პოლიტიკური პარტია “ცენტრისტები” რეგისტრაციიდან უნდა მოიხსნას, ამის შესახებ “სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოების” ხელმძღვანელმა, მიხეილ ბენიძემ, რადიო “ფორტუნას” პირდაპირ ეთერში განაცხადა. მისი განმარტებით, საჯარო რეესტრის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, “ცენტრისტებს” არ ჰყავთ ხელმძღვანელობაზე პასუხისმგებელი პირი, რის გამოც ცესკოს საერთოდ არ უნდა დაერეგისტრირებინა პარტია. გარდა ამისა, როგორც ბენიძე ამბობს, პარტიის საარჩევნო კლიპი მოიცავს ამომრჩევლის მოსყიდვის ნიშნებს, რაც ასევე ქმნის “ცენტრისტებისათვის” რეგისტრაციის გაუქმების საფუძველს.
“სააპელაციო სასამართლოში შევიტანეთ სარჩელი, რომელიც “ცენტრისტების” მიერ ამომრჩევლის მოსყიდვას ეხება, კერძოდ, ეს არის დაპირება 400 ლარიან რუსულ პენსიასთან დაკავშირებით. საარჩევნო კლიპში ამომრჩეველს მოუწოდებენ, რომ ვინც დარეგისტრირდება მათ ოფისში და დადებს ხელშეკრულებებს, მხოლოდ ისინი მიიღებენ რუსულ პენსიას. ეს არის ამომრჩევლის მოსყიდვა, ვინაიდან პენსია და საპენსიო პოლიტიკა ყველას უნდა ეხებოდეს, ეს უნდა იყოს საყოველთაო საარჩევნო პროგრამა. გარდა ამისა, საინტერესოა საიდან ფინანსდება პარტია, როგორც თავად წევრები ამბობენ, პენსიისათვის ანაზღაურებას რუსეთი გამოყოფს, რაც ასევე ეწინააღმდეგება კანონმდებლობას” – განაცხადა მიხეილ ბენიძემ.
ამას გარდა, არასამთავრობო ორგანიზაციამ სარჩელით ცენტრალურ საარჩევნო კომისიასაც მიმართა, რაც “ცენტრისტების” საარჩევნო კლიპს ეხება, სადაც მიხეილ ბენიძის შეფასებით, აგიტაციის წესების დარღვევა ფიქსირდება, ვინაიდან არის მოწოდება რუსული ბაზების დაკანონებაზე. როგორც ბენიძე ამბობს, ეს ეწინააღმდეგება საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობასა და სუვერენიტეტს.
პარტია ”ცენტრისტები” ამომრჩეველს 400-ლარიან რუსულ პენსიას, საქართველოში რუსული ჯარის დაკანონებასა და რუსეთთან ორმაგ მოქალაქეობას ჰპირდება. აღნიშნული საარჩევნო კლიპი ”საზოგადოებრივი მაუწყებლის” ეთერში გავიდა.