საქართველოსთვის რუსული ხორბალი გაძვირდა.
რუსეთმა ხორბლის ექსპორტზე საბაჟო გადასახადი 15 თებერვლიდან დააწესა. შედეგად, ერთი ტონა ხორბლის ექსპორტი 25 ევროთი იბეგრება.
უკვე 1-ლი მარტიდან კი, საბაჟო გადასახადი 50 ევრომდე გაიზარდა. ამასთან, დაწესებულია კვოტებიც. 17,5 მილიონი ტონა მარცვლეულის იმპორტია დაშვებული.
„ბიზნესკურიერი“ დაინტერესდა, რომელი ბაზრით ჩანაცვლდება რუსეთის ბაზარი, რომელი ბაზრებია ჩვენთვის ხელსაყრელი, შედარებით მომგებიანი და რამდენად შეიძლება იმპორტის დივერსიფიკაცია.
აღნიშნულ თემაზე, „ფორტუნას“ ეთერში, „საქართველოს ხორბლისა და ფქვილის მწარმოებელთა ასოციაციის” აღმასრულებელმა დირექტორმა, ლევან სილაგავამ ისაუბრა.
როგორც მან აღნიშნა, ბოლო წლებში ხორბლის იმპორტის 90% რუსეთიდან ხორციელდებოდა.
ამჯერად კი საქართველო ყაზახურ ბაზარზეა გადართული, ქვეყანაში ყაზახეთიდან ხორბალი უკვე შემოვიდა.
„ვუყურებთ უკრაინულ ბაზარს და რუმინულს, ეს არის რეგიონალურად ჩვენი შავი ზღისპირეთის მხარე.
სავარაუდოდ, მთლიანი ჩანაცვლება ვერ მოხდება იმიტომ, რომ ყაზახეთის და უკრაინის საექსპორტო პოტენციალი შედარებით ნაკლებია რუსეთს საექსპორტო პოტენციალზე.
შედარებისათვის, ყაზახეთის არის 7 მილიონი ტონა, რუსეთის 40 მილიონი ტონა.“
ხორბლის ფქვილის სუბსიდირების პროგრამის მიხედვით, 1-ლი თებერვლიდან 31 მარტის ჩათვლით რეალიზებულ პირველი ხარისხის ხორბლის ფქვილზე. მთავრობამ პურ-პროდუქტების წარმოებისთვის სუბსიდიის მოცულობა ერთ ტომარაზე 15 ლარით განსაზღვრა. აღნიშნული პროგრამა კი 1-ელ აპრილამდე მოქმედებს.
„ბიზნესკურიერის“ კითხვაზე რა იქნება ფასების მხრივ სუბსიდირების პროგრამის დასრულების შემდეგ, ლევან სილაგავა გვპასუხობს, რომ, სავარაუდოდ, სუბსიდირების პროგრამა გაგრძელდება.
„სავარაუდოდ, პურის სუბსიდირების პროგრამა გაგრძელდება იქედან გამომდინარე, რომ სამიზნე მაჩვენებელი, რომელიც პურის მწარმოებლებს აქვთ, რათა პური არ გაძვირდეს ეს არის 53 ლარი. დღეს თავისუფალ ბაზარზე არის 68 ლარი, შესაბამისად, თავისუფალ ბაზარზე უახლოეს მომავალში ვერ ჩამოვა 53 ლარზე. შესაბამისად, დასჭირდება სუბსიდირების გაგრძელება.
უკვე 20 მარტისკენ, როდესაც გარკვეულწილად ჩამოყალიბდება ტრენდი, როგორია საშუალო შეწონილი ფასი შემოტანილ ახალ ხორბლის ფასზე და ადგილზე ფასს შორის, საშუალო ფასიდან განისაზღვრება ის საბაზრო ფასი, რომელიც იქნება ბაზარზე და იმას გამოაკლდება 53 ლარი-სავარაუდოდ, ეს იქნება სუბსიდირებული ფასის ოდენობა. რა თქმა უნდა, თუ მთავრობა გადაწყვეტს, რომ პურის ფასი შენარჩუნებულ იქნას.“
ლევან სილაგავა აღნიშნავს, რომ ზაფხულისთვის უფრო სტაბილურ ვითარებას ელიან.
“1-ელი ივნისიდან ახალი მოსავალი მოდის რუსეთში, უკრაინაში, ევროკავშირში და რეგიონალურ ქვეყნებში. ზოგადად, ამ პერიოდში ყოველთვის არის მოლოდინი დადებით-დამაბალანსებელი ფაქტორის, მთლიანად მოსავალი აწვება ხოლმე რაოდენობით შესანახ მეურნეობებს, შემდეგ გარდამავალი მარაგების გამოყრა ხდება, რომელიც შენახული აქვთ ქვეყნებს ყოველწლიურად და შესაბამისად, ამ პერიოდში, ტრადიციულად, ან ქვემოთ მოდის ფასი ან სტაბილიზაციას განიცდის. ამასთან, საქართველოშიც მოდის ხორბალი, ეს არ არის დიდი რაოდენობა, მოხმარების 10%-ია თუმცა, ესეც დამაბალანსებელი ფაქტორია. ვფიქრობთ, უკვე ახალი მოსავლის მოლოდინის რეჟიმში, მაისის თვიდან, ფაქტობრივად, სტაბილიზაცია უნდა მოხდეს ფასების და აღარ დაგვჭირდება ან შეიძლება სულ მცირე სუბსიდია დაგვჭირდეს,“-განაცხადა ლევან სილაგავამ „ფორტუნას“ ეთერში.