LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ულამაზესი სიმღერაა, ვიცი, რომ მსმენელს ძალიან შეუყვარდება ეს ნამუშევარი“ – დუეტი „ლეონი“ პრემიერით „არ დაიდარდოში“

1941
206026552_1351454961917066_179557085777116208_n

9 ივნისს რადიო „არ დაიდარდოს“ „მხიარული დილის“ სტუმარი მომღერალი ლევან წვერავა გახლდათ, რომელმაც არსებულ პროექტებზე, სამომავლო გეგმებზე და დაგეგმილ კონცერტებზე ისაუბრა. გადაცემაში დუეტის „ლეონი“ ახალი სიმღერის „შენ, ისევ შენ“ პრემიერა შედგა.

 ლევან, მრავალი პროექტით ხართ დაკავებული, დუეტი „ლეონი“, „ერეკლეონი“, „სეიშენი“, ძალიან აქტიურად მუშაობ და მაინტერესებს, ახლა რა ხდება შენს შემოქმედებაში, რა სიახლეებია?

ჩაბმული ვარ შრომაში, ვაკეთებ ახალ-ახალ სიმღერებს და როგორც ყოველთვის, ჩემს სფეროს არ ვღალატობ. „ლეონის“ მხრივ სიახლეები ყოველთვის იყო, ახლაც გამზადებული გვაქვს რამდენიმე ახალი სიმღერა და დარწმუნებული ვარ, ადამიანები ძალიან შეიყვარებენ მათ. ძალიან მარტივია რაღაცების კეთება, როცა გაქვს იდეები, აკეთებ იმ საქმეს, რომელიც გიყვარს და ირგვლივ ძალიან კარგი გუნდი გყავს, ვგულისხმობ, ერეკლე დიდიას, ჩემს მეუღლეს, ნინი კენჭიაშვილს და რა თქმა უნდა, „სეიშენის“ ბიჭებს. „ერეკლეონი“ ახალი დაძრულია და ეს პროექტი სრულიად განსხვავდება „სეიშენისგან“ და „ლეონისგან“, სრულიად სხვა სტილია. მე და ერეკლე დიდიას უფრო დისკოს და ფანკის მიმართულება გვაქვს აღებული. „ერეკლეონთან“ დაკავშირებითაც ბევრი გეგმაა. რაც შეეხება დუეტს „ლეონი“, შრომამ გაამართლა, სწორ დროს სწორი მუსიკა  სწორ ადგილზე მოხვდა და მადლობა ღმერთს, რომ ძალიან ბევრი გულშემატკივარი გვყავს. მგონი, სადაც კი ქართველია, ყველგან ისმის ჩვენი მუსიკა.

ნამდვილად ძალიან დიდი პოპულარობით სარგებლობს თქვენი რეპერტუარი ემიგრანტებში და მაინტერესებს, ტურნეს და გარკვეულ ღონისძიებებს თუ გეგმავთ ემიგრანტებისთვის?

ემიგრანტებისგან ყოველთვის განსაკუთრებული სიყვარული და ემოცია მოდის, ამას ისევ ჩვენი სიმღერით, სიყვარულით და ურთიერთობით თუ ვუპასუხებთ. ყოველდღე ასობით წერილი მოგვდის მე და ნინის, გვწერენ როგორ მოსწონთ ჩვენი შემოქმედება, ჩვენი ოჯახი, გვამხნევებენ და გვეუბნებიან თუ როგორ ვუყვარვართ, ამაზე მაგარი კი არაფერია. ამ ეტაპზე, საგასტროლო კონცერტები უფრო მეტი გვაქვს დაგეგმილი, ვიდრე საქართველოში ჩასატარებელი. 22 ივნისს ისრაელში მივფრინავთ და იქ გავმართავთ კონცერტს, ძალიან ბევრი ადამიანი გველის, ბილეთების 80% უკვე გაყიდულია. შემდეგი ეტაპი იტალია და საბერძნეთი გახლავთ.

„სეიშენთან“ დაკავშირებით როგორი გეგმები გაქვთ?

აგვისტოში ჯგუფის ოთხივე წევრი მოვიყრით თავს საქართველოში, ძალიან კარგი გეგმები გვაქვს, რამდენიმე ძალიან კარგ კონცერტს გავმართავთ. გვინდა, ჩვენი მსმენელი გავახაროთ.

დღეს გვაქვს სიმღერის „შენ, ისევ შენ“ პრემიერა. მოგვიყევი ამ სიმღერის შესახებ.

„შენ, ისევ შენ“ ზურა ჩინჩალაძის ულამაზესი სიმღერაა. ზურასგან ყველანაირი თანხმობა გვაქვს, ასე გვითხრა, თუ გინდათ, ახალ სიმღერასაც დაგიწერთ, ძალიან მიყვარხართ და გაფასებთო. ვიცი, რომ მსმენელს ძალიან შეუყვარდება ეს ნამუშევარი.

 

გადაცემის ჩანაწერი:

დუეტი „ლეონი“ – შენ, ისევ შენ

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები