“მედიკამენტები იმდენად მაღალი ტექნოლოგიის პროდუქტია, რომ თვითონ ძვირი ღირს. მინდა გითხრათ, რომ დასავლეთში მედიკამენტები კიდევ უფრო ძვირი ღირს, ვიდრე ჩვენთან, მაგრამ ხალხი ამას ვერ ამჩნევს, ვინაიდან ყველა დაზღვეულია.” – განაცხადა “პროგრესი და თავისუფლების” წევრმა, კახა ოქრიაშვილმა და აღნიშნა, რომ უნდა შეიქმნას საყოველთაო, სავალდებულო სადაზღვევო პროგრამა, რომლითაც ყველა ადამიანი იქნება დაზღვეული და მედიკამენტებით უზრუნველყოფილი.
ოქრიაშვილმა ამის შესახებ “მთავარი არხის” ეთერში, საქართველოში არსებული ეკონომიკური ვითარების შეფასების დროს ისაუბრა.
მისი თქმმით, ქვეყნის მომავალი სწორედ სადაზღვევო სისტემის მოწესრიგებაშია:
“მედიკამენტების ფასი აწუხებს ყველას. პირველადი მოხმარების საკვები პროდუქტები და მედიკამენტები არის ის მთავარი პრობლემა, რაც ჩვენს ქვეყანაშია. მედიკამენტები იმდენად მაღალი ტექნოლოგიის პროდუქტია, რომ თვითონ ძვირი ღირს. მინდა, გითხრათ, რომ დასავლეთში მედიკამენტები კიდევ უფრო ძვირი ღირს, ვიდრე ჩვენთან, მაგრამ ხალხი ამას ვერ ამჩნევს, ვინაიდან ყველა დაზღვეულია.
ჩვენი მომავალია დაზღვევა. უნდა გამოვიდეთ იმ ვითარებიდან, რაშიც ვართ და უნდა შეიქმნას საყოველთაო, სავალდებულო სადაზღვევო პროგრამა, როცა ყველა ადამიანი იქნება დაზღვეული და მათ შორის უზრუნველყოფილი ყველა მედიკამენტით. ადამიანი 20-ლარიან მედიკამენტში, პირობითად, გადაიხდის 4 ან 5 ლარს. ეს არის გზა, რომ ჯანდაცვასა და მედიკამენტებზე ხელმისაწვდომობა გავზრდოთ.” – თქვა ოქრიაშვილმა.
მისივე განმარტებით, იმისათვის, რომ სახელმწიფოსა და კერძო სადაზღვევო სტრუქტურებს მედიკამენტები ძვირი არ დაუჯდეთ და ვინმემ არ თქვას, ამით ფარმაცევტები გამდიდრდებიანო – აღნიშნული პროგრამისთვის მედიკამენტებისა და სამედიცინო მომსახურების შესყიდვა აუცილებლად ელექტრონული ტენდერით უნდა მოხდეს.