წლებია საქართველოში ავტომობილების რაოდენობამ საგრძნობლად მოიმატა. შესაბამისად, საზოგადოებრივი ტრანსპორტი მეორეხარისხოვანი გახდა. თუმცა, მხოლოდ ავტომობილების სიმრავლე არ არის ამის მიზეზი: მოუწესრიგებლობა, უჰაერობა, გაუმართაობა, გამონაბოლქვი, დისკომფორტი.
მნიშვნელოვანია ეფექტიანი სატრანსპორტო სისტემის შექმნა და შემდგომი განვითარების პროცესის მართვის სისტემის ჩამოყალიბება.
დედაქალაქის მერიამ თბილისის ავტობუსების ახალი ქსელი წარადგინა.
მოაგვარებს თუ არა ქვეყანაში არსებულ პრობლემას ახალი სატრანსპორტო ქსელი ან რამდენად გამართულია პროექტი, ამის შესახებ “ფორტუნასთან” კომენტარი ექსპერტმა ტრანსპორტისა და საგზაო უსაფრთხოების საკითხებში გელა კვაშილავამ გააკეთა:
“ეს არის სწორი გზა. ძალიან დიდი პრობლემა იყო აქამდე, იმიტომ რომ ნაკლები ავტობუსი იყო, ძალიან ცოტა რაოდენობის ხალხი ეტეოდა. დიდი ქაოსი იყო. ახლა ეს აღარ მოხდება. როდესაც ეს ქსელი საბოლოოდ აეწყობა, მეტად აქტუალური, მოთხოვნადი და საჭირო გახდება საზოგადოებრივი ტრანსპორტი”.
რამდენად მნიშვნელოვანია საზოგადოებისთვის სატრანსპორტო ცვლილებები და რას შეუწყობს ხელს განახლებული საავტობუსე ზოლები, ამის შესახებ, „საქართველოს ალიანსი უსაფრთხო გზებისთვის“ თავმჯდომარეს, ეკა ლალიაშვილს ვესაუბრეთ.
რამდენად კმაყოფილი ხართ, როგორია მოლოდინი, გაუმჯობესდება თუ არა მდგომარეობა?
რომ გადავხედოთ ბოლო ათ ან ხუთწლეულს და წარმოვიდგინოთ, რა ხდებოდა დედაქალაქში ამ მიმართულებით. სატრანსპორტო პოლიტიკა, როგორც ასეთი, არ გვქონია და ზოგადად ქსელის განვითარებაზეც არასოდეს არ ყოფილა საუბარი. ბოლო ორი-სამი წელია გვესმის, რომ ეს მნიშვნელოვანი საკითხია. მოტორიზაციის ზრდამ, ავტომობილზე უპირატესობის მინიჭებამ, ქუჩების გადატვირთვამ ეს დღის წესრიგში დააყენა. უკვე კოლაფსისკენ მივდიოდით. ამიტომ გარდაუვალი იყო ამ ნაბიჯის გადადგა და ბუნებრივია მივესალმები იმ პოლიტიკას, რასაც დედაქალაქი ახორციელებს. ფაქტობრივად დღეს საზოგადოებრივი ტრანსპორტი პრიორიტეტი გახდა.
რა იცვლება ახალი პროექტის მიხედვით?
პირველი, ლოდინის დრო მცირდება. ინტეგრირებული იქნება შშმ პირებისთვის. რაც შეეხება ცალკე დერეფნებს, ეს ავტობუსს ავტომატურად პრიორიტეტს მიანიჭებს. მას არ შეაფერხებს, არც საცობები. დღევანდელი სატრანსპორტო ცვლილებები, ვფიქრობ, აბსოლუტურად დაალაგებს არსებულ მდგომარეობას. ჩემი პირველადი შეფასებით, ის, რაც ჩაფიქრებულია, ვფიქრობ, რომ არის ძალიან სწორი გზა, რადგან მივდივართ ისეთი ტრანსპორტის შექმნისკენ, რომელიც ადამიანს მოემსახურება უსაფრთხოდ, კომფორტულად და ადამიანზე ორიენტირებულად.
რამდენად არის მოსალოდნელი, რომ შეიძლება საერთოდ აღარ გახდეს საჭირო მიკროავტობუსების არსებობა?
