ჯილდა დათუაშვილის სახელი შეიძლება ბევრისთვის აღარ ჟღერდეს ისე ხმამაღლა, როგორც უნდა ჟღერდეს, მაგრამ მათ, ვინც მისი ხმის პირველად მოსმენისთანავე შთაბეჭდილების ქვეშ მოექცა, კარგად ახსოვთ მისი უნიკალური ხმა, ემოცია და გულწრფელობა, რაც მის თითოეულ სიმღერას თან ახლდა. ის ერთ-ერთი იყო იმ მომღერალთაგან, ვინც არა მხოლოდ მღეროდა, არამედ ცხოვრობდა მუსიკით.
ჯილდა დათუაშვილი დაიბადა სოფელ ველისციხეში, გურჯაანის მუნიციპალიტეტში. მუსიკალური ნიჭი ადრეულ ასაკში გამოავლინა, ბავშვობიდანვე აღაფრთოვანებდა მასწავლებლებს თავისი სმენითა და ინტონაციური სისუფთავით. სკოლის პერიოდში აქტიურად მონაწილეობდა ფესტივალებსა და მუსიკალურ ღონისძიებებში, სადაც მისი შესრულება ყოველთვის გამორჩეული იყო. სწავლა თბილისის მუსიკალურ სასწავლებელში გააგრძელა, სადაც მისი მუსიკალური შესაძლებლობები კიდევ უფრო გამყარდა.
აი, რას იხსენებს თამარ მახარაშვილი, რომელიც წლები ცნობილი ველისციხელების ისტორიებს იკვლევდა: „60-იან წლებში, კულტურული ცხოვრების თვალსაზრისით, საქართველოში დიდი გარდატეხა მოხდა. სწორედ ამ პერიოდში გამოვიდნენ ასპარეზზე ნანი ბრეგვაძე, გიული ჩოხელი და სხვა ახალგაზრდა გოგოები, რომლებიც ქართველ მსმენელს არასოდეს დაავიწყდება. მათ რიცხვს განეკუთვნებოდა ჯილდა დათუაშვილიც. ის გამოჩენისთანავე გახდა საზოგადოების გულთამპყრობელი, მის სილამაზეზე დადიოდა ლეგენდები“.
დიახ, ჯილდა საოცრად ლამაზი იყო – სიფრიფანა, ჰაეროვანი, ქერათმიანი, ტკბილხმოვანი გოგონა.
დიდ სცენაზე ჯილდა დათუაშვილი ჯემალ ბაღაშვილმა გაიყვანა. მას სიმღერებს უწერდნენ ცნობილი კომპოზიტორები: ვაჟა აზარაშვილი, ბუბა კიკაბიძე, რევაზ ლაღიძე, თუმცა ახალგაზრდა მუსიკოსის სავიზიტო ბარათი გახდა სიმღერა „ჩუმად მითხარი”, რომელიც მისთვის კომპოზიტორმა ნოდარ გიგაურმა დაწერა.
ჯილდამ 1969 წელს საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ქიმიური ფაკულტეტი დაამთავრა, ის იყო ინსტიტუტის საესტრადო ორკესტრის სოლისტი. სწორედ აქედან იწყება მისი პროფესიონალური კარიერა. 1960-იან წლებში ჯილდა დათუაშვილი უკვე ქართული ესტრადის სცენაზე იდგა. მისი ნაზი, მელოდიური ხმა და ლირიკული ინტერპრეტაცია ხშირად სევდიანი, ფერადოვანი და შინაგანი განცდებით დატვირთული სიმღერების საუკეთესო შესრულებად მიიჩნეოდა. მას არ სჭირდებოდა ხმამაღალი ჟესტები ან დეკორატიული ეფექტები, მისი ვოკალი თავად იყო ემოციური სპექტრი, რომელიც მსმენელის გულამდე მიდიოდა.

ცოტამ თუ იცის, რომ ჯილდას ბევრი სიმღერა მხოლოდ რადიოსა და ტელევიზიაში ისმოდა და არ ჩაწერილა ალბომებად, რის გამოც დღესაც ძნელია მისი შემოქმედების სრული არქივის შეგროვება. მისი ერთ-ერთი ცნობილი სიმღერა, რომელიც ტელევიზიაში მხოლოდ ერთხელ გაჟღერდა, წლების შემდეგ მუსიკათმცოდნეებმა „დაკარგულ მარგალიტად“ შეაფასეს. მისი სიმღერები არამარტო მელოდიით, არამედ ტექსტითაც გამოირჩეოდა, ისინი ჰყვებოდნენ სიყვარულზე, ლოდინზე, ტკივილზე და იმედზე. მსმენელი ხშირად გრძნობდა, რომ ჯილდა მღეროდა არა სცენიდან, არამედ გულიდან გულამდე, თითქოს თითოეული სიმღერა წერილი იყო, მხოლოდ მისთვის დაწერილი.
