LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

უნდა რეგულირდებოდეს თუ არა ონლაინ-სესხების ბიზნესი?

116

ონლაინ სესხების კომპანიების რეგულირების საკითხში სახელმწიფოს ჩარევა არასწორია და ამ ტიპის სესხის საპროცენტო განაკვეთი სახელმწიფოს მიერ არ უნდა რეგულირდებოდეს. ამის შესახებ ”ფორტუნასთან” ”შავი ზღვის მცირე ბიზნესის ასოციაციის” პრეზიდენტმა დავით ქადაგიშვილმა განუცხადა.

მისი თქმით, ეროვნული ბანკი აკონტროლებს ბანკებს და მიკროსაფინანსო ორგანიზაციებს, რაც სწორია, თუმცა ონლაინ სესხების რეგულირება მიუღებელია, რადგან ისინი კერძო მევახშეები არიან და მათი გადასაწვეტია, რამდენ პროცენტში გაასესხებენ ფულს.

”თუკი მომხმარებელი ხელშეკრულებას კითხულობს და ხედავს, რომ სესხის აღების შემდეგ მას 1 000 პროცენტის გადახდა მოუწევს, უბრალოდ არ უნდა აიღოს ეს სესხი და სხვა გზა უნდა მონახოს. ხოლო თუ მოაწერს ხელს ამ ხელშეკრულებას, შემდეგ ამას დაარღვევს და იტყვის, რომ არ გადაიხდის დავალიანებას, რადგან დიდი პროცენტი იყო, ეს გამართლება არ არის”, – განმარტავს დავით ქადაგიშვილი.

მისივე თქმით, არასწორი იქნება, თუ სახელმწიფო კომპანიებს საპროცენტო განაკვეთის ზედა ზღვარს დაუწესებს, რადგან ეს კერძო ბიზნესია, რომელიც მეტ მოგებაზეა ორიენტირებული და ამაში ჩარევა არ შეიძლება.

”ონლაინ სესხებს სამოქალაქო კოდექსი არეგულირებს და ისინი არც საბანკო სისტემას ექვემდებარებიან და არც მიკროსაფინანსოების სისტემას. ჩვეულებრივი შპს-ები არიან, რომლებიც ფულს გაასესხებენ და ამაში ეროვნული ბანკის ჩარევა არ შეიძლება. არც ერთ ქვეყანაში არ ხდება სახელმწიფოს მხრიდან მათ საქმიანობაში ჩარევა და ჩვენთანაც არ უნდა მოხდეს, რადგან ამით ეს ბიზნესი გაჩერდება”, – აცხადებს დავით ქადაგიშვილი.

მისივე განმარტებით, ბოლო პერიოდში გაკეთებული განცხადებები იმასთან დაკავშირებით, რომ ონლაინ სესხების სფერო უნდა დარეგულირდეს, პოპულისტურია და საზოგადოების გულის მოგებაზეა ორიენტირებული.

ქადაგიშვილი მიიჩნევს, რომ ერთადერთი რეგულაცია, რომელიც შეიძლება ამ სფეროს დაუწესდეს არის ის, რომ შეწყდეს აღსრულების ეროვნული ბიუროს სახელით მუქარები

შეგახსენებთ, რომ ეროვნულმა ბანკმა უახლოეს მომავალში შესაძლოა, ონლაინ სესხების სფეროს რეგულაციები შეიმუშაოს. როგორც ეკონომიკისა და მდგრადი განვიტარების მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა განაცხადა, რეგულაციები, ამ მიმართულებით, უნდა არსებობდეს.

ონლაინ საკრედიტო ორგანიზაციების რეგულაციების მოთხოვნით, კამპანიას იწყებს “ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაცია – აფბაც”. ასოციაციის პოზიციით, ონლაინ საკრედიტო ორგანიზაციების საქმიანობის შინაარსი, ფორმები და მასშტაბები, შესაძლოა, სოციალური აფეთქების წინაპირობა გახდეს.

”აფბას” განმარტებით, ონლაინ საკრედიტო ორგანიზაციების საქმიანობის მასშტაბურობას განაპირობებს ქვეყანაში არსებული მძიმე სოციალური ფონი, მომხმარებლის გათვითცნობიერებულობის დაბალი დონე და ამ კომპანიების აგრესიული მარკეტინგული კამპანია.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g