ზუსტად ეს არის ჩაფიქრებული, რომ იმდენი მიკროავტობუსის საჭიროება, რაც აქამდე იყო, აღარ იქნება. ისინი მთავარი ქუჩებიდან მეორეხარისხოვან ქუჩებში გადაინაცვლებენ. რა თქმა უნდა, მათაც თავისი როლი ექნება, მაგრამ ძირითად ფუნქციას მაინც ავტობუსი შეასრულებს, რაც ნორმალურია და ასეც უნდა იყოს. ის მიკროავტობუსები, რომელიც დარჩება, უნდა იყოს გამართული, ეკოლოგიურად სუფთა და არავითარ შემთხვევაში ისეთი, როგორიც აქამდე იყო.
ვის დაქვემდებარებაში იქნება მიკროავტობუსები, ვის უნდა მიმართოს საზოგადოებამ დარღვევების ან გაუმართაობის შემთხვევაში?
როგორც ვიცი, მიკროავტობუსები არის კერძო კომპანიის მფლობელობაში. არ ვიცი მომავალში, როგორ იქნება. ჩემი ინფორმაციით, ახალი მიკროავტობუსების შეძენაში არსებულ კომპანიას მერია დაეხმარა და ისევ მათ დაექვემდებარება.
როგორ ფიქრობთ, მოგვარდება თუ არა მგზავრების ფეხზე დგომის პრობლემა და იქნება თუ არა მძღოლებისთვის ფიქსირებული ხელფასი სტიმული?
ეს პრობლემა ძირითადად მიკროავტობუსებშია, რაც მძღოლების ანაზღაურებით იყო გამოწვეული. მათ ხელფასი მგზავრების რაოდენობიდან გამომდინარე ჰქონდათ. შესაბამისად, ისინი ცდილობდნენ ბევრი ადამიანის გადაადგილებას. ახლა, რადგან ეს შეიცვალა და მათ კონკრეტული ინტერესი აღარ აქვთ, პირიქით იციან, რომ შეიძლება ამის გამო ჯარიმა დაეწეროთ და მეტად დაზარალდნენ, სიტუაცია გამოსწორდება. მნიშვნელოვანია ასევე მძღოლის სამუშაო საათების გაკონტროლება.
რამდენად კარგად და სწორად იგეგმება საგზაო ინფრასტრუქტურა და რამდენად უსაფრთხოა?
მეიმედება, რომ წელს თუ არა, ორ წელიწადში მაინც მნიშვნელოვან ცვლილებებს ვიგრძნობთ. თუნდაც, ამ ერთი დერეფნის ფონზე. რა თქმა უნდა, დავაკვირდებით და მგზავრებში გამოკითხვასაც ჩავატარებთ. კარგია, როცა საქმის კურსში გვაყენებენ. ამის უგულვებელყოფა არ შეიძლება. ზუსტად, იგივე მიდგომა მინდა დავინახო ხელისუფლებისგან ყველა მიმართულებით. ეს იქნება ტექინსპექტირება თუ სხვა ტიპის ცვლილებები, რომელიც ასე ორიენტირებულად მიზნისკენ მიმართულად განხორციელდება.
გამონაბოლქვი, როგორც ავტომობილების, ასევე ავტობუსებისა და მიკროავტობუსების… ტექინსპექტირების პრობლემასაც ხომ არ ვაწყდებით?
ტექინსპექტირება დღეს გადასარჩენია. ამაში ძალიან დიდი შრომა ჩაიდო, მაგრამ ადმინისტრირება ძალიან შესუსტებულია. ამას ყველა ვხედავთ, რომ სერიოზული სამუშაოა. დიდი იმედი მაქვს, რომ არჩევნების ჩავლის შემდეგ, ამ პრობლემას მიეხედება.
სხვა პრობლემებსაც შევეხოთ. არის შემთხვევა, როდესაც საზოგადოებრივი ტრანსპორტის მძღოლები “საავტობუსე ზოლიდან” გადმოდიან და ავტომობილების მოძრაობას მაინც აფერხებენ?..
ეს პოლიციის საქმეა. უნდა კონტროლდებოდეს ყვითელი ზოლები. თუმცა, სამწუხაროდ კამერები ყველგან არ არის. სადაც არის და კონტროლდება, იქ აფიქსირებს დარღვევას და იწერება ჯარიმა. სასურველია, რომ ეს იყოს ყველგან.
როგორ უნდა მოგვარდეს საცობების პრობლემა?
პირველ რიგში, ვიტყოდი, რომ ეს არის საკითხი, რომელსაც ასე სწრაფად ვერ მოვაგვარებთ. სატრანსპორტო პოლიტიკა, რომელიც უკვე დაწყებულია იმის საწინდარია, რომ ხვალ გამართული საზოგადოებრივი ტრანსპორტი გვექნება. ეს ფაქტობრივად კერძო ავტომობილებს შეამცირებს. აქედან გამომდინარე, საცობებიც შემცირდება. ასევე, უსაფრთხოების თვალსაზრისით საგზაო შემთხვევების შემცირებასაც ხელს შეუწყობს. ამაში მარტო მერია არ არის მთავარი. თითოეულმა მოქალაქემ უნდა მივიღოთ მონაწილეობა, იმიტომ, რომ ეს ჩვენთვის კეთდება. თუმცა, ეს ვერ მოგვარდება თუ ტრანსპორტი არ იქნება გამართული.
მიკროავტობუსები, რომლებიც თბილისიდან რეგიონებში გადაადგილდება, გაუმართავია…
საქალაქთაშორისო გადაადგილება სახმელეთო ტრანსპორტის სააგენტოს, ეკონომიკის სამინისტროს ეკუთვნის. ეს უფრო სახელმწიფო დონეზე ასაყვანი საკითხია და სამინისტრომ უნდა დაარეგულიროს. ასევე მნიშვნელოვანია ავტოსადგურების დარეგულირება.
მინდა ტაქსებსაც შევეხო. საავტობუსე ზოლები ხშირად ხელს უშლის ტაქსის მძღოლს მგზავრის აყვანაში ან ავტომობილის გაჩერებაში. ხომ არ იჩაგრებიან ტაქსის მძღოლები?
პირველ რიგში, პრიორიტეტულია საზოგადოებრივი ტრანსორტი და ამაზე ყველა ვთანხმდებით, მაგრამ ყვითელ ზოლებში წყვეტილი ხაზებია, სადაც ტაქსის მძღოლებს შეხვევა შეუძლიათ. ტაქსის საკითხები განსახილველია. ორი კატეგორიის ტაქსი გვყავს და გარკვეული უპირატესობები გვაქვს. მაგალითად, იყოს ტაქსის გაჩერებები, სადაც მგზავრს ეცოდინება, რომ იმ კონკრეტულ ადგილზე შეუძლია დაელოდოს და ტაქსის მომსახურებით ისარგებლოს. ჩვენ მაინც დარეგულირებისკენ მივდივართ. ამიტომ გარკვეული რეგულაციები საჭიროა.
მერიის პროექტის ფარგლებში 10 სწრაფი სატრანზიტო დერეფნის მოწყობა მიმდინარეობს.
მარშრუტები შემდეგნაირად გადანაწილდა:
• სწრაფი სატრანზიტო საავტობუსე მარშრუტი N301 – პოლიტკოვსკაიას ქუჩიდან ბერი გაბრიელ სალოსის გამზირის მიმართულებით.
• საქალაქო საავტობუსე მარშრუტი N 332 – ნუცუბიძის IV მ/რ -დან
„თბილისი ცენტრალის“ მიმართულებით. მარშრუტზე იმოძრავებს 10
ავტობუსი 12-წუთიანი ინტერვალით.
• საქალაქო საავტობუსე მარშრუტი N385 – ვაკის და საბურთალოს
რაიონში. მარშრუტზე წრიული პრინციპით იმოძრავებს.
• საქალაქო საავტობუსე მარშრუტი N 334 – წყნეთიდან მეტრო “დელისის” მიმართულებით.
• საუბნო მარშრუტი N 401 – მეტროსადგურ „სახელმწიფო
უნივერსიტეტიდან“ პოლიტკოვსკაიას ქუჩის მიმართულებით.
ავტობუსების პარკის განახლების მიმდინარე პროცესის ფარგლებში: უკვე შემოყვანილია 550 ახალი ავტობუსი; მომავალი წლის პირველ კვარტალში დასრულდება დამატებით 12-მეტრიანი 130 ავტობუსის შემოყვანა, ხოლო 2021 წლიდან ამ რაოდენობას 18-მეტრიანი 200 ავტობუსი დაემატება.