ჯილდა დათუაშვილი, რამდენიმე წლის წინ, რუბრიკაში „ერთი სიმღერის ამბავი”, გაიხსენა თამრიკო ჭოხონელიძემ:
„ჯილდა დათუაშვილზე მიამბო ბატონმა ჯემალ ბაღაშვილმა, რომელიც იმ დროს ახალგაზრდა ყმაწვილი იყო და პოლიტექნიკურის კვარტეტში გიტარაზე უკრავდა. ერთ-ერთი კონცერტის შემდეგ, როდესაც ინსტრუმენტებს ალაგებდნენ, შემოესმა გოგონას საოცარი, არამიწიერი და უცხო ხმა… მოუხედავს და სცენაზე კაფანდარა გოგონა დაუნახავს, რომელმაც თავისი ხმის სიძლიერით გამაოგნაო. განსხვავებული ტემბრი ჰქონდაო. დაველოდე და რომ გამოვიდა, ვკითხე, ვინ ხარ და სად სწავლობო? მე ვარ ჯილდა დათუაშვილი, ჯერ სკოლაში ვსწავლობო, უთქვამს. აღმოჩნდა, რომ ველისციხიდან არის, სკოლაშიც იქ სწავლობს, როგორც ჩანს, ვიღაცამ მოისმინა, ჩამოიყვანა და ამღერა. შენი ასე გაშვება არ შეიძლება და კვარტეტის ხელმძღვანელს, სოსო ტუღუშს უნდა მოვასმენინო შენი სიმღერაო – ბატონ ჯემალს უთქვამს. ბატონ სოსოს კვარტეტთან ერთად სახელდახელოდ გაკეთებული სიმღერა მოასმენინეს. კიდევ რას მიმღერებო? და ჯილდამ აკაპელაში უმღერა კუბური „ავე მარია”… ამ სიმღერას სულში ჩამწვდომად ასრულებდა… მოკლედ, აქ მინდა ამ ანსამბლში რომ იყოო, უთქვამს სოსო ტუღუშს”, – გვიყვება თამრიკო ჭოხონელიძე.
თურმე, ცნობილი მომღერლები, შედარებით „დიდი ფიგურები” სიმღერას რომ „გადააგდებდნენ”, დაიწუნებდნენ, მას ჯილდა, თურმე, ისე მღეროდა, მერე ის „დიდები” ნანობდნენ ამ სიმღერის გადაგდებასო, ჰყვებიან.
მოკლედ, ყველაფერი ისე იყო, როგორც ზღაპარში, რომ არა 1970 წელი, როცა ახალგაზრდა გოგონას თავის ტკივილები დაეწყო, მალევე ის ქვეყნის ფარგლებს გარეთ გადააფრინეს, დიაგნოზი სავალალო აღმოჩნდა, თავის ტვინის სიმსივნე. სიცოცხლის ბოლო წელს, ირაკლი გიგაურმა სპეციალურად მისთვის დაწერა სიმღერა და ავადმყოფობისგან უკვე დაუძლურებულმა, თურმე, გარდაცვალებამდე ერთი კვირით ადრე შეასრულა და ჩაწერა.
ჯილდა დათუაშვილი 1971 წლის 1 მაისს, 24 წლის ასაკში გარდაიცვალა. აი, როგორ იხსენებდა მას ვაჟა აზარაშვილი: „ჯილდა დათუაშვილი იყო იმ მომღერალთაგანი, რომლის ხმა არ გავიწყდება. მას შეეძლო სიმღერის სიტყვების მიღმა ის ემოცია გადმოეცა, რაც თავად ავტორსაც კი გაუჭირდებოდა. ის მღეროდა გულით და სუფთად“.
„ჯილდას სიმღერაში იყო სინაზე, რაც მის ქალურ ბუნებას ასახავდა – თითქოს ფარდის მიღმა მღეროდა, მორიდებით და მაინც მძლავრად“, – იხსენებდა დოდო აბაშიძე.
და მართლაც, ჯილდა დათუაშვილი, შესაძლოა, დღევანდელ თაობას ნაკლებად ახსოვდეს, მაგრამ მისი ადგილი ქართულ მუსიკალურ მემკვიდრეობაში უკლებლივ რჩება. ის იყო იმ თაობის ნაწილი, რომელმაც ქართული ესტრადა მაღალი გემოვნებით, ემოციური სიღრმით და მხატვრული ღირსებით წარმოსახა. მისი ხმა, სევდიანი და ამავდროულად დამამშვიდებელი, დღემდე რჩება იმ დროის მუსიკალური კადრის ნაწილად, რომელიც არ უნდა დავივიწყოთ. როცა ვუსმენთ ჯილდა დათუაშვილის სიმღერებს, ვგრძნობთ, ეს არ არის უბრალოდ წარსული. ეს არის დროის ხმოვანი მემკვიდრეობა, ხმა, რომელიც იმდროინდელ სიყვარულს, ტკივილს და ოცნებებს კიდევ ერთხელ აცოცხლებს. შესაძლოა თვალი მოგიკრავთ კიდეც, არსებობს ჯილდას ულამაზესი პორტრეტი, რომელიც 1974 წელს კორნელი სანაძემ დახატა.
მიუხედავად იმისა, რომ ჯილდას შემოქმედება ძირითადად რადიოს არქივებშია შემორჩენილი და ბევრ ჩანაწერს სპეციალისტები დღემდე ეძებენ, ჯილდას ხმა მაინც ისმოდა და ისმის გულით.