ნუკი კოშკელიშვილი ჟურნალ „თბილისელებთან“ ორსულობაზე საუბრობს და ამბობს, რომ ამ პერიოდს კარგად იყენებს მეუღლის ოჯახურ საქმიანობაში ჩასართავად.
„ბენს ვიყენებ, რაც ძალი და ღონე მაქვს, ვერც წარმოიდგენთ, რა დღეში მყავს (იცინის). რაღაც რომ არც მტკიოდეს, მასთან მაინც ვწუწუნებ. საჭმელსაც მას ვაკეთებინებ და ჭურჭელსაც მას ვარეცხინებ, ვიტყუები, რომ გული მერევა. არადა, არც საჭმლის გაკეთებაზე და არც ჭურჭლის რეცხვაზე არ მერევა (იცინის). ჩვეულებრივი უზურპატორი გავხდი და იმედი მაქვს, ამ სიტყვებს ბენის არავინ გადაუთარგმნის, როგორ ვიყენებ ჩემს ორსულობას ბენის წინააღმდეგ. როგორ და რაშიც კი შეიძლება, ადამიანი გამოიყენო, ისე ვიყენებ ახლა ბენის, მომეცა ამის საშუალება. ისიც არ წუწუნებს, სიამოვნებით ასრულებს ჩემს დავალებებს და მეც ვაქებ.
უნდა ნახოთ, რა სიხარულით ალაგებს სახლს და როგორ ათუხთუხებს საჭმელებს. არ მეკუთვნის? ცხრა თვე დამასვენონ (იცინის). ზოგადად, ძალიან ემოციური ვარ, გულჩუყია, მაგრამ ამ ორსულობის პერიოდში ზედოზირება მომდის – ყველაფერზე მიჩუყდება გული და პატარა ბავშვივით ვტირი“.