სოფელ მარტყოფში, დაახლოებით, 2 წლის წინ სოციალური საწარმო „ულევი კერამიკა“ დაფუძნდა, რომელმაც მიზნად ასაკის ნიშნით სტიგმატიზებული ადამიანების რესოციალიზაცია და ეკონომიკური გაძლიერება დაისახა. აღნიშნულ საწარმოში სურთ, რომ საწარმოში შექმნილი ხარისხიანი კერამიკული პროდუქცია გახდეს მტკიცებულება იმისა, რომ 60 წელს გადაცილებული ადამიანები კონკურენტუნარიანი შრომითი ძალაა და რომ საზოგადოების მხრიდან ამ ასაკობრივი ჯგუფის მიმართ არაჯანსაღი ემპათია დამსახურებული პატივისცემის გრძნობით შეიცვალოს.
თაკო ბაქრაძე, სოციალური საწარმოს „ულევი კერამიკა“ დამფუძნებელი:
– „ულევი კერამიკის“ დაფუძნებას წინ უძღოდა 2015 წელს ჩემი ბებიისთვის შექმნილი პატარა სტარტაპი სახელწოდებით „ბებოსია“. ბიძგი ბებოსთვის დასმულმა სიმსივნის დიაგნოზმა და მისმა დეპრესიულმა განწყობამ მომცა. საბედნიეროდ, ეს დაავადება ასაკში არ პროგრესირებს, გაგვიმართლა, ამიტომაც თავის შესაქცევად, სახლის პირობებში, პატარა სახელოსნო მოვუწყვე, სადაც ბებო ხის ფანერაზე გამოჭრილ ნაძვის ხის სათამაშოებზე ხატავდა, ბრჭყვიალებით აფორმებდა და მათ შემდეგ წინასაახალწლოდ ვყიდდით. გარდა იმისა, რომ ძალიან გაერთო, ამბობდა, ხატვის დროს ხელის კანკალი მიჩერდებაო. დროთა განმავლობაში მისი ნამუშევრებით არაერთი მედიასაშუალება დაინტერესდა, მის შესახებ ფართო საზოგადოებამ შეიტყო. შემდეგ უკვე, როცა საახალწლო ბაზრობებში მონაწილეობდა და რიგითი ადამიანები ცნობდნენ, ფრთაშესხმული დადიოდა, 10 წლით გამიხანგრძლივდა სიცოცხლეო.
ერთ დღესაც სოციალური პროექტი გამოცხადდა, ერთ-ერთი ბანკისა და კერამიკის სტუდიის მიერ, რომლითაც ხანდაზმულებს სთავაზობდნენ კომპიუტერული პროგრამების შესწავლას, იოგას, კერამიკის კურსს. მე ბებოსთვის კერამიკის კურსი ავირჩიე და როცა აპლიკაცია შევავსე, „ბებოსიას“ ბმული დავურთე, რათა ენახათ, რამდენად შრომისუნარიანი და ენერგიული იყო ქალი 82 წლის ასაკში. მოგვივიდა დადებითი პასუხი, რის შემდეგაც დაიწყო 6 კვირიანი კურსი, რომელზეც ბებო მე დამყავდა, რადგან დამოუკიდებლად გადაადგილება უჭირს. ყველა გაკვეთილს დავესწარი და ამ კურსის განმავლობაში თითოეული ხანდაზმულის ტრანსფორმაციის შემსწრე გავხდი. გარდა იმისა, რომ ისინი ერთმანეთთან დამეგობრდნენ, ბეჯითად ასრულებდნენ მასწავლებლის დავალებებს. როცა კურსი დასრულდა, სამწუხაროდ, ისევ სახლში ჩასხდნენ, თითქოს ჟანგბადის ბალონი გადაეკეტათ. სწორედ მაშინ მომინდა გამეკეთებინა კერამიკის ისეთი სახელოსნო, სადაც 60 წელს გადაცილებული ადამიანები მუდმივად შეძლებდნენ მისვლას, ახალი სოციალური კავშირების გაბმას, სადაც დაიბრუნებდნენ თავის მოვლის სურვილს და ა.შ.
სახელოსნოს ადგილმდებარეობად მარტყოფი ავარჩიე და ავარჩიე იმიტომ, რომ ის ბებოს სოფელია, ბავშვობა მეც აქ მაქვს გატარებული. მართალია, სოფლის სახლში პატარა სტუდია უკვე გვქონდა, მაგრამ იმისთვის, რომ სოციალურ საწარმოდ ჩამოვყალიბებულიყავით, საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრისა (CSRDG) და ევროკავშირის დაფინანსება დაგვეხმარა. უნდა აღინიშნოს, რომ ეს არ იყო დაფინანსება დაფინანსებისთვის – ეს ორგანიზაციები ბიზნესის არმცოდნე ადამიანს ბევრ საკითხში გარკვევაში დამეხმარნენ, რათა იდეა საქმედ ქცეულიყო. გავიარე CSRDG-ის ერთთვიანი ტრენინგ კურსი, რომელიც მოიცავდა ფინანსისტის დახმარებას, სოციალურ მეწარმეობაზე ცნობიერების ამაღლებას, მარკეტინგის მნიშვნელობის გააზრებას.
სწორედ მარკეტინგის შესახებ ლექციების გავლის შემდეგ დავიწყე ჩემი სოციალური საწარმოსთვის შესაფერისი სახელწოდების ძიება. დიდი თავსატეხი აღმოჩნდა, რადგან გარდა იმისა, რომ სახელწოდებას ქართულ ენაზე შინაარსობრივი დატვირთვა უნდა ჰქონოდა, ის საერთაშორისო ენაზე – ინგლისურად მარტივად წარმოსათქმელიც უნდა ყოფილიყო. დიდი ფიქრის შემდეგ კონცეფცია დალაგდა – ულევი არის ის, რაც არ ილევა ასაკის მატებასთან ერთად. ასაკში შეიძლება თმის პიგმენტი გაილიოს და გაჭაღარავდე, კოლაგენი გაილიოს და დანაოჭდე, თვალი აღარ გიჭრიდეს, მუხლი აღარ გერჩოდეს, მაგრამ გული იგივე რჩება, ანუ სიცოცხლის წყურვილი, ცხოვრების ჟინი ციფრებზე არ არის დამოკიდებული, ის შეიძლება გქონდეს 87 წლის ასაკში და არ გქონდეს 17 წლის ასაკში. როგორც კი კონცეფცია განვსაზღვრე, როგორც ილუსტრატორმა ლოგო მაშინვე დავხატე – სოციალური საწარმო „ულევი“ ცხოვრების ხალისისთვის. ლოგოში ლ-ს და ე-ს კომბინაცია გულს ქმნის, ანუ გული უბერებელია.
სოციალურ საწარმოდ დარეგისტრირების შემდეგ მარტყოფში ბევრი მსურველი მივიღეთ, თუმცა სახელოსნოში ადამიანების მოზიდვა თავიდან მარტივი არ იყო. იქ თვალნათლივ დავინახე, რომ ვცხოვრობთ ისეთ საზოგადოებაში, სადაც სიბერე ადრეულ ასაკში დგება – 45 წლის ადამიანიც შეიძლება გეუბნებოდეს, რაღა დროს ჩემი გართობააო. შოკში ვვარდებოდი, როცა სახელოსნოში მოსაპატიჟებლად კარდაკარ სიარულისას ასეთი პასუხები მესმოდა.
სახელოსნოში თავდაპირველად უფასო ვორქშოპებს ვატარებდით, რათა ადგილობრივები დარწმუნებულიყვნენ, როგორი თერაპიულია კერამიკაზე მუშაობის პროცესი, რამდენად მნიშვნელოვანია ახალი ადამიანების გაცნობა, ოჯახურ გარემოში საკუთარი ხელით სუვენირის დამზადება. ამის შემდეგ ვორქშოპები ბავშვებისთვისაც დავიწყეთ. დაიბადა ფესტივალების ჩატარების სურვილიც.
ერთხელ, ერთ-ერთ ვორქშოპზე გვესტუმრა უსინათლო ბიჭი, რომელიც აღმოჩნდა, რომ კომპიუტერში ელექტრონულ მუსიკას ქმნიდა. იქიდან გამომდინარე, რომ უკვე 14 წელია, რაც უსინათლოთა სკოლაში ვასწავლი ხელოვნებას და კარგად მესმოდა შეხებითი შეგრძნებების მნიშვნელობა, გაჩნდა იდეა, გაგვეხსნა ერთობლივი ინკლუზიური ხმის ჩამწერი სტუდია, ტაქტილურად აღგვენიშნა კლავიშები, რათა ისინი გონებაში ფუნქციურად ყოფილიყო აღსაქმელი. ჩემი მეგობრების და ამ მარტყოფელი დიჯეის იდეები ისე კარგად შეკავშირდა, რომ დავაფუძნეთ „ულევი ფესტივალი“, რომლის ფარგლებშიც მარტყოფში რამდენიმე კონცერტი უკვე ჩატარდა. გეპატიჟებით 21-22 ივნისსაც – დღის პირველ ნახევარში სხვადასხვა ასაკობრივი ჯგუფისთვის კერამიკის ვორქშოპებს ჩავატარებთ, საღამოს კი მუსიკის მოსმენით ვისიამოვნებთ, შეძენილი აპარატურით უკვე ბენდების მასპინძლობაც შეგვიძლია.
მინდა აღვნიშნო ისიც, რომ ვცდილობთ, მარტყოფელები სახელოვნებო სფეროს წარმომადგენლებსაც შევახვედროთ, მაგალითად, ქართველ რეჟისორებს, რომლებიც გარდა იმისა, რომ საკუთარ საავტორო ნამუშევრებს წარადგენენ, ნამუშევრების შესახებ დისკუსიებშიც ჩაებმებიან.
რაც შეეხება ჩვენს სოციალურ საწარმოში შექმნილი ნაკეთობების რეალიზაციას, ისინი, ჯერჯერობით, არ იყიდება, რადგან ჯერ არ მიგვიღწევია ისეთი მაღალი ხარისხისთვის, რომ კომერციალიზაციის ეტაპზე გადავიდეთ. მომხმარებელმა იმიტომ კი არ უნდა იყიდოს ჩვენი ნაწარმი, რომ ის ხანდაზმულმა გააკეთა, რაც პოზიტიური დისკრიმინაცია გამოდის – თითქოს ფინანსურად ეხმარები და თან ღირსებას არ ულახავ, არამედ იმიტომ, რომ ძალიან მოეწონა, განსაკუთრებით ხარისხიდან გამომდინარე. როცა ეს ორი კომპონენტი – ხარისხი და რეალიზაცია გაერთიანდება, ჩვენი პროდუქცია სოციალური კონცეფციის მაღაზია/შოურუმში „ესკი“ განთავსდება და რა თქმა უნდა, ონლაინაც გაიყიდება.