციური ფილმების პროგრამა წარვადგინე და კანადის კრიტიკოსების უკუკავშირი მართლა აღსანიშნავი იყო. დაიწერა, ქართული ანიმაციური ფილმები, რომლებიც მდიდარია სულიერებით. ვფიქრობ, ეს ძალიან კარგი შეფასებაა, რადგან სწორედ ეს არის ის ნიშა, რაც ქართულ ანიმაციას აქვს. ჩვენ ვერასდროს გავხდებით ამერიკული ბლოკბასტერების კონკურენტები და ამაზე პრეტენზიაც არ გვაქვს და ის, რომ საქართველოში არსებობენ ასეთი ნიჭიერი ახალგაზრდები, რომ ქმნიან საინტერესო ფილმებს, აქვთ გულახდილი პროექტები, რომ თითოეულ ავტორს თავისი ხელწერა აქვს, ვფიქრობ, სწორედ ეს არის ქართული ანიმაციის მომავალი. ჩვენ ყველანაირად ხელს ვუწყობთ მათ შემოქმედებას.

ვისაუბროთ იანვრის გეგმებზე, ასევე ჯილდოებზე…

მარიამი: მნიშვნელოვანია ის ჯილდოები, რაც წლევანდელ ვორქშოფზე გვაქვს. თითო ქვეყნიდან თითო პროექტი გაემგზავრება „ანესის“ ფესტივალზე, ქართველი მონაწილეს მგზავრობის ხარჯებს დაფარავს „ეროვნული კინოცენტრი“ . გვექნება სხვა რეზიდენციებიც, ერთი არის ფონტევროს რეზიდენცია, სადაც ახალგაზრდას ერთი თვის განმავლობაში ექნება საშუალება, რომ იმუშაოს თავის პროექტზე, სხვადასხვა მენტორების ხელმძღვანელობით. მერე არის სამკვირიანი რეზიდენცია საფრანგეთში. ასევე, რუმინეთში იქნება ქალ ანიმატორების ვორქშოფი, რომელიც მომავალი წლის მარტის თვეში ჩატარდება და ერთ-ერთი ჯილდო რუმინეთში გამგზავრება იქნება.

ძალიან რთული იყო პროექტების შერჩევა, რადგან წელს, 95 პროექტი შემოვიდა და ძალიან დიდი კონკურსი იყო. ვფიქრობ, ამ ვორქშოფში მონაწილეობაც ძალიან დიდი წარმატებაა, მაგრამ რა თქმა უნდა, ჯილდოებსაც ველით საერთაშორისო ჟიურისგან.

მარიამ, მოგვიყევით პროექტის მეორე გამარჯვებულზე.

მარიამი: მეორე გამარჯვებული არის ლინა აქულაშვილი, თავისი პროექტით „ბიჭი და კარალიოკის ხე“. არის თოჯინური ანიმაცია, განსხვავებული ხედვაა, ძალიან საინტერესო, სითბოთი სავსე პროექტია.

როგორია სამომავლო გეგმები?

მარიამი: 2026 წელს თურქეთში, სტამბოლში გვექნება ვორქშოფი. დავიწყეთ საქართველოთი და ბულგარეთით. შემდეგ, იქნება რუმინეთი და ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ კიევშიც ძალიან მალე იქნება. შემდეგ, კვლავ საქართველოში დავბრუნდებით.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g