LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

უნდა გვესმოდეს, რა ხდება – გავიაზროთ და მოვემზადოთ ყველა შესაძლო შემთხვევისთვის, არ უნდა ველოდოთ რას დაგვახვედრებს მომავალი: პრეზიდენტი

101
სალომე ზურაბიშვილი

“უნდა გვესმოდეს, რა ხდება – გავიაზროთ და მოვემზადოთ ყველა შესაძლო შემთხვევისთვის და არა პასიურად ვისხდეთ და ველოდოთ, მომავალი რას დაგვახვედრებს, ეს არის ჩვენი, ყველა აქ მჯდომის ვალდებულება ქვეყნის წინაშე”, – ასე მიმართა ქვეყნის პრეზიდენტმა პარლამენტის წევრებს სიტყვით გამოსვლის დროს.

სალომე ზურაბიშვილმა იმ გამოწვევებზე ისაუბრა, რომელიც უკრაინის კრიზისის ფონზე მსოფლიოსთვის და საქართველოსთვის კიდევ უფრო ნათელი გახდა.

მან საკანონმდებლო ორგანოში შეკრებილ პოლიტიკოსებს მიმართა და აღნიშნა, რომ ისინი ივიწყებენ მთავარს – რომ ძალა ერთობაშია და აღნიშნა, რომ ახლა საზოგადოება პოლიტიკოსებზე მეტად ფხიზელი და ერთიანია:

“არა მხოლოდ უკრაინას, არამედ მთელს მსოფლიოს უმძიმესი დღეები უდგას, თუმცა უკრაინის ბრძოლა ჯერ გამარჯვებული თუ არა უკვე წარმატებულია, რამეთუ ამ მოვლენებმა მსოფლიოს თვალი გაახელინა და გამოაღვიძა, უდაოდ, უკრაინის დამსახურებაა უპრეცედენტო საერთაშორისო სოლიდარობა და ამ სოლიდარობაში ერთიანობა, უდავოდ უკრაინის დამსახურებაა ევროკავშირის არნახული ერთსულოვნება და სიმტკიცე, ამერიკისა და ევროპის ერთობლივი მოქმედებები, მისი დამსახურებაა დღეს უკვე იზოლირებული და ხვალ კი დასუსტებული რუსეთი.

დღეს ყველასთვის, და მათ შორის საქართველოსთვის, გარდამტეხი მომენტია, რამეთუ ვდგავართ დიდი გამოწვევების წინაშე, რომლებიც ხვალ შესაძლოა კიდევ უფრო მწვავე გახდეს, თუმცა ამავდროულად როგორც ისტორიას სჩვევია – გამოწვევებთან ერად კრიზისებს და ომებს ახალი შესაძლებლობები მოაქვთ, ახალი გზები იხსნება, ამ ახალ გზაზე საქართველომ სწორედ ახლა თავისი ადგილი უნდა დაიმკვიდროს.

უნდა გვესმოდეს, რა ხდება – გავიაზროთ და მოვემზადოთ ყველა შესაძლო შემთხვევისთვის და არა პასიურად ვისხდეთ და ველოდოთ, მომავალი რას დაგვახვედრებს, ეს არის ჩვენი, ყველა აქ მჯდომის ვალდებულება ქვეყნის წინაშე.

დრო აღარ ითმენს, თუ ახალ მოვლენებს, საფრთხეებს და ახალ შესაძლებლობებს მზადყოფნაში არ დავხვდებით, ეს დრო აღარ დაბრუნდება.
ამიტომ ასეთ გადამწყვეტ ეტაპზე არ მესმის და ვერ შევეგუები იმას, რომ დღეს ამ გზაგასაყარზე, კინკლაობის, ქიშპობის, მტრობის დამღუპველი დაპირისპირებისა და პოლარიზაციის დასრულების მაგივრად, თქვენ აქ შეკრებილები ივიწყებთ იმას, რაც ჩვენს გერბზეა ასახული – ძალა ერთობაშია, საზოგადოება კი თქვენზე ბევრად ფხიზელი, შეგნებული, მამაცი და რაც მთავარია, ერთიანია”, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

შეგახსენებთ დღეს საკანონმდებლო ორგანოში პრეზიდენტის ყოველწლიურ ანგარიშს ისმენენ.

სალომე ზურაბიშვილი პარლამენტის დარბაზში უკრაინის დროებით რწმუნებულთან ერთად შევიდა

mazda magti 5g