ფრაქცია “ნაციონალური მოძრაობის” თავმჯოდმარე რომან გოცირიძე გუშინ გავრცელებულ ფარულ ჩანაწერებს ეხმაურება და ამბობს თუ უმრავლესობის დეპუტატები არიან გულუბრყვილოები, არ იციან, რომ დანაშაულის დაფარვაში მონაწილეობდნენ, შეიძლება მათ ვუწოდოთ ლეღვის ფოთლები; გადაეფარნენ სასირცხვილოს და უმსგავსოს, – აცხადებს გოცირიძე ფარულ ჩანაწერებზე, სადაც სავარაუდოდ, მირზა სუბელიანი, დეპუტატი ვიქტორ ჯაფარიძე და დევნილთა სამინისტროს ყოფილი თანამშრომელი ფიგურირებენ.
ჩამოყალიბებულია დანაშაულებრივი რეჟიმი, რომელშიც ქვეყნის ხელისუფლების ყველა შტო მონაწილეობს, განაცხადა რომან გოცირიძემ.
„ძალიან ძნელია მორალურად და ფსიქოლოგიურად და არც სამუშაო განწყობა მაქვს მე პირადად იმ შოკისმომგვრელი ჩანაწერების მერე, რაც ჩვენ დავინახეთ. ჩვენ ვხედავთ, რომ ჩამოყალიბებულია დანაშაულებრივი რეჟიმი, რომელშიც მონაწილეობს ქვეყნის ხელისუფლების ყველა შტო. საუბარია პროკურატურის და პროკურორების დანაშაულზე, საუბარია მინისტრებზე და გვარები იყო მოხსენიებული, მათ შორის სოზარ სუბარი, ძალიან სიამაყით როხროხით საუბარი რომ უყვარს. ის ეჭვები, რაც გვქონდა, დადასტურდა.
რაც ყველაზე საგანგაშოა, ჩვენი პარლამენტის წევრები, რომლებიც იყვნენ დროებით საგამოძიებო კომისიაში, აღმოჩნდნენ დანაშაულის მონაწილეები, ან დანაშაულების ხელის დამფარებლები. თურმე მთელი ეს გამოძიება ყოფილა ერთი სცენარით დაწერილი და ის პიროვნება {მირზა სუბელიანი} უკმაყოფილებას გამოთქვამდა, რომ ვერ მოხდა მისი დაცვა. ასევე ახსენებს რამდენიმე დეპუტატის გვარს. თუ ჩვენი დეპუტატები არიან გულუბრყვილოები და არ იციან დანაშაულის დაფარვაში რომ მონაწილეობდნენ, შეიძლება მათ ვუწოდოთ ლეღვის ფოთლები, რომლებიც გადაეფარნენ სასირცხვილოს და უმსგავსოს. მაგრამ მე არა მგონია, რომ მხოლოდ ამაში იყოს საქმე. თავად ამ ფაქტს ვერ უარვყობთ, რომ ვიღაცებს ისინი შირმად ეფარებოდნენ და მთელი ამ კომისიის მუშაობის პერიოდში ამტკიცებდნენ, რომ სწორედ ის ვერსია იყო ნამდვილი, რასაც ჩვენ ხელისუფლება გვთავაზობდა. დღეს აბსოლუტურად სხვა ინფორმაციის მატარებლები ვართ. ყველა ეჭვი, რაც კი არსებობდა – მერაბიშვილის საკნიდან გაყვანა, მოზარდების მკვლელობა, ინფორმაციისა თუ ჩვენებების ძალადობრივი თუ წამების გზით გამოძალვა, არაფორმალური შეიარაღებული რაზმების არსებობა, ბიზნესისა თუ სხვა საკითხებში წილების გადანაწილება თუ სხვა რამ, ხელისუფლების გარეთ მდგომი პირების მონაწილეობა დადასტურდა. ჩვენ უნდა ვიმსჯელოთ სერიოზულად როგორც აღმასრულებელი ხელისუფლების, ასევე პროკურატურის და პარლამენტის როლზე, რომელიც ამ ჩანაწერის შემდეგ შეიძლება დადგეს ყველა ამ დანაშაულში და თითოეული იმ ადამიანის პასუხისმგებლობაზე, ესენი იქნებიან მინისტრები თუ ჩვენი კოლეგები,“ – განაცხადა გოცირიძემ.
შეგახსენებთ, რომ „რუსთავი 2“-მა გუშინ სავარაუდოდ ხორავას ქუჩაზე მოკლული მოზარდების საქმეზე დანაშაულის შეუტყობინებლობის ბრალდებით დაკავებული მირზა სუბელიანის, დეპუტატ ვიქტორ ჯაფარიძის და დევნილთა სამინისტროს ყოფილი თანამშრომლის აუდიო ჩანაწერი გაავრცელა. ტელეკომანიის ინფორმაციით, ჩანაწერი გლდანის #8 სასჯელაღსრულების დაწესებულებაშია გაკეთებული და მასთან ერთად საკანში „ქართული ოცნების“ დეპუტატი მესტიიდან, ვიქტორ ჯაფარიძე და ლტოლვილთა სამინისტროს ყოფილი მაღალჩინოსანი, გენერალური ინსპექციის ყოფილი თანამშრომელი დათო ცუხიშვილი იმყოფება.
„რუსთავი 2“-ის ინფორმაცით, ჩანაწერების მიხედვით, სავარაუდოდ, მირზა სუბელიანი საუბრობს, რომ ის საკუთარი ნებით ჩაჯდა ციხეში და გაურიგდა ხელისუფლებას, მაგრამ სუბელიანი უკმაყოფილებას გამოთქვამს მმართველი გუნდის დამოკიდებულებით და ამბობს, რომ ხელისუფლება ჯეროვნად ვერ აფასებს მის ერთგულებას.