უცხო ქვეყნის მოქალაქეებზე სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწების გასხვისებასთან დაკავშირებით საპარლამენტო უმრავლესობოს წევრი და ამავდროულად საკონსტიტუციო კომისიის წევრი მანანა კობახოძე აცხადებს, რომ კონსტიტუციაში ამ საკითხთან დაკავშირებით გარკვეული რეგულაციების ჩაწერა საჭიროა. მისი თქმით, უკონტროლოდ და ყოველგვარი რეგულაციების გარეშე მიწების გასხვისება უცხოელებზე საფრთხის შემცველია, თუმცა, როგორ უნდა მოხდეს ამის კონსტიტუციაში გაწერა, შეჯერება უნდა მოხდეს.
“მიწის გაყიდვა ანექსიას არ ნიშნავს”
განსხვავებულად ფიქრობს “ევროპული საქართველოსთვის”ერთ-ერთი ლიდერი ოთარ კახიძე, ის უცხოელებზე მიწების მიყიდვის აკრძალვის წინააღმდეგია.
“თავის დროზე უცხოელებზე მიწის მიყიდვის აკრძალვამ ქვეყნის ეკონომიკა და ლარის კურსი მნიშვნელოვნად დააზარალა. ყველა ამგვარი ნაბიჯი ინვესტორების დაფრთხობას ემსახურება. მიწის გაყიდვა არ ნიშნვას მიწის ოკუპაციას და ანექსიას. ინვესტორი ვალდებულია, დაამუშავოს მიწა, მოიყვანოს პროდუქტი. ეს პროდუქტი უნდა გახდეს ქვეყნის ეკონომიკის ნაწილი. შემოვიდეს ინვესტიცია და დაეხმაროს ეს ეკონომიკას. იმის მოტივით, რომ ვინმე მოიკიდებს და წაიღებს ამ მიწას, არ შეიძლება საპარლამენტო უმრავლესობა მოედებდეს”,- განაცხადა ოთარ კახიძემ.
———
მიწის გასხვისებაზე რეგულაციებს ემხრობა კონსტიტუციონალოსტი ვახუშტი მენაბდე. მისი თქმით შესაძლოა დაწესდეს მიწის გასხვისებაზე რეგულაცია, თუმცა ეს საქართველოს და უცხო ქვეყნის მოქალაქეებისთვის ერთნაირი უნდა იყოს და არ უნდა იყოს დისკრიმინაციული.
ქეთი გიგოლაშვილი