რატომ უშლის განქორწინების შემდგომ დაუსრულებელი პირადი ურთიერთობები ხელს ახალი ცხოვრების დაწყებას – “ფორტუნას” ფსიქოლოგი მაგდა ფერაძე ესაუბრა.
“ხშირია, როდესაც ადამიანს აქვს განქორწინებულის სტატუსი, ხოლო შინაგანად ისევ დაქორწინებულია ყოფილ პარტნიორზე. თუ არ დასრულდა ძველი ურთიერთობა, შესაბამისად ვერ დაიწყება ახალი, რაც ადამიანს მუდმივად ნევროტულ მდგომარეობაში ამყოფებს. ურთიერთობის დასრულებას ხელს უშლის ერთი პარტნიორის მხრიდან მეორის დადანაშაულება. ასევე, ყოფილი პარტნიორის შეცოდება, იმის გამო რომ წყვილის ერთი წევრი ტრამვირებულია განქორწინების შედეგად. ყველაზე მნიშვნელოვანი სეპარაციაა, წყვილმა უნდა დაიწყოს ცალ-ცალკე ერთმანეთისგან სრულიად დამოუკიდებელი ცხოვრება, ზედმეტი ჩარევების გარეშე.
განქორწინების დროს ყოფილი პარტნიორები ხშირად მიმართავენ მანიპულაციას, მაგალითად ხდებიან “ავად”, მიმართავენ თვითგანადგურების მუქარას, ხდება შვილის ფაქტორით მანიპულაცია, რასაც მხოლოდ უარყოფითი შედეგის მოტანა შეუძლია. ბავშვი სწავლობს ასეთ ურთიერთობას, თავადაც სწავლობს მანიპულაციას. განქორწინების შემდგომ წერტილის დასმა უჭირთ, რადგან ამას მოჰყვება დიდი იმედგაცრუება, ადამიანი თავს მიტოვებულად და დამცირებულად გრძნობს, რამაც დეპრესიული ეპიზოდიც კი შეიძლება გამოიწვიოს. ასევე ხშირია დანაშაულის ან სირცხვილის განცდა, მარტოობის შიში.
დიდ როლს თამაშობს სოციუმი და გარემო, მხოლოდ იმის გამო რომ სოციუმმა არ შეაფასოს უარყოფილ ქალად, ან კაცად, ადამიანი ცდილობს თავი მოაჩვენოს გარშემომყოფებს, რომ განქორწინების შემდგომ ყველაფერი კარგად აქვს. ეს ის შემთხვევებია, როდესაც ინარჩუნებენ მჭიდრო კავშირს ყოფილ პარტნიორთან და მისი ოჯახის წევრებთან.
თერაპიულ ჭრილში რომ განვიხილოთ, განქორწინების შემდგომ დაუსრულებელი ურთიერთობები ადამიანს ნევროტულ ფაზაში ამყოფებს. რადგან როცა არაა ურთიერთობა დასრულებული, ძველი ურთიერთობა გაჩხერილია შენს რეალობაში, რაც ხელს უშლის ახალი ურთიერთობის განვითარებას, ამ დროს გვეკარგება აწმყო.
განქორწინება მოითხოვს გლოვის პერიოდს, ინდივიდუალურია, დაახლოებით 6 თვე საჭიროა სრული გაცნობიერებისთვის. როდესაც ადამიანს ყოფილი პარტნიორი არ ადარდებს, არ აინტერესებს რითი სუნთქვას, რა სტკივა ან რა უხარია, როდესაც არ აწუხებს ბრაზი, რისხვა, როდესაც ყველანაირად უშვებს თავისი თავიდან, სწორედ ეს გულისხობს ურთიერთობის დასრულებას.
უნდა გააანალიზოთ, რომ განქორწინებაში დასვით წერტილი, სწორედ მაშინ შეგიძლიათ ახალი ურთიერთობის დაწყება, სადაც იქნება მხოლოდ ორი ადამიანი და არ ექნება ადგილი მესამის ჩარევას.
ურთიერთობაში ძალიან ხშირია, როდესაც ერთი ადამიანი მეორეს ყოფილ პარტნიორს ადარებს. შედარების პროცესი მტკივნეული და დამამცირებელი იქნება თქვენი ახალი პარტნიორისთვის. ამ დროს ახალ პარტნიორს უჩნდება პროტესტისა და უსამართლობის განცდა, რამაც შესაძლოა ურთიერთობა დააზარალოს. ურთიერთობის ერთ-ერთი მთავარი ღერძი ერთმანეთის პატივისცემაა, შედარების პროცესის დროს კი პატივისცემის უგულებელყოფა ხდება. ხშირად პარტნიორები ერთმანეთს არ უზიარებენ თუ რა სწყინთ ან რა არ მოსწონთ ურთიერთობაში, რაც უნდა გაითვალისწონოთ. ურთიერთობის და პიროვნების ხლეჩვაც სწორედ აქედან იწყება, რადგან ჩახშული, დათრგუნული და უარყოფითი ემოციები ტოქსიურ ზემოქმედებას ახდენენ ინდივიდზე. ურთიერთობაში მნიშვნელოვანია წყვილმა ისაუბროს გულწრფელად და მოხდეს ყველაფრის სახელდება